
მოგვიანებით პატარა ძმის დროც დადგა. ნეიტმა ნიკის ჩრდილს თავი დააღწია და მეორე პლანზე უკვე ნიკმა გადაინაცვლა. MMA-ის გულშემატკივართა ახალი თაობა ნიკს ნეიტის უფროს ძმად იცნობს. ნეიტმა კონორ მაკრეგორი ლეგენდარულად გამოიწვია და პირველი მარცხიც აგემა UFC-ში, რასაც განმეორებითი მატჩი მოჰყვა. საბოლოოდ, ნეიტმა და კონორმა ერთ-ერთი იკონური მეტოქეობა გვაჩუქეს. უმცროსმა დიასმა ორგანიზაციას BMF ქამარი შეაქმნევინა. მისთვის ბრძოლაში ის ხორხე მასვიდალთან დამარცხდა. ნეიტ დიასი UFC-ის უკანასკნელ ბრძოლაში ტონი ფერგიუსონთან მახრჩობელა ილეთითა და მხოლოდ დიასებისთვის დამახასიათებელი აღნიშვნით დაემშვიდობა.

თუმცა, ახლა დაისების ხანა წასულია და თოფურიების დრო დადგა. ნიკისა და ნეიტისგან განსხვავებით, ალექსანდრესა და ილიას ბევრად მეტის პოტენციალი აქვთ. როგორც მინიმუმ, ილიამ უკვე მოახერხა და მოიპოვა ქამარი Featherweight-ის ქამარი. ალექსანდრე თოფურიაზეც ძალიან დიდი იმედებია დამყარებული. აქ ყველაზე საინტერესო საკითხი ჩემთვის შემდეგია - როგორც წესი, UFC-ში თუ ერთი ძმა ქამრის მოპოვებას ახერხებს მეორე ძალიან ცუდად გამოდის და ამის ბევრი მაგალითია, მაგრამ ალექსანდრე და ილია თოფურიები, ვფიქრობ, რომ ამ ტენდენციის შესაცვლელად მზად არიან.
მოდი, მანამდე სხვა ძმებიც გავიხსენოთ, რომლებიც UFC-ში გამოდიოდნენ. ალბათ, ძალიან ბევრი ისტორია გაგიგიათ დეივესონ ფიგეირედოზე, რომელიც სალონში სტილისტად და სუშის რესტორანში მზარეულადაც მუშაობდა, ხოლო მძიმე შრომის შემდგომ სანუკვარი ქამარიც მოიპოვა. მეტიც, Bantamweight-ში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კონტენდერიც არის. პიოტრ იანის დამარცხების შემთხვევაში ის მეორე დივიზიონის ქამარსაც შეუტევდა. თუმცა, რამდენმა იცით მისი ძმის, ფრანსისკო ფიგეირედოს, შესახებ?! - მან UFC-ში ოთხი ბრძოლა ჩაატარა და ძმის მსგავსად ისიც Flyweight-ში გამოდიოდა. თუმცა, მისი და მისი ძმის კარიერა რადიკალურად განსხვავდება. ფრანსისკოს UFC-ის რეკორდი 2:2-ზეა, თუმცა, 2022 წელს ამირ ალბაზისთან განცდილი უკანასკნელი მარცხის შემდეგ მას კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს.

კამარუ უსმანიც ყველამ უნდა იცოდეთ, იგი ერთ-ერთი ლეგენდარული მებრძოლია და ჟორჟ სენ-პიერის მემკვიდრედაც განიხილებოდა, ბევრის აზრით, „ნიგერიული კოშმარი" GSP-ს მალე დაჩრდილავდა და ქვესაშუალო წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად იქცეოდა, მაგრამ ასაკმა, ტრავმირებულმა მუხლებმა და ცვეთამ თავისი ქნა. კამარუ დღეს საჩემპიონო მატერიალად აღარ ითვლება. თუმცა, უსმანმა უკვე დაწერა დიდი ისტორია და MMA-ის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია. მაგრამ, რამდენს გახსოვთ მძიმე წონა და მოჰამედ უსმანი?! - მოჰამედი The Ultimate Fighter-ის 30-ე სეზონის გამარჯვებული გახდა და UFC-შიც ძალიან ხმაურიანად შემოაბიჯა. ჯუნიორ ტაფა და ჯეიკ კოლიერი დაამარცხა, მაგრამ 2024 წელი მისთვის დაუნდობელი გამოდგა. ამ წელს ზედიზედ ორი მარცხი განიცადა. მისთვის კარიერის შემობრუნება ძალიან გვიანი არ არის, თან მძიმე წონას ზოგადად უჭირს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოჰამედი იმდენს მიაღწევს, რამდენსაც კამარუმ მიაღწია.

