2018 წლის 15 სექტემბერს UFC-იმ რუსეთში თავისი პირველი ივენთი ჩაატარა. საღამო გახსნა მერაბ დვალიშვილმა, რომლის ანგარიშზე მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში იმ მომენტისთვის 0 მოგება და 2 წაგება იყო. ქართველი ჩემპიონი ახლა არის სუპერმსუბუქი დივიზიონის მეფე, მაგრამ 7 წლის წინ, მწვერვალამდე ის ძალიან შორს იყო.
UFC-ში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, "მანქანამ" ნავსი გატეხა სწორედ მოსკოვში გამართულ ივენთზე, რომელზეც ტერიონ უეირს მან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო. იმავე ღონისძიებაზე დვალიშვილმა პირველად გამოიწვია შონ ო'მალი, თანაც ფრაზით, რომელიც შერეული ბრძოლების მოყვარულებს დღემდე ახსოვთ.
"Sean O'Malley, keep smoking, and I'll keep training, and we'll see who's better" ("შონ ო'მალი, განაგრძე მოწევა, მე გავაგრძელებ ვარჯიშს და ვნახავთ, თუ ვინ არის ჩვენს შორის უკეთესი"). შერეული ჩხუბების სამყაროს ერთმა ნაწილმა ამ ფრაზაზე გაიცინა, ნაწილმა კი ქართველი მებრძოლი დატოვა უყურადღებოდ, მათ შორის ამერიკელმა მომავალმა ჩემპიონმაც.
UFC "შუგასგან" აკეთებდა ორგანიზაციის ახალ სუპერვარსკვლავს - პოპულარულსა და კარგად გაყიდვადს. მან ეფექტურად მოიხდინა დასამახსოვრებელი მებრძოლის იმიჯი და ნათელი გახდა, პრომოუშენი გააკეთებდა ყველაფერს, იმისთვის, რომ სუპერმსუბუქი დივიზიონის ახალი სახე სწორედ ო'მალი გამხდარიყო.
ასეც მოხდა - 2023 წლის 19 აგვისტოს ამერიკელმა მებრძოლმა დაამარცხა იმდროინდელი ჩემპიონი და მერაბის მეგობარი, ალჯემეინ სტერლინგი. მოგვიანებით კი შონმა ქამარი დაიცვა მარლონ ვერასთან, რომელთანაც 3 წლით ადრე, ტექნიკური ნოკაუტით წააგო. რევანშიც აიღო და ქამარიც არ დათმო... "შუგასთვის" ყველაფერი ვითარდებოდა ისე, როგორც ეს თავის ცნობილ სიმღერაში ლუპე ფიასკომ დაწერა.
სანამ ო'მალი ტკბებოდა ვარსკვლავის სტატუსით, "მანქანამ" გაიარა ურთულესი გზა სუპერმსუბუქი დივიზიონის ფსკერიდან - ელიტამდე. დვალიშვილმა მიყოლებით მოუგო პრომოუშენის ზედიზედ 3 ექს-ჩემპიონს: ჟოზე ალდოს, პიოტრ იანსა და ჰენრი სეხუდოს. მოგვიანებით, მათ რიცხვს შონიც შეემატა.
ქართველი მებრძოლის დიდების წუთი დადგა 2024 წლის 14 სექტემბერს, ლას ვეგასში, სადაც მან თავის ამერიკელ მოწინააღმდეგეს უბრალოდ უშანსოდ მოუგო. მერაბი "შუგასთან" ჩხუბში აკეთებდა პრაქტიკულად ყველაფერს, რასაც მოისურვებდა, თანაც შოუს ელემენტებით. დამსახურებული მოგება, რომელმაც არავითარი კითხვა არ დატოვა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, დამარცხებულმა 30 წლის ყოფილმა ჩემპიონმა სცადა თავის გამართლება, თუმცა მისი ნათქვამი სერიოზულად არავინ მიიღო. მოგვიანებით, ო'მალიმ გაიმეორა იგივე და დაამატა ისიც, რომ მან უარი თქვა ყველა იმ მავნე ჩვევაზე, რომელმაც "მანქანასთან" ჩხუბში მას თითქოს ხელი შეუშალა.
ამერიკელი მებრძოლი გვპირდება, რომ 34 წლის ჩემპიონთან რევანშში მაყურებელი მის საუკეთესო ვერსიას იხილავს. ვნახოთ, ამ ყველაფერს შეაფასებს დვალიშვილი, რომელმაც შონთან მოგების შემდეგ, უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ქამრის დაცვა უკვე მოასწრო. წინ, განკითხვის ღამეა, ქართველი ჩემპიონის მისია კი არის კვლავ "შუგას" განადგურება, ამჯერად სამუდამოდ.
როგორც აღვნიშნეთ, მერაბი საჩემპიონო ქამარს დაიცავს მეორედ - მსგავსი რამ ჯერჯერობით არცერთ სხვა ქართველ მებრძოლს არ გაუკეთებია. გვახსენდება ილია თოფურია, მაგრამ მან წონა შეიცვალა და კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო. "მანქანა" კი ისევ იმ დივიზიონშია, სადაც თავისი ურთულესი გზა დაიწყო.















