2020 წლის 11 ოქტომბერი - UFC-ის აუდიტორიისთვის იმ დროს ჯერ კიდევ უცნობი ილია თოფურია მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში სადებიუტო ჩხუბს მართავს. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საკმაოდ ამბიციური და თავდაჯერებული - მებრძოლი, რომლისთვისაც ქამრის მოპოვება უბრალოდ დროის საკითხი იყო.
ბევრისთვის, მომავალი ქართველი ჩემპიონი იყო მეტისმეტად ქედმაღალი და თავდაპირველად მისი თრეშ თოქი ჩანდა სტანდარტულ იარაღად, მაგრამ დრომ აჩვენა, ეს არ იყო უბრალოდ ხმამაღალი საუბარი, მან რეალურად აასრულა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ის სხვადასხვა ინტერვიუებსა და პრესკონფერენციებზე იძახდა.
"ელ მატადორი" ბრძოლების წინ ამბობდა, რომ გათიშავდა ამა თუ იმ მოწინააღმდეგეს და ასეც ხდებოდა. ის წინასწარ ანახლებდა გამარჯვებათა რეკორდს და ჩხუბების შემდეგ, 28 წლის მებრძოლს მართლაც ერთით მეტი მოგება ჰქონდა. ამ ყველაფერში მას ეხმარებოდა გამარჯვების უსასრულო წყურვილი, პროფესიონალიზმი და ჩხუბის სრულყოფილი სტილი.
თოფურიას არაერთხელ უთქვამს, რომ ის წარმოადგენს მებრძოლების ახალ თაობას, რომელშიც MMA-ს ერთი კონკრეტული მიმდინარეობა არ არსებობს. ქართველი ჩემპიონი წლების მანძილზე მართლაც იქცა უნივერსალურ ჯარისკაცად, რომლის სუსტი წერტილი ჯერ კიდევ დაუდგენელია.
დიახ, ილია ყველა მხრივ და თანაბრად სრულყოფილი მებრძოლია, თუმცა მაინც, მთავარი იარაღი და ერთი, ყველაზე ძლიერი მხარე მას მაინც აქვს. ვგულისხმობთ "ელ მატადორის" მომაკვდინებელ დარტყმებს, რომელსაც 17 ჩხუბის მანძილზე ვერავინ გაუძლო. ის თავის მუშტს იყენებს ისე, თითქოს 28 წლის ჩემპიონის ხელი აღჭურვილია უსასრულობის ხელთათმანით, თავისი 6-ვე ქვით.
თავიდან ხელთათმანი იყო ცარიელი, თუმცა სულ რაღაც ხუთ წელიწადში თოფურიამ ქვების უმეტესი ნაწილი უკვე მოაგროვა. იუსეფ ზალალთან მოგებიდან - ჯოშ ემეტის განადგურებამდე, ქართველი ჩემპიონი ჩამოყალიბდა 66 კილოგრამის წონითი დივიზიონის ნომერ პირველ ქონთენდერად, რითაც უსასრულობის ხელთათმანზე მან პირველი ქვა მოიპოვა.
მეორე ქვისთვის ილიას სჭირდებოდა ქვემსუბუქი დივიზიონის ისტორიის გადაწერა, ანუ ალექს ვოლკანოვსკის დომინაციის დამხობა. ასეც მოხდა, "ელ მატადორმა" უმარტივესად გათიშა ავსტრალიელი მეტოქე და 66 კილოგრამის წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარიც მიისაკუთრა.
მესამე ქვა - ჩემპიონობის დაცვა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ. 28 წლის მებრძოლმა განაცხადა, რომ ის იქნებოდა ისტორიაში პირველი, ვინც თავის ჰავაელ მეტოქეს გათიშავდა. დიახ, თოფურიას მოწინააღმდეგეს ადრეც წაუგია, მაგრამ ნოკაუტით, არასდროს. ამის გაკეთება 3 ცდით თვით "დიდებულმაც" კი ვერ შეძლო.
36 წლის ლეგენდისგან განსხვავებით, ქართველმა მებრძოლმა "კურთხეული" გათიშა, თანაც საამისოდ მას დასჭირდა არა სამი ბრძოლა, არამედ სამი რაუნდი. ასე მოიპოვა ილიამ მორიგი ქვა თავის უსასრულობის ხელთათმანზე. რა მოხდა შემდეგ? მან უარი თქვა ქამრის დაცვის რუტინაზე და მიიღო ახალი გამოწვევა: 70 კგ-ში ასვლა.
მოწინააღმდეგის შერჩევის საკითხში "ელ მატადორის" სურვილი ვერ დაემთხვა UFC-ში განვითარებულ მოვლენებს და მეოთხე ქვის მოპოვება მას მოუწია არა 70 კილოგრამის მთავარ დომინანტთან, არამედ სხვა მეტოქესთან. ორგანიზაციამ ინება შემდეგნაირად: 28 წლის ჩემპიონის მეტოქე ჩარლზ ოლივეირა იქნებოდა.
