მატჩის გმირი ჩვენი ნაკრების მეკარე ლუკა ხარატიშვილი იყო, რომელმაც 2 ურთულესი პენალტი მოიგერია და ახალგაზრდული ნაკრების ისტორია თავის თანაგუნდელებთან ერთად დაწერა.
რა გზა გაიარა ხარატიშვილმა გმირობამდე? - მისი ისტორია დაახლოებით ჰგავს გიორგი მამარდაშვილის ისტორიას, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა.
ხარატიშვილი დინამო ბათუმის მეკარეა. საქმე იმაშია, რომ 21-წლამდელების ძირითადი მეკარე მიმდინარე სეზონში გუნდის მესამე მეკარე იყო, რაც საკმაოდ უცნაურ ფაქტად შეიძლება ჩავთვალოთ და ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. ახალი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის მისვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და ეს თავად მწვრთნელმაც დაგვიდასტურა, ჭიაბრიშვილს ბათუმში მისვლისთანავე ხარატიშვილთან პირადი საუბარი ჰქონდა და უთხრა, რომ სრულ ნდომას უცხადებდა. წინა მატჩებში ხარატიშვილი თამაშობდა, რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჭიაბრიშვილის პოზიცია არ შეცვლილა და შეცდომების მიუხედავად, ახალგაზრდა კიპერი კვლავ სასტარტო შემადგელობაში იყო.
"ხარატიშვილში ვხედავ და ვხედავდი პოტენციალს, რომ ის ძალიან კარგი მეკარე იქნება და სრული ნდობა გამოვუცხადე. ზოგადად, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელში პერსპექტივას ვხედავ, მას აუცილებლად ვაძლევ შანსს და მაქსიმალურად ვათამაშებ. თუ როგორ გამოიყენებს ამ შანსს, ეს უკვე მის მონდომებაზეა. ხარატიშვილს რამაზ სვანაძეც დიდ ნდობას უცხადებს, რაც კლუბისთვის სასიხარულო და მისასალმებელია", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა LaGazzetta.ge-სთან.
ახლა გეტყვით, რატომ შევადარეთ ხარატიშვილის კარიერა მამარდაშვილის გზას. 2020 წელს, როცა ჭიაბრიშვილი ლოკომოტივში მუშაობდა, გიორგი მამარდაშვილი რიგით მეკარედ ითვლებოდა. ჰქონდა უამრავი შეცდომა, ბევრი ხარვეზი, მაგრამ გამოცდილი სპეციალისტი მამარდას მაინც სულ სასტარტოში ათამაშებდა. საბოლოოდ, მამარდაშვილმა ლოკომოტივთან ერთად ევროტურნირებზე იფრინა, ვალენსიას მეკარე გახდა და დღეს მსოფლიოში გამორჩეულია.

"ლოკომიტივში მისვლამდე მქონდა თავში ჩაბეჭდილი, რომ მამარდაშვილი ჩემი გუნდის პირველი მეკარე უნდა ყოფილიყო, რადგან მასში პოტენციალს დიდი ხნის წინ ვხედავდი. შეიძლება იმ დროს ნაკლებად ივარაუდო, რომ ამ დონეზე ითამაშებს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იქნება, თუმცა ფაქტია, ყველაფრის მიუხედავად, მამარდამ იშრომა, შანსი გამოიყენა და დღეს სადაცაა, ვხედავთ", - თქვა ჭიაბრიშვილმა ჩვენთან საუბარში.
რახან ეს ორი ისტორია ერთმანეთს ჰგავს, ვიმედოვნოთ, რომ ხარატიშვილი თავისი შრომისმოყვარეობისა და მონდომების ხარჯზე, თავის კარიერას განივითარებს და მისი სახით საქართველოს კიდევ ერთი დიდი მეკარე ეყოლება.









