მთელი ერი ზეიმობს. ამ გამარჯვებამ მთელ საქართველოს ყველა პრობლემა დაავიწყა და ყველა ერთ ჭერქვეშ გააერთინა, რაც საქართველოს ნაკრების ევრო2024-ზე გასვლას ემსახურება. დილით რომ ვიღვიძებთ, გვახსენდება, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებმა მოიგო, შევდივართ სოციალურ ქსელებში და გვხვდება კადრები, თუ როგორი ბედნიერები არიან ფეხბურთელები, მწვრთელები, გულშემატკივრები - ბედნიერია მთელი საქართველო.
ფეხბურთი ერის გამაერთიანებელია. ფეხბურთს რომ შეუძლია ქვეყანას პოპულარობა და ცნობადობა გაუზარდოს, ისე არცერთ სფეროს და ეს ბევრჯერ დამტკიცდა. ევროპის ჩემპიონატზე რომ გავალთ, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით. ალბათ, ფინალში საბერძნეთს რომ მოვუგოთ, მთელი საქართველო გარეთ გამოვა, იქნება მანქანის კოლონები, ზეიმი, რაც ჩვენს ქვეყანაში 1981 წლის შემდეგ არ ყოფილა.

ლუქსემბურგთან მატჩის წინ დიდი აჟიოტაჟი იყო შექმნილი და გამარჯვების გარდა სხვა შედეგი არც კი განიხილებოდა. ფეხბურთელებს თავიდანვე ეტყობოდათ, რა დონის და მნიშვნელობის თამაშთან ჰქონდათ საქმე და ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძოდნენ.
მოედანზე ვიხილეთ მებრძოლი კაშია, დამაჯერებელი მამარდა, უმაღლესი კლასის მქონე ჩაკვე და ბუდუ, რომელმაც ფორვარდული თვისებები გამოავლინა და დუბლით ჩვენი ნაკრები ფინალში გაიყვანა.
გიორგი ჩაკვეტაძემ უმაღლესი დონის მატჩი ჩაატარა, ეტყობოდა, რომ ინგლისში ფიზიკურად საკმაოდ მოძლიერდა და სისწრაფეებიც დაიბრუნა. რაც მთავარია, მძიმე თვეების შემდეგ, მიეცა ხალისი აკეთოს მაღალ დონეზე ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს. ამის დასტურად, მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებთან პირველი სწორედ ჩაკვეტაძე მივიდა.
ერთი კადრი რად ღირს იმის დასარწმუნებლად, თუ რა შემართება და ერთიანობაა ნაკრებში - მოედანზე შემოდის ჯაბა კანკავა, რომელიც ნაკრებში 3-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და გურამ კაშია მას მაშინვე კაპიტნის სამკლაურს უთმობს - ამით ყველაფერი ნათქვამია.
დიდი კრიტიკაა იმაზე, თუ რატომ არ იყო განაცხადში საბა საზონოვი, რატომ არ გამოიძახეს არაბიძე, აზაროვი და ა.შ. კრიტიკა უსაფუძვლო არ არის, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მთავარია საქართველოს ნაკრებმა დადოს შედეგი და გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე, სადამდეც ერთი ნაბიჯია. სანიოლმა ყველაზე კარგად იცის, ვინ უნდა იყოს მინდორზე, რადგან შედეგზე პასუხისმგებელი ის არის. შედეგი კი სახეზეა - ფინალში ვართ. ჩვენთვის მთავარი ერთია - გაიმარჯვოს საქართველომ.

გაყიდვის დაწყებიდან 10 საათში, ლუქსემბურგთან მატჩის ყველა ბილეთი გაიყიდა და ბევრმა თამაშზე წასვლა ვერ შეძლო, თუმცა ერი მაინც გაერთიანდა და თითქმის ყველა ქალაქის ცეტრალურ ქუჩებში დიდი ეკრანი იყო დამონტაჟებული, სადაც უამრავი ადგილობრივი გულშემატივარი შეიკრიბა. ასე რომ, ლუქსემბურგმა არა 55 ათასი, არამედ 3 მილიონი ადამიანის წინაშე ითამაშა. იგივე ელის საბერძნეთსაც.
კალაძე მარცხენა ფლანგზე, კანკავა, ჩაწოდება საჯარიმოში, მარცვალაძე, პასი უკან კობიაშვილი, დარტყმა, გოოოოლ! საქართველოს ნაკრებმა გაიტანა, 1:0! ხორვატებს გავუტანეთ! - 26 მარტი საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული თარიღია. 2011 წელს "დინამო არენაზე" ხორვატიის ნაკრები დავამარცხეთ. 13 წლის შემდეგ, ასევე 26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთს ვეთამაშებით და ეს თარიღი ქართული ფეხბურთის ისტორიის სიმბოლოდ უნდა ვაქციოთ...ფინალში ხვიჩა კვარაცხელიაც ითამაშებს!










