UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვის დამარცხების და საჩემპიონო ქამრის შენარჩუნების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა.
"ბრძოლა ჩემს ტემპში მიმყავდა, არ ვჩქარობდი, არც ვჭიდაობდი და ვცდილობდი, რომ დარტყმები მიმეყენებინა მეტოქისთვის. უკვე ყველამ იცის, რომ რამდენიმე რაუნდის შემდეგ არ ვიღლები და შემიძლია 10 რაუნდიც კი ვიბრძოლო, რაც დღესაც დავამტკიცე. UFC-ის ჩემი და უმარის ბრძოლის ჩანიშვნა ძალიან სურდა და მეც მზად ვიყავი, რომ მარტში მებრძოლა, თუმცა, რამადანის მარცხის გამო, ის ვერ შეძლებდა ბრძოლას. ტრავმა მქონდა ფეხზე, ასევე ზურგიც მაწუხებდა, მაგრამ ბრძოლას დავთანხმდი და ვარჯიში დავიწყე."
"ოქტაგონზე არასდროს შევდივარ ნეგატიური ენერგიით და იქაც ყოველთვის ვცდილობ, რომ მხიარული ვიყო. ამიტომ ველაპარაკები ხოლმე ხალხს გალიიდან და დღესაც იგივე გავაკეთე. რატომაც არა, როდესაც დაუმარცხებელს ამარცხებ კარგ ხასიათზე დგები და გინდა ენერგია სხვას გაუზიარო. ოქტაგონიდან დანა უაითს ვეძებდი, რომ მასთანაც გამესაუბრა, მაგრამ ვერ ვიპოვე."
"შემდეგი ბრძოლა? როგორც ყოველთვის მინდა, რომ დივიზიონის საუკეთესო მებრძოლებს ვეჩხუბო და ახლაც ასეა. კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, რადგან უკვე ყველა დავამარცხე. არ ვიცი, შეიძლება შემდეგი ო'მალისთან რემატჩი იყოს თუ თავის ბრძოლას მოიგებს. ვნახოთ, იქნებ უფრო გაძლიერდა და ამჯერად თანაბარი ორთაბრძოლა გვქონდეს. მე ჩემპიონი ვარ და სხვამ უნდა გამომიწვიოს — მინდა, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე."
"ყველა ბრძოლა განსხვავებულია და მე კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ ნებისმიერი სტილის მებრძოლის დამარცხება შემიძლია. რა თქმა უნდა, ყოველი ბრძოლის და ვარჯიშის შემდეგ უკეთესი მებრძოლი ვხდები. რამდენიმე რუსმა ჟურნალისტმა არაერთხელ შემახსენა, რომ მშენებლობაზე ვმუშაობდი, მაგრამ ახლა მხოლოდ ვარჯიშებზე ვარ კონცენტრირებული და ვიზრდები, როგორც მებრძოლი."
"უმარი ამბობს, რომ პირველ რაუნდში ხელი მოიტეხა? მე ვარჯიშის დროს ზურგი ისე ვიტკინე, რომ დაწოლასაც კი ვერ ვახერხებდი და ვის აინტერესებს ტრავმა? როდესაც მებრძოლი ხარ, უნდა იჩხუბო და მოიგო. როგორც მებრძოლს პატივს ვცემ და წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ კვლავ აგრძელებს სისულელეების ლაპარაკს. ნოემბერში საკმაოდ მძიმე ჭრილობა მივიღე ფეხზე და ინფექცია შემეჭრა, რაც ართულებდა ვარჯიშის პროცესს. როგორც უკვე აღვნიშნე, ბრძოლა არ არის ჩემთვის პრობლემა და ყველაფერი მარტივი ხდება, როდესაც წონას ვაბარებ. ახლა არაფერს არ ვგრძნობ განსაკუთრებულს და ჩემს ქვეყანაში როდესაც ჩავალ, ალბათ, მაშინ ვიგრძნობ დღევანდელ გამარჯვებას."
