ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 19 წლის ბიჭი საქართველოდან, ერთ მზიან ზაფხულს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად 3 თვით გაემგზავრა.შესაძლებლობების ქვეყანაში ჩასული მალე მიხვდა, რომ მისი მომავალი აშშ-ს უკავშირდებოდა, ახალი ოცნებების ასასრულებლად ლოს ანჯელესში დარჩა და სრულიად მარტომ გააგრძელა ცხოვრება.Facebook-ზე დატოვებულმა კომენტარმა კი მის ცხოვრების ახალი, თავგადასავლებითა და შთაბეჭდილებებით სავსე ეტაპი დაიწყო, რასაც ახლა მოტივაციის მთავარ წყაროს უწოდებს.
“დინამიტი” საქართველოდან, რომელსაც პირველი პროფესიული ბრძოლის მოსაგებად 20 წამი დასჭირდა, მეორე ბრძოლას პირველი მოგებიდან 3 კვირაში ჩაატარებს.
IFC-ს ივენთის სამზადისის, ამერიკული გამოცდილების, მერაბ დვალიშვილის გუდის წევრობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ლაშა მესხმა LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა:
- როდის გადაწყვიტე MMA-ში ვარჯიში?
- MMA-ით ამერიკაში დავინტერესდი, როგორც სპორტსმენი. ამერიკაში ცხოვრება რომ გადავწყვიტე ერთ-ერთ ღამის კლუბში დავიწყე მუშაობა, სადაც ხშირად ხდებოდა ჩხუბი. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის დროს, მუშაობის პირველ ღამეს, ჩხუბში მეც წავიჭიდავე, (ბავშვობაში ძიუდოისტი ვიყავი) მაშინ ჩხუბის გამოცდილება არ მქონდა და რომ წავაქციე, მერე ხელი გავუშვი, მაგრამ ბიცეფსზე მიკბინა. მაშინ მითხრეს, რომ აქ გვინდა ხალხი, ვინც ჩხუბი იცისო. შემდეგ წავედი MMA დარბაზში, რადგან თავდაცვა მესწავლა.
- ამერიკაში წასვლის თავდაპირველი მიზანი რა იყო?
- აშშ-ში სტუდენტური პროგრამით წავედი, მაგრამ იმ ერთმა ზაფხულმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. როცა MMA-ს დარბაზში მივედი ძალიან შემიყვარდა და მივხვდი, სწორ ადგილას ვიყავი. მაშინ გადავწყვიტე, ვარჯიში უნდა გამეგრძელებინა და ამერიკაში დავჩენილიყავი. 19 წლის ბიჭისთვის ეს იყო მთავარი მოტივაცია. 3 წელზე მეტია უკვე MMA-ში ვვარჯიშობ.
- ყველაზე დიდი გავლენა რამ მოახდინა და რა იქცა ყველაზე დიდ მოტივაციის წყაროდ?
- ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია იყო მერაბ დვალიშვილთან გუნდში მოხვედრა. რეალურად, მერაბ დვალიშვილია ჩემთვის დიდი მოტივაცია.
- როგორ მოხვდი მერაბ დვალიშვილის გუნდში?
- თავდაპირველად ლოს ანჯელესში ვცხოვრობდი, სადაც სრულიად მარტო ვიყავი,ვიტყოდი,ცოტა გზააბნეულსაც. ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, ღამის კლუბში დაცვად, ჭურჭლის მრეცხავად, საჭმლის მიტანის სერვისში, რათა თავი გამეტანა. ერთ დღეს მერაბ დვალიშვილის პოსტი ვნახე Facebook-ზე, ეძებდა კონტენტ კრეატორს, თავის გუნდისთვის, 2023 წელი იყო, დავაკომენტარე, გამომეხმაურა, ვუთხარი ლოს ანჯელესში ვცხოვრობდი, მგონი მერაბმა იცოდა ვინ ვიყავი Youtube არხიდან და გადავედი მერაბთან ლას ვეგასში. მაშინ 160 000 გამომწერი ჰყავდა ინსტაგრამზე და დავიწყეთ მუშაობა. ლოს ანჯელესში საბა თავბერიძე იყო ჩემი მეგობარი, შემდეგ ის ჩავრთე, როგორც ფეიკ შონ ომალი.
ვხედავდი შიდა მოვლენებს, გულშემატკივრის დამოკიდებულებას, სიყვარულსა და პატივისცემას მერაბის მიმართ, ამ ყველაფერმა უფრო გამიძლიერა ჩემი სურვილი გავმხდარიყავი მებრძოლი. ვხედავ მერაბმა ამდენი შრომის შემდეგ, უმაღლეს დონეს მიაღწია, ეს არის ჩემთვის მოტივაცია და ეს მაძლევს ძალას, რათა ვიყო MMA მებრძოლი, ჩემპიონობის რა გითხრათ, მაგრამ მინდა რომ კარგი მებრძოლის სახელი დავტოვო.
- რა რჩევებს იღებ მერაბისგან?
- ძალიან ბევრი რჩევა მიმიღია მერაბისგან, ყველა მიმართულებით. მერაბთან ყოფნით გავხდი MMA-ს სამყაროს ნაწილი. მოგეხსენებათ, ბრძოლები სხვადასხვა ადგილასაა, ამ ყველაფერში ბოლომდე ჩართული ვარ, სამზადისი, წონის კლება და ა.შ. Dana White's Contender Series-ზე ოთარ თანზილოვსა და მიხეილ საჟინიანს ვეხმარებოდი სხვადასხვა მიმართულებით, გავყევი ბექ სთეიჯში თარჯიმნად და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ, ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა.
