UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დივიზიონის შეცვლის შემდეგ, ბრძოლის მოლოდინშია — მან მოსამზადებელი კემპი ოფიციალურად დაიწყო და დიდი ალბათობით, ოქტაგონზე ივნისის ბოლოს დაბრუნდება.
მსუბუქ წონაში სადებიუტო ბრძოლისთვის, ილია თოფურიას მეტოქე ჯერჯერობით არ დასახელებულა, თუმცა, გავლენიანი წყაროების მიხედვით, ქართველი მებრძოლი საჩემპიონო ქამრისთვის ისლამ მახაჩევთან ან ვაკანტური ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირასთან იბრძოლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ილია თოფურიას მსგავსად მოსამზადებელი კემპი ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმაც დაიწყო და როგორც ჩანს, ისიც უახლოეს ორ თვეში აპირებს დაბრუნებას. გასარკვევია ვინ იქნება დაღესტნელი მებრძოლის მეტოქე, სადაც მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს — ის ტოვებს დივიზიონს, ქამარს ვაკანტურს ხდის და ქვემძიმე წონის ჩემპიონობისთვის იბრძვის ან რჩება ქვემსუბუქ წონაში და ქამრისთვის ქართველს ხვდება.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევის მსგავსად, ოქტაგონზე დასაბრუნებლად მომზადება ჩარლზ ოლივეირამაც დაიწყო, რომელმაც ბოლოს გასული წლის ნოემბერში იჩხუბა და მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა.
UFC 317, სადაც უდიდესი ალბათობით ილია თოფურიას დებიუტი შედგება ახალ წონაში, 28 ივნისს ლას ვეგასში არის ჩანიშნული, თუმცა, ორთაბრძოლები ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დასახელებულა.