მსუბუქ დივიზიონში ასვლა თოფურიასთვის ხსნიდა ახალ შესაძლებლობას - ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონობას. ჩვენი სტატიის გმირამდე, ეს შეძლო მხოლოდ 9 მებრძოლმა: ჰენრი სეხუდომ, დანიელ კორმიემ, რენდი კუტიურმა, ჯონ ჯონსმა, კონორ მაკგრეგორმა, ამანდა ნუნესმა, ბიჯეი პენმა, ალექს პერეირამ და ჟორჟ სენ-პიერმა.
ქართველმა მებრძოლმა დაამარცხა თავისი ბრაზილიელი მოწინააღმდეგე და ორი დივიზიონის ჩემპიონების ელიტურ წრეში შეაბიჯა. UFC 317-ზე მომხდარი მოვლენა საინტერესოა კიდევ რამდენიმე ფაქტით, მაგალითად: მსოფლიოს მთავარ ორგანიზაციაში ყოფნის დღიდან, ილიამ მეტოქეს ყველაზე მოკლე დროში მოუგო.
"ელ მატადორს" "დუ ბრონქსის" დასამარცხებლად სულ რაღაც 2 წუთი და 27 წამი დასჭირდა. სხვა საინტერესო დეტალები - მსუბუქი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა ყველა თავისი სატიტულო ჩხუბი ნოკაუტით მოიგო. ბოლოს კი მთავარი: 28 წლის მებრძოლი ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონობამდე წაუგებლად მივიდა.
ერთი სიტყვით, მეოთხე ქვამ თოფურიამდე დამსახურებულად მიაღწია. კომიქსებიდან ვიცით, რომ უსასრულობის ხელთათმანს სრულყოფილებისთვის სჭირდება 6 ქვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველ მებრძოლს კიდევ 2 ქვის მოპოვება სჭირდება. საინტერესოა, რომელ მეტოქეებთან ჩხუბში მოხდება ეს ყველაფერი.
მეხუთე ქვის საკითხი სავარაუდოთ გადაწყდება არმან ცარუკიანთან ან პედი პიმბლეტთან ბრძოლაში. ორივესთან დაპირისპირების ფუნდამენტი, თანაც მყარი, უკვე არსებობს, განსაკუთრებით ეს ინგლისელ მეტოქესთან ჩხუბზე ითქმის. არაა გამორიცხული ისიც, რომ ილია სომეხ მებრძოლსა და "ბედის" შორის მოგებულს შეხვდეს.
რაც შეეხება უკანასკნელ, მეექვსე ქვას, "ელ მატადორი" მისი მოპოვების საკითხს განსაკუთრებულ მებრძოლთან დაპირისპირებისთვის ინახავს. საუბარია ისლამ მახაჩევის შესახებ, რომელიც ბევრის აზრით, 70 კილოგრამში ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. 28 წლის ჩემპიონის თავდაპირველი სამიზნეც სწორედ დაღესტნელი მებრძოლი იყო.
დიახ, თოფურიას ნაკლებად აინტერესებდა მოწინააღმდეგედ ოლივეირა, ცარუკიანი ან თუნდაც გეიჯი, ის ყოველთვის კავკასიელ ჩემპიონთან ჩხუბზე ფიქრობდა. ქართველი მებრძოლისა და 70 კილოგრამის 33 წლის ექს-ჩემპიონის დაპირისპირებას ელის მთელი სამყარო, მაგრამ როგორც ვიცით, ერთი პრობლემა არსებობს.
დიახ, ილია ავიდა ქვემსუბუქიდან მსუბუქში, თუმცა დივიზიონი შეიცვალა მახაჩევმაც და ის ქვესაშუალოში ელის საჩემპიონო ბრძოლას ჯეკ დელა მადალენასთან. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხდება მათი გადაკვეთა: დაღესტნელი ექს-ჩემპიონი დაბრუნდება 70 კილოგრამში, თუ "ელ მატადორი" მის თავზე სანადიროდ 77 კგ-ში ავა.
დეტალები მეორეხარისხოვანია, მთავარი კი არის ის, რომ ისლამისა და მსუბუქი დივიზონის 28 წლის ახალი ჩემპიონის ბრძოლა MMA-ს სამყაროს ჰაერივით სჭირდება. ეს იქნება ჯონსი-კორმიეს, ნურმაგომედოვი-მაკგრეგორისა და ადესანია-პერეირას დუელების იდეალური ნაზავი.
ერთ მხარეს არის დაღესტნური საბრძოლო სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, საუკეთესო თუ არა, მეორე მხარეს კი თოფურია, რომელიც სრულყოფილი ჩემპიონის სინონიმად იქცა. ფაქტია, ქართველი მებრძოლი დარჩენილი ორი ქვის მოპოვებას მეორეხარისხოვან მეტოქეებზე არ დახარჯავს.















