როდესაც მეტოქისთვის ემზადები, უყურებ მის ვიდეოებს, ჩანაწერებს, უყურებ ჰაილაითებს და გეჩვენება ვიღაც მონსტრად, რომელიც ნოკაუტების და მახრჩობელების ოსტატია. ახლა კი გალიაში შენს წინ დგას ზუსტად ისეთი, როგორიც ვიდეოებშია და თურმე ისიც უბრალოდ ადამიანია. გამაყრუებელი სიჩუმე, საბოლოო წამები ბრძოლამდე და ამ დროს მთავარი მსაჯი გეკითხება: „მზად ხარ ბრძოლისთვის?!“- თავს უქნევ და ბრძოლა იწყება. 25 წუთი - დრო, რომელიც უსასრულობამდე იწელება. ბრძოლა უსასრულოდ იწელება ყველა შენი გულშემატკივრისთვისაც, რომელიც არენაზე თუ სამშობლოდან ტელევიზორში და ლეპტოპში გიყურებს და ერთი სული აქვს შენი გამარჯვება ნახოს. რაუნდიდან რაუნდამდე მიდის ბრძოლა და თან მიდის რაუნდების თვლა, ეს მე მოვიგე ის იმან მოიგო. დგება მეხუთე, საბოლოო რაუნდი და ანგარიში წესით 2-2-ია, თუმცა დარწმუნებული არაფერში ხარ, რადგან ჩემპიონს ეჩხუბები, რომელსაც მსაჯებისგან მხარდაჭერა აქვს. შენს კუთხეს ერთი წუთი აქვს, რომ რჩევები მოგცეს და გაგამხნეოს, თუმცა ეს ერთი წუთიც წამებში გადის, შემდგომ კი რეფერი შენს კუთხეს ეუბნება, რომ გალია უნდა დატოვოს.
ეს არის უსასრულოდ მოკლე და გრძელი წამი. უსასრულოდ მოკლე რადგან ერთ ამოსუნთქვაში ისევ ბრძოლაში ხარ, მაგრამ ამავდროულად უსასრულოდ გრძელი, რადგან ისევ მარტო რჩევები და მხოლოდ შენი თავის იმედად ხარ, პრინციპში ზუსტად ისე როგორც მთელი ცხოვრების განმავლობაში. ბოლო რაუნდიც მორჩა და ძალიან ახლო ბრძოლის შემდგომ ელი მსაჯების გადაწყვეტილებას, რომელიც გაყოფილია.
უყურებ მეტოქეს ისიც თავდაჯერებულია გამარჯვებაში, შენც გულის სიღრმეში გრძნობ, რომ საკმარისი გააკეთე მაგრამ მაინც გეშინია, იმიტომ, რომ აღარაფრის შეცვლა არ შეგიძლია. ახლა კი უნდა გამოაცხადონ შედეგი, თუ ვინ არის გამარჯვებული. ფიქრებში ხარ გააკეთე თუ არა საკმარისი, ცოტა სინანულის განცდაც გაქვს, და ეკითხები თავს — მეტი ხომ არ შემეძლო?!
მთელი შენი მოგებები თუ მარცხები მნიშვნელობას კარგავს, რადგან თითოეული მებრძოლი მისი უკანასკნელი ბრძოლით ცხოვრობს და ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. დგახარ მთავარ არბიტრთან და აჩქარებული გულის დაწყნარებასაც ცდილობ, რომ კარგად მოუსმინო ანგარიშის გამოცხადებას. ჩემპიონს ეჩხუბები და გაყოფილი გადაწყვეტილება გესმის - ყველაზე მეტად გული ამ მომენტში გიჩქარდება. კი, შენს სახელს აცხადებენ და ერთბაშად დუნდები სხეულიდან მთელი ადრენალინი გადის.
ახლა კი ეს 25 წუთი აღარ არის უსასრულობა, ეს დრო ბედნიერი მოგონებად, იქცა რომელიც წამებად გახსენდება და უმეტესი ნაწილი არც კი გახსოვს.
წამში ჩაგივლის ყველა ის მოგება თუ მარცხი, რაც წლების განმავლობაში გაიარე და მადლიერი ხარ ყველაფრისთვის, რადგან ამ ყველაფერმა გაქცია იმად, ვინც ხარ და ახლა შენ ჩემპიონი ხარ და ეს ყველაფერი ამად ღირდა.
ბენო ადამია, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი მებრძოლი, რომელიც ძალიან დიდი ხანია იბრძვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ორგანიზაციის OKTAGON-ის ჩემპიონი 22 თებერვალს გახდა. OTKAGON ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ცნობილი ორგანიზაცია გახდა და ძალიან ბევრი ყოფილი UFC-ის მებრძოლიც უმიზნებს ხოლმე აქ ჩხუბს. გასულ საღამოს ბენო ადამიას გამარჯვების შემდეგ OKTAGON-ში UFC-ის მსგავსად ორი ქართველი ჩემპიონი გვყავს.