გილბერტ ბერნსი ჩემპიონი არასდროს ყოფილა, მაგრამ ტიტულისთვის უბრძოლია, თანაც საუკეთესო ფორმაში მყოფ კამარუ უსმანთან, სადაც, მარცხი განიცადა.
ბერნსი საკმაოდ ცნობილი მებრძოლია, რომელმაც პოპულარობის პიკს ხამზატ ჩიმაევთან ბრძოლაში მიაღწია. ამ ომში, სადაც ასევე დამარცხდა, კარგად გამოიყურებოდა და ამის ხარჯზე ფანების გული მოიგო. ბრაზილიელს არაერთი კარგი ბრძოლა აქვს მოგებული და უკვე წლებია Welterweight დივიზიონის ელიტაშია, მაგრამ ვის გახსოვთ მისი ძმა ჰერბერტ ბარნსი?! - ჰერბერტი UFC-ში ქარიშხალივით შემოვიდა, ნეიტ ლენდვერი პირველ რაუნდში გათიშა, შემდგომ ასევე პირველ რაუნდში ევან დანემი დაახრჩო. მასზე დიდი იმედები მყარდებოდა, მაგრამ მოულოდნელად მისი ფორმა კატასტროფულად გაუარესდა და ზედიზედ ოთხჯერ, ყველასთან თითქმის უინიციატივოდ დამარცხდა. კარიერული კრიზისის დასაძლევად უმცროსი ბერნსი გრეპლინგზე გადავიდა, თუმცა იქაც დამარცხდა. ცხადია, რომ ძმები ბერნსების საბრძოლო ისტორიაში ჰერბერტს გილბერტის ჩრდილში მოუწევს მოძრაობა.

MMA-ის სამყაროში შედარებით წარმატებულები ძმები პეტისები იყვნენ, თუმცა აქაც დაბრკოლებაა, რადგან სერხიო პეტისმა UFC-ში წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა Bellator-ში ჩემპიონი გახდა. სამაგიეროდ ენტონი პეტისმა მოირგო UFC-ის ქამარი წელზე და ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მებრძოლიც იყო.
ამდენ ძმებში, დები შევჩენკოებიც რომ გავიხსენოთ უადგილო არ იქნება. ვალენტინა შევჩენკო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ქალი მებრძოლია ქალთა MMA-ის ისტორიაში, ბევრისთვის კი ყველა დროის საუკეთესოც არის. მუაი ტაის შეჯიბრებებსა და UFC-ში მასზე დომინანტური მებრძოლის გახსენება გაჭირდება, მაგრამ მას ჰყავდა და სახელად ანტონინა, რომელიც მასთან ერთად ემზადებოდა და მისგანაც იგივეს ელოდნენ, რასაც ვალენტინასგან. თუმცა, La Pantera-ს 2022-ის შემდგომ აღარ უბრძოლია. ბოლო ხუთ ბრძოლაში მან მხოლოდ ორჯერ გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ მის უკანასკნელ ბრძოლაში მოგება მოიპოვა, მაინც აშკარაა, რომ უშალოდ ოქტაგონზე იგი ვალენტინასგან ძალიან შორსაა.

სტატიის ბოლოს თოფურიებს დავუბრუნდეთ. კანონზომიერება თითქოს ალექსანდრეს დიდ შანსებს არ უწინასწარმეტყველებს, მაგრამ როგორც ვთქვი, მას აქვს ყველა ის უნარი, რაც ახალ პრეცედენტს შექმნის და ილიასთან ერთად MMA-ის მემატიანეს წარმატებული ძმების ლამაზ ისტორიას აჩუქებს. ჩემი აზრით, ჩემპიონობაზეც გაიწევს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. MMA-ში გამოცდილება ძალიან ძვირფასია და ძნელად მოიპოვება. საჭიროა, რომ ალექსმა ქამრისკენ მიმავალ გზაზე მეთოდურად და ფრთხილად იაროს, იქამდე კი სუპერმსუბუქ წონაში თავის გასაკეთებელს მერაბიც მოასწრებს. როგორც მიწაზე, ასევე დგომში ალექსანდრეს ნებისმიერი მეტოქის დასამარცხებლად საკმარისი ფიზიკურობა, საბრძოლო ინტელექტი და საბრძოლო უნარ-ჩვევები გააჩნია.

მაგრამ ერთი კითხვა არ მასვენებს. რატომ ხდება, რომ ერთ დარბაზში მოვარჯიშე ერთი ძმა ქამარზე მიდის მეორეს კი UFC-დან აგდებდნენ, როგორც ფიგეირედოებისა და ბერნსების შემთხვევაში მოხდა?! რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?! - იქნებ მისი ძმის წარმატებით მოტანილმა ფინანსურმა სარგებელმა მეორე ძმას ჟინი ჩაუქრო?! - ან იქნებ ზედმეტად დიდი წნეხია, როდესაც შენზე მოლოდინებია გაზრდილი?! - ამ კითხვებს სრულფასოვან პასუხს ვერ ვცემ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ილიასა და ალექსანდრე თოფურიების სახით MMA-ის სამყარომ ორ ძალიან მაგარ ადამიანი და ჩემპიონი მიიღო. ამის თქმის მიზეზს ის მაძლევს, რომ მათ პირველობა უყვართ. ფული მეორე ხარისხოვანია და უნდათ, რომ საუკეთესოები იყვნენ, სწორედ ამიტომ არ უშინდებიან არცერთ გამოწვევას. სწორედ ამიტომ უნდა ილია თოფურიას ისლამ მახაჩევთან ბრძოლა და სწორედ ამიტომ ველოდებით ალექსანდრეს ჩემპიონობასაც ძალიან მალე.















