
გურამის მეტოქე კაუე ფერნანდესი იქნება, რომელსაც UFC-ში ერთი მოგება და ერთი მარცხი აქვს. ბრაზილიელმა ძალიან კარგ ბიჭთან, მარკ დიაკისესთან, გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო. მეორე ბრძოლაში კი ნოკაუტით მოახერხა გამარჯვება. UFC-ში გურამს რეკორდი 2-2-ზე აქვს. თავიდან მან მატეუშ გამროტი დაამარცხა, მებრძოლი, რომელსაც Lightweight-ში სატიტულო ჯახისგან მხოლოდ ერთი ბრძოლა აშორებდა. მას შემდგომ ძალიან ახლო ბრძოლაში მოგება დამირ ისმაგულოვთან წაართვეს, ბოლოს კი ელვის ბენერთან ნოკაუტით დამარცხდა - მესამე რაუნდში ორი მოგებული რაუნდის შემდგომ. აქ მას იღბალი დააკლდა, რადგან ბრაზილიელის დატყმა საძილე არტერიაზე მოხვდა - გამოწვეულ შოკთან და პარალიზთან გამკლავება თითქმის შეუძლებელია. ბოლოს გურამმა ჯორდან ვუჩენიკი დაამარცხა, Cage Warrior-ის ორი წონის ჩემპიონი და ბიჭი, რომელმაც პოლ ჰიუსი დაამარცხა (პოლ ჰიუ არის მებრძოლი, რომელმაც PFL-ის საჩემპიონო დაპირისპირებაში უსმან ნურმაგომედოვს უმაგრესი ბრძოლა გაუმართა და ბევრის აზრით მოიგო კიდეც).

გურამი მოსამზადებელ პერიოდს ესპანეთში ძმებ თოფურიებთან ატარებს და ეს ძალიან მაგარი ამბავია, რადგან ჩემპიონების გარემოცვაში მას ჩემპიონების ხასიათიც გადაედება და ის სპორტული უიღბლობა, რაც მას თან სდევდა აუცილებლად წარსულში დარჩება.
ფერნანდესი აქცენტირებული სტრაიკერია და მისი ყველაზე დიდი ძალა ქიქებია. ქიქების ხარჯზე კი გურამის დამარცხება ძალიან რთული იქნება. უკანასკნელი მოგება ბრაზილიელმა ლოუ ქიქების ხარჯზე აიღო, ფეხში მძიმე დარტყმები მან მარკ დიაკისესაც მიაყენა. აშკარაა, რომ ეს მისი საყვარელი იარაღია. იქიდან გამომდინარე, რომ გურამი კარგი ქიქბოქსერი და მუაი ტაის მებრძოლია, ვფიქრობ, ფერნანდესის ქიქებს გამოსავალს მარტივად მოუძებნის.
გურამს გასამარჯვებლად რამდენიმე ვარიანტი აქვს. შეუძლია დაპირისპირება კრივის ბრძოლად აქციოს და მეტოქე წნეხში მოაქციოს, ქიქის დისტანციაზე არ დაუდგეს და დგომში მეტოქეს ხელის დისტანციაზე გაუმკლავდეს, ქიქების დროს შემხვედრი დარტყმები ახორციელოს ან კიდევ ჭიდაობას მიმართოს, რადგან მას მაღალი დონის ჭიდაობა და პარტერი აქვს.

გეგმა მრავალნაირი შეიძლება იყოს, ისევ და ისევ გურამიდან გამომდინარე, რადგან ქუთათელაძე ძალიან მრავალფეროვანი და ძლიერი მებრძოლია - ფერნანდესისგან განსხვავებით. კი, კაუე ძალიან მაგარი ათლეტია, მაგრამ მისი მთავარი საყრდენი ყოველთვის შორი დისტანციიდან ქიქები იქნება და წარმოუდგენელია გამარჯვების მოსაპოვებლად მან გურამთან ჭიდაობა სცადოს. „ქართველი ვიკინგი" ამ ბრძოლას სერიოზულ ფავორიტად გახსნის, ექსპერტთა უმრავლესობაც ამ აზრზეა. ახლა კი, ისღა დაგვრჩენია, რომ გურამს ვუგულშემატკივროთ!