"UFC-ში გდებების რეკორდი დავამყარე, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დვალიშვილის ჭიდაობა საუკეთესოა. სასიამოვნოა რეკორდების დამყარება, მაგრამ დღეს არ იყო ეს ჩემთვის მთავარი და არც ვცდილობდი ბევრ ჭიდაობას. ორთაბრძოლის შემდეგ ხაბიბთან მივედი, ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი, რომ მის მიღწევებს MMA-ში დიდ პატივს ვცემ. მე ყველა ადამიანს ვცემ პატივს, რომელიც მაქსიმალურად შრომობს და UFC-სთვის ყველაფერს აკეთებს. არ მქონდა შანსი, რომ ორთაბრძოლის შემდეგ უმარს გავსაუბრებოდი — მან რამდენჯერმე სისულელეები ილაპარაკა და თქვა, რომ ბრძოლას თავს ვარიდებდი, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. დიახ, მე მინდოდა, რომ თებერვალში ან მარტში მებრძოლა, მაგრამ იანვარში დაბრუნებას დავთანხმდი და უმარს შანსი მივეცი მახაჩევთან ერთად ებრძოლა."
"ქართველ მებრძოლებს გვინდა, რომ UFC საქართველოში ჩავიტანოთ. ამას ცდილობდა გიგა ჭიკაძე, ილია თოფურია და მეც გავაკეთებ ყველაფერს, მაგრამ ვიცი, რომ რთული იქნება. ილიამ გუშინ დამირეკა და რჩევები მომცა. ახლა ვაპირებ, რომ ავსტრალიაში ჩავიდე და მის ძმას, ალექსანდრეს დავუდგე გვერდში სადებიუტო ბრძოლაში. ვერ ვიტყვი, რომ ის ილიაზე უკეთესია, მაგრამ ჩემზე უკეთესი ნამდვილად არის."
"მე მიყვარს გამოწვევები და მინდა, რომ 2025 წელს 4-ჯერ დავიცვა ქამარი, რაც რეკორდი იქნება. ახლა ყველაფერი UFC-ზე არის დამოკიდებული, მე არ მაქვს პრობლემა, როდესაც საჭირო იქნება გამოვალ და ვიბრძოლებ. ქამრის მოგების შემდეგ, ცოტა შვებულება ავიღე და არ ვვარჯიშობდი, ახლა კი ყველაფერი რიგზეა და ველოდები ახალ გამოწვევებს."
"არ მაინტერესებს ბრძოლამდე ვინ იყო ფავორიტი, მე მხოლოდ ვარჯიშებზე და ორთაბრძოლებზე ვარ კონცენტრირებული. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს, როდესაც ჩემს გამარჯვებაზე დებენ ფულს და ვნერვიულობ ხოლმე. როდესაც UFC-ში დებიუტი მქონდა, ერთმა ადამიანმა დამირეკა და მკითხა, ვაპირებდი თუ არა გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ კი, რადგან ჩემი მენტალიტეტი ასე მუშაობს. მან კი ჩემზე ფული დადო, წააგო და დღემდე ვნერვიულობ მასზე."
"ვარ თუ არა სუპერმსუბუქი წონის საუკეთესო მებრძოლი? არა, სტერლინგია საუკეთესო. და ასევე, არ დაგავიწყდეთ დომენი დომონიკ კრუზი. მინდა გითხრათ, რომ ვარჯიშებზე ყოველთვის მიგებს სტერლინგი, რადგან ის ჩემზე უკეთესია."
"და ბოლოს, მინდა საქართველოს ქართულად მივმართო — მადლობა ყველაფრისთვის, ჯიგრები ხართ და ჩვენ კიდევ ერთხელ შევძელით ეს. მადლობა ყველა კარგ ადამიანს, ვინც შრომის ფასი იცის და ჩვენი ქვეყნის პატრიოტია."

















