ზაფხულის ტესტ მატჩებში ბორჯღალოსნებს 9 მორაგბე ვერ დაეხმარება.საქართველოს რაგბის კავშირის მთავარი ექიმი და ბორჯღალოსნების ექიმი პაპუნა კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რეაბილიტაციის პროცესის გამო მომავალ ტესტ მატჩებში 9 მორგაბე, ლუკა ჯაფარიძე, ლაშა ჯაიანი,გიორგი მამაიაშვილი, ბექა გორგაძე, გელა აფრასიძე, გიორგი შველიძე, ბექა შვანგირაძე, სერგი აბრამიშვილი და დავით ლაგვილავა, მონაწილეობას ვერ მიიღებს:
„ზაფხულში 9 მოთამაშე დაგვაკლდება. მათ უმრავლესობას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და სარეაბილიტაციო პროცესს გადის. ლუკა ჯაფარიძემ მარჯვენა ფეხის კოჭზე ოპერაცია 2 აპრილს გაიკეთა და მისი სარეაბილიტაციო პერიოდი 4-5 თვის ვადით გაიწერა.
მუხლის სახსრის პრობლემები ქონდა ლაშა ჯაიანს, რასაც თან ერთვოდა მცირე მოტეხილობა. ხრტილის გადანერგვის ოპერაცია 20 მაისს შესრულდა და კლუბის მხრიდან სარეაბილიტაციო პერიოდი 12 კვირით გაიწერა, თუმცა მოტეხილობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს.
კისრის ტრავმა აქვს გიორგი მამაიაშვილს. მას თიაქარი ქონდა, ქირურგიული ჩარევა 25 მაისს შესრულდა და რეაბილიტაციას 4-5 თვე დაჭირდება.
ბექა გორგაძეს მუხლის სახსრის ტრავმა ჰქონდა, ოპერაცია 16 ივნისს გაკეთდა და რეაბილიტაცია 6 კვირა გაგრძელდება.
კოჭის სახსრის ქრონიკული ტრავმა ჰქონდა გელა აფრასიძეს. მას ხრტილის გადანერგვა ესაჭიროებოდა, ოპერაცია 17 ივნისს შესრულდა და სარეაბილიტაციო პერიოდი 6 კვირის ვადით განისაზღვრა.
საზარდულის ტრავმა აწუხებდა გიორგი შველიძეს. ოპერაცია 13 ივნისს გაიკეთა და სარეაბილიტაციო პერიოდი 12 კვირის ვადით განისაზღვრა.
ბექა შვანგირაძეს წვივის ძვლის გარშემო რბილი ქსოვილის მესამე ხარისხის დაზიანება ქონდა. მას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია, სარეაბილიტაციო პერიოდი 17 მაისიდან დაიწყო და 12 კვირას გასტანს“.
სერგი აბრამიშვილს თავის ტვინის შერყევები მოუმრავლდა. ბოლო ტვინის შერყევა სანაკრებო შეკრების დაწყებამდე კლუბში მიიღო და რადგან ამ კუთხით საკმაოდ დატვირთული სამედიცინო ისტორია აქვს, ზაფხულის ტესტებზე ხელმისაწვდომი არ იქნება.
დავით ლაგვილავა ახალგაზრდულ ნაკრებში იყო და ეროვნულშიც მოიაზრებოდა. სამწუხაროდ, მან ახალგაზრდულის შეკრებაზე მხრის ტრავმა მიიღო, სახსარი დაიზიანა და სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. გამომდინარე იქიდან, რომ მან ახლახანს გააფორმა კონტრაქტი ‘პერპინიანთან’, რაგბის კავშირსა და კლუბს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ სად ჩაუტარდება ოპერაცია და სად გაივლის სარეაბილიტაციო პერიოდს - საქართველოში თუ საფრანგეთში," - განაცხადა პაპუნა კუპრაშვილმა.
შეგახსენებთ, ბორჯღალოსნები ზაფხულის პირველ ტესტ მატჩს 5 ივლისს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ირლანდიასთან გამართავენ, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ირლანდიის ნაკრები საქართველოში პირველად ჩამოდის, რის შემდეგაც გუნდი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და 12 ივლისს ადგილობრივ ფრენჩაიზს "ჩიტასს", 19 ივლისს კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას შეერკინება.