თავდაპირველად მათე სანიკიძემ, ბენოს გუნდელმა მოახერხა ქამრის მოპოვება 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რომელიც ამავე ორგანიზაციის ყველაზე დიდი ვარსკვლავთან, კეიტასთან წარმატებით დაიცვა, თუმცა შემდგომ წონა შეიცვალა და ქამარი ვაკანტური გახადა. ამჯერად კი ბენო ადამიამ მოახერხა ჩემპიონისთვის ქამრის წართმევა.

ახლა კი უშუალოდ ბენოზე მინდა ვისაუბრო მეტი. ბენო ძალიან მაგრად ემზადებოდა ამ ბრძოლისთვის. ყოველ ვარჯიშზე მაქსიმალურად იხარჯებოდა და ვარჯიშებამდე თუ ვარჯიშების შემდგომ პერსონალურად ამზადებდა მის მოსწავლეებს, მაშინ როდესაც დღე-დღეზე კარიერის უდიდესი ბრძოლა უნდა გაემართა ქამრისთვის.
ბენოს დონის მებრძოლს პერსონალურების მომზადება არ უნდა უწევდეს კემპში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული კომპანიები, რომლებიც სპორტის მიმართლებით სპონსორშიფით არიან დაინტერესებულნი ბენო ადამიას ტიტულის მოგების შემდგომ მაინც მიაქცევენ სათანადო ყურადღებას, რათა მან შეძლოს და მისი რესურსი მთლიანად მის ვარჯიშებში ჩადოს და კიდევ ბევრჯერ გაგვახაროს.
ბენო მთელი მისი კარიერის განმავლობაში underdog იყო. მისი მეტოქეები ყოველთვის ფავორიტები იყვნენ, უფრო გამოცდილები, ბევრი სპონსორით, უკეთესი რეკორდებით. ბენო მისი უკანასკნელი 4 ბრძოლის განმავლობაში ძალიან მძიმე ანდერდოგი იყო MMA-ის სამყაროს ყველაზე დიდი ვებსაიტის, tapology-ის ექსპერტების აზრით. მის უკანასკნელ ორთაბრძოლაში სემ კრისისთან, შემფასებელთა 86% ფიქრობდა, რომ ბენო წააგებდა და მხოლოდ 14%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. სატიტულოზე გამსვლელ ორთაბრძოლაში, სტიპე ბიჩიჩთან ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი ქონდა ბენოს 31%, მაგრამ ესეც მძიმე ანდერდოგობაა რადგან 69% მისი მეტოქის გამარჯვებას ფიქრობდა. OKTAGON-ის სადებიუტო ორთაბრძოლაში კი ბენო განწირული ეგონათ. ყოფილ UFC-ის მებრძოლის, გუსტავო ლოპესის, წინააღმდეგ მხოლოდ 6%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა - ანუ ექსპერტების 94% ფიქრობდა, რომ ბენო ამ ბრძოლაში დამარცხებოდა.

მანამდე კი ბენოს გერმანულ ორგანიზაცია GMC-ში უწევდა ბრძოლის ჩატარება, სადაც სატიტულოზე გამსვლელ ორთაბრძოლაში ბენოს მხოლოდ 9%-იანი შანსი მისცეს 91%-ის წინააღმდეგ. ბენო არის მაგალითი არ დანებების და იმის, რომ მთავარია გწამდეს საკუთარი თავის. მაგალითი იმისა, რომ ციფრები არაფერს ნიშნავს და მხოლოდ შრომაშია წარმატების საიდუმლო. მაგალითი იმის, რომ სპორტული უიღბლობაც კი დროებითია და ნავსის გატეხა ისევ და ისევ შენ შეგიძლია. მაგალითი იმისა, რომ ექსპერტებიც ცდებიან. მაგალითი იმის, რომ მხოლოდ ჩვენ ვიცით, თუ რა შეგვიძლია რეალურად. და მაგალითი იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცუდად არის საქმე, რამდენად არეულია სიტუაცია და რამდენად გამოუვალი ჩანს მდგომარეობა, მაინც ყველაფერი შესაძლებელია.
ჭიდაობა, საბრძოლო ინტელექტი, სტრაიკინგი, პარტერი თუ გამძლეობა - ბენოს ყველაფერი აქვს და ეს საჩემპიონო ბრძოლაშიც დაგვანახა.















