UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა. MMA-ს ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა ისაუბრა თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე, ისლამ მახაჩევთან ჩაშლილ ჩხუბზე, დონალდ ტრამპსა და სხვა საინტერესო თემებზე.
ჯასტინ გეიჯი, როგორც მეტოქე
"როდესაც გადავწყვიტე მსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლა, ხალხი ამბობდა, რომ ამისთვის ძალიან პატარა ვიყავი. რა მოხდა მერე? ოლივეირა გავთიშე. შემდეგ გამოცხადდა გეიჯისთან ჩხუბი და ყველა ამბობს, ჩემთვის ეს იქნება მარტივი ჩხუბი და მას აუცილებლად დავანოკაუტებ.
ამასობაში ავიწყდებათ, რომ ჯასტინი რთული მეტოქეა, დიდი გამოცდილებით, ვინც ერთ დღეს UFC-ის დიდების დარბაზში მოხვდება. ეს რთული ჩხუბია, მაგრამ ახლა ჩემი დროა, მე მოვიგებ.ვნახოთ, ყოველთვის არსებობს იმის შანსი, რომ მოხდეს რაღაც, მაგრამ ჩემი წაგების ალბათობა ძალიან მცირეა.
რაღაც ძალიან უცნაური უნდა მოხდეს, რომ დავმარცხდე, თუმცა იმაზე დაყრდნობით, თუ რა გვიდევს მაგიდაზე, ჯერ გეიჯის რეზიუმეს თუ გადავხედავთ და შემდეგ ჩემსას, თუ მის სქილებსა და ტექნიკას ჩემსას შევადარებთ, 100%-ით მოგებული მე ვარ. ჩემი პროგნოზი? პირველ რაუნდში გავთიშავ".
ისლამ მახაჩევთან არშემდგარი ბრძოლა
"მახაჩევთან ბრძოლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. თეთრი სახლის ივენთის საბოლოო ანონსამდე რამდენიმე საათით ადრე ვიცოდი, რომ მას ვეჩხუბებოდი. ბრძოლა მართლაც ძალიან ახლოს იყო ჩანიშვნასთან. წინა ღამეს რომ დავიძინე, ვიცოდი, ისლამთან ვჩხუბობდი. შემდეგ გამაღვიძეს და მითხრეს, ბრძოლა გეიჯის წინააღმდეგ იქნებოდა.
რისი კონტროლიც არ შემიძლია, ემოციებს არ ვხარჯავ. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული და ჩემი შეცდომის გამო ბრძოლა არ შემდგარიყო, ალბათ ვინერვიულებდი, მაგრამ რადგან ეს ჩემს კონტროლს სცდება, რა ვქნა?".
დონალდ ტრამპი
"ტრამპი MMA-ს სამყაროში უდიდესი ფიგურაა. იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტები, ვისაც უყვარდათ ბეისბოლი, კალათბურთი ან ამერიკული ფეხბურთი, მაგრამ დონალდს უყვარს შერეული საბრძოლო ხელოვნებები, გაგვიმართლა. არ მგონია ესპანელებთან რამე პრობლემა ჰქონდეს. ამერიკის პრეზიდენტს არ შევხვედრივარ პირადად, იმედია, როცა წავალ, შევხვდები.
არა მგონია ესპანელებთან პრობლემა ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში ამ ივენთზე არ ჩამსვამდნენ. იმედია, რადგან იქ ვიქნები, თავის დაბადების დღეზე დამპატიჟებს. რჩევა ტრამპისთვის? ვარცხნილობის შესწორებისა და თვალის დახამხამების დრო არ ექნება, ყველაფერი ძალიან მალე მორჩება".
თეთრი სახლი
"აქამდე ამას ვინ წარმოიდგენდა? დაუჯერებელია, რომ თეთრ სახლში ბრძოლები გაიმართება. აქამდე იქ არც ერთი სპორტული ივენთი არ ჩატარებულა. 100%-ით მზად ვარ. შემდეგ კვირას უკანასკნელ დეტალების ამერიკაში მივემგზავრებით და ჩხუბამდე ცოტა რამ იქნება დარჩენილი.
"როდესაც საკუთარ თავს თეთრ სახლში წარმოვიდგენ, მეფიქრება: იქ რა მინდა?! ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ თუ მოხდება. შვილიშვილებს მოვუყვები, რომ ავტოფარეხში დავიწყე და ბოლოს თეთრ სახლში ვიასპარეზე".














