30 ნოემბერს, 20:00 საათზე, GFC არენაზე გაიმართება აღნიშნული პრომოუშენის 34-ე ივენთი, რომელზეც ცხრა ბრძოლა შედგება. პრელიმში გაიმართება 4 ჩხუბი, 5 კი მეინ ქარდზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიების ბოლო ბრძოლა საჩემპიონო იქნება.
მებრძოლები, რომლებიც პრელიმში გამოვლენ
ივენთი მირზა გაჯიევისა და მურვეტ რუსტამოვის ბრძოლით გაიხსნება. შემდეგ, ლევან დარასელია დაუპირისპირდება ალი ალიევს, მარსაგი მარსაგიშვილი რაშიდ მეზუარს, სანდრო ტატანაშვილი კი რაფაელ ნ'გომას. როგორც ვხედავთ, ღონისძიების მონაწილეები იქნებიან ორი მონაწილე საფრანგეთიდან: მეზუარი და ნ'გომა.
მეინ ქარდი
მეინ ქარდი გაიხსნება ორი ბრძოლით ქალბატონების მონაწილეობით - თეონა ფიროსმანაშვილი დაუპირისპირდება ნარგეს ზაკავის, ბორენა ცერცვაძე კი მობინა ბანანატაის. აღსანიშნავია, რომ პირველი ჩხუბი იქნება კრივში, მეორე კი MMA-ში. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ცერცვაძეს აქვს წაუგებელი სერია, 5/5 მოგებით.
მეინ ქარდის სხვა ბრძოლები - გენადი ჟორჟოლიანი დაუპირისპირდება აკბარ ბეჰნიაპორს, მერაბ მამფორია კი თურაჯ ალიევს. როგორც აღვნიშნეთ, ღონისძიების ბოლოს შედგება სატიტულო ჩხუბი ნიკა ჯაკონიასა და რობსონ კავალკანტეს შორის.
სატიტულო ბრძოლა
მთავარი ბრძოლა - სამი მარცხის შემდეგ, ჯაკონიამ 21 წამში დაამარცხა რეზა მანდილი და სატიტულო დაპირისპირება მოიპოვა. მისი მოწინააღმდეგე იქნება კავალკანტე, რომელსაც ზურგს 46 ჩხუბში მოპოვებული გამოცდილება უმაგრებს. რაც შეეხება მის მიერ მოგებულ ბრძოლებს, ბრაზილიელის ანგარიშზე ასეთი 26 არის.
ქართველ მებრძოლს ჩატარებული აქვს 10 ჩხუბი, საიდანაც შვიდ შემთხვევაში მან იმარჯვა, სამჯერ კი დამარცხდა. აქვე დავამატებთ, რომ ნიკასა და რობსონის ჩხუბში სასწორზე GFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი იქნება.















