წარმატებით იასპარეზეს ქართველმა კუდოისტებმა ბულგარეთში გამართულ მსოფლიო თასზე. ქალაქ ბურგასში ჩატარებულ შეჯიბრებაში საქართველოდან 24-მა კუდოისტმა მიიღო მონაწილეობა და 18-მა მედალი მოიპოვა. საქართველოს კუდოს ნაკრებმა სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში ჯამში 8 ოქროს, 5 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური ჩათვლაში მე-2 ადგილი დაიკავა.
მსოფლიო თასზე 2 ქართული ფინალი ვიხილეთ, 13 წლამდელთა შორის (-37 კგ.) ფინალური დაპირისპირება მიშიკო კეზუასა და ილია ახალაიას შორის გაიმართა, გამარჯვებული კეზუა გახდა. 19 წლამდელთა შორის (-250) ფინალში გიორგი ხარატიშვილისა და ნიკოლოზ საბანაძის ბრძოლა შედგა, გამარჯვება ხარატიშვილმა იზეიმა.
სენსაციური გამარჯვება მოიპოვა 19 წამდელთა შორის თამუნა ნაზღაიძემ. -215 კატეგორიაში მოასპარეზე ქართველისთვის ბურგასის მსოფლიო თასი პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო კუდოში. თამუნამ ნახევარფინალში უძლიერეს იაპონელ მეტოქეს სძლია და საბოლოოდ მსოფლიო თასს დაეუფლა.
ოქროს მედლები -ვასილ დვალაძემ (უფროსები, -260), თორნიკე კურტანიძემ (U19, -230), გიორგი ხარატიშვილმა (U19, -250), საბა მაქაცარიამ (U19, +270), თამილა ნაზღაიძემ (U19, -215), ალექსი ჯიქიამ (U19, -270), გუკა ხუბუტიამ (U16, -48 კგ.) და მიშიკო კეზუამ (U13, -37 კგ.) მოიპოვეს.
ვერცხლის მედლის პრიზიერები -ლუკა ნასარიძე (უფროსები, -230), ნიკოლოზ საბანაძე (U19, -250), ლევან არახამია (U19, -220), ფინბექა თორია (U16, +68)და ილია ახალაია (U13, -37 კგ.) გახდნენ.
ბრინჯაოს მედლებს -გიორგი ჟვანია (უფროსები, -240); ლუკა აჩბა (U19, -240); დუტა გაბელია (U19, -260); საბა მარკელია (U16, -58 კგ.)და ანჟელა მომცელიძე (U16, -63) დაეუფლნენ.
კუდო - იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც ძიუდოს, კარატესა და ჭიდაობის ელემენტებს აერთიანებს.