მერაბისგან უამრავი რჩევა მიმიღია, თუნდაც წონის კლების მიმართულებით, როგორ ვკონცენტრირებულიყავი ბრძოლაზე, არაერთი თეორიული გამოცდილება გაუზიარებია ჩემთვის.
- მცირე დროში გადაწყვიტე ოქტაგონზე დაბრუნება და მეორე ბრძოლა აიღე, როგორ მიმდინარეობს IFC-თვის სამზადისი?
- სწრაფად აღებულ ბრძოლაში, პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ამერიკაში მაქვს სამოყვარულო რეკორდი, 3-0, პირველი 2 ბრძოლა სამოყვარულო MMA-ში ერთ კვირაში გავმართე. ჩემთვის მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, “რკენაზეც” ერთი კვირით ადრე შემეცვალა მეტოქე. ჩემზე უფრო გამოცდილი მეტოქე, სხვადასხვა საბრძოლო სახეობებში დიდი გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ჩემთვის ამას წნეხი არ შეუქმნია.
იანვრიდან მოყოლებული კემპს გავდივარ, მოგეხსენებათ, “რკენაზე” 20 წამში გავიმარჯვე. არ მინდოდა საქართველოს დატოვება ასე და ახლა გულშემატკივარს მორიგ სანახაობას ვპირდები და ამჯერად მინდა ნოკაუტი გავაკეთო. მინდა ვუჩვენო ჩემი დონე, სტრაიკინგი, გრეპლინგი, თეიქდაუნები, ყველანაირი ბაზა, რაც ვიცი და სანახაობა, რაც ბრძოლას ახლავს, ამიტომ IFC-ზე მოსულ გულშემატკივარს ვპირდები ლამაზ, სანახაობრივ ნოკაუტს და თუ ფინიში არ იყო, ძალიან კარგი სანახაობა იქნება.
- რას იტყვი, ბოლო წლებში რამდენად განვითარდა MMA საქართველოში?
- რა თქმა უნდა, ძალიან განვითარებულია, ამერიკაში ვიდრე წავიდოდი ამ სახეობას არ ჰყავდა მაყურებელი. 2019 წელს ინტერვიუ ჩავწერე გიგა ჭიკაძესთან, გიგა ტოპ მებრძოლებში იყო, თუმცა ბევრმა არ იცოდა. ახლა სხვა დონეა, დიდი ინტერესია, მაგრამ განვითარება ჯერ კიდევ გვინდა, თუნდაც ვარჯიშების მიმართულებით.
- ბევრ UFC-ს ივენთზე ყოფილხარ, “რკენაში” შენი ასპარეზობის შემდეგ ისაუბრე საქართველოში შექმნილ საოცარ ატმოსფეროზე, შენ საერთაშორისო გამოცდილებას რომ შეადარო …
- ძალიან დიდ ქარდებზე ვარ ნამყოფი, აქ კი როგორც მებრძოლი მეც გამოვცადე ეს შეგრძნება და ვიტყოდი, რომ ვიყავი UFC-ს საკმაოდ კარგი მეინ ქარდის ბრძოლაზე, იმდენად მაღალ დონეზე იყო ყველაფერი, ვიტყოდი, რომ UFC-ის არ ჩამორჩებოდა.
- ამ დროისთვის, ვის თვლი MMA-ს საუკეთესო მებრძოლად?
- ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილს.
- იმისთვის რომ გახდე წარმატებული სპორტსმენი რა არის მნიშვნელოვანი?
- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა ჭირდება ყველაფერს, ძალიან დიდი წნეხია მებრძოლობა, ტრავმა, გაჭირვება, მხოლოდ ფინანსური სარგებელი არ უნდა ეძებო. ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, MMA არის უფრო მაღალი ასაკის იმიანებისთვის, UFC-ის ჩემპიონებს რომ გადავხედოთ, უმრავლესობა 30+-ია.
- MMA-ს აქვს კიდევ ერთი გამორჩეული სპეციფიკა, მნიშვნელოვანია ოქტაგონს მიღმა აქტივობა და პოპულარობა,Youtube-ზე შენი აუდიტორია გყავს, რამდენად გეხმარება ეს ფაქტორი?
- ეს ფაქტორი, უმნიშვნელოვანესია, ვთვლი ბევრი ნიჭიერი მებრძოლი გვყავს, თუმცა ბევრს აქვს სამუშაო მარკეტინგზე. UFC-ს მარკეტინგის გუნდს ვიცნობ, აქტიურად ვარ ჩართული მათთან თანამშრომლობაში და ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ UFC არის ბიზნესი და მათ სჭირდებათ გაყიდვადი და ყურებადი მებრძოლები, მათ გაუშვიათ ბევრი მებრძოლი, რადგან სჭირდებათ შოუ და მაღალი აუდიტორიის მებრძოლი. UFC-ში მოხვედრა მხოლოდ საბრძოლო უნარებით ძალიან რთულია, სხვადასხვა უნარებია საჭირო. მერაბის მაგალით რომ მოვიყვანო ჩვენ ყოველდღე, წონის კლების, ბრძოლის კვირის დროსაც, სულ გვიწევს გადაღება, მერაბსაც ხშირად უთქვამს, ბრძოლაზე წასვლამდე, ეს გადაიღეთ, როცა ჩოხა აცვია და ფაფახი ახურავს,, წარმოიდგინეთ ადამიანი მიდის ბრძოლაზე, საჩემპიონო შეხვედრაა და კონცენტრირდება, რომელი მასალაა კარგი და რისი გამოქვეყნებაა აუცილებელი.
- კარიერის მთავარი მიზანი რა გაქვს?
- მოვხვდე UFC-ში, მე აუცილებლად მოვხდები UFC-ში და დამიმახსოვროს ხალხმა.
IFC 23 4 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.















