მერაბ დვალიშვილი 2025 წელს საჩემპიონო ქამარს მესამედ დაიცავს. უმარ ნურმაგომედოვისა და შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ, სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ოქტომბერში კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდება. მოგების შემთხვევაში ის შეუერთდება UFC-ის იმ მებრძოლთა ელიტურ კლუბს, რომლებმაც ერთ კალენდარულ წელიწადში ქამარი 3-ჯერ დაიცვეს.
პირველმა ეს გააკეთა ტიტო ორტისმა, როდესაც 2001 წლის თებერვალი - სექტემბრის შუალედში დაამარცხა ევან ტანერი, ელვის სინოსიჩი და ვლადიმირ მატიუშენკო. ამერიკელი ჩემპიონის დომინირება ქვემძიმე დივიზიონში მიმდინარეობდა. ერთი წლის შემდეგ, იგივე გააკეთა მეტ ჰიუზმა, ქვესაშუალო წონაში.
"გრეისების მკვლელმა" 2002 წლის მარტი - ნოემბრის შუალედში დაამარცხა ჰაიატო საკურაი, კარლოს ნიუტონი და ჯილ კასტილო. ძველი სკოლის კიდევ ერთი წარმომადგენელი წელიწადში 3 საჩემპიონო ჩხუბის მოგებით: ჩაკ ლიდელი, 2006 წლის თებერვალი-დეკემბერი, მეტოქეები - რენდი კუტიური, რენატო სობრალი და რა თქმა უნდა, ზემოთხსენებული ორტისი.
ცხადია, ეს სია არ ჩაივლიდა დემეტრიუს ჯონსონის გარეშე, რომელიც უმსუბუქეს დივიზიონში დიდი ხნის მანძილზე პრაქტიკულად უკონკურენტო იყო. ამერიკელმა ჩემპიონმა 2013 წლის იანვარი-დეკემბრის შუალედში ქამაქრი დაიცვა ასევე 3-ჯერ, ჯონ დოდსონთან, ჯონ მორაგასა და ჯოსეფ ბენავიდესთან.
UFC-ის თანამედროვე ეპოქაში ერთ კალენდარულ წელიწადში სამ საჩემპიონო ბრძოლაში იმარჯვა ორმა მებრძოლმა - ალექს პერეირამ და კამარუ უსმანმა. ბრაზილიელმა ჩემპიონმა 2024 წლის აპრილი-ოქტომბრის შუალედში მოუგო ჯამალ ჰილს, ირჟი პროხასკასა და ხალილ რანთრი უმცროსს.
რაც შეეხება კამერუნელ მებრძოლს, ის დომინირებდა 2021 წელს, როდესაც მიყოლებით დაამარცხა ჟილბერტ ბარნსი, ხორხე მასვიდალი და კოლბი კოვინგტონი. ვნახოთ, შეუერთდება თუ არა მათ რიცხვს "მანქანაც", ოქტომბერში გასამართი საჩემპიონო ჩხუბის შემდეგ.
UFC-ის მებრძოლები სამი საჩემპიონო ბრძოლის მოგებით ერთ კალენდარულ წელიწადში
| მებრძოლი | წელი | დივიზიონი |
| მეტ ჰიუზი | 2002, მარტი-ნოემბერი | ქვესაშუალო |
| დემეტრიუს ჯონსონი | 2013, იანვარი-დეკემბერი | უმსუბუქესი |
| ჩაკ ლიდელი | 2006, თებერვალი-დეკემბერი | ქვემძიმე |
| ტიტო ორტისი | 2001, თებერვალი-სექტემბერი | ქვემძიმე |
| ალექს პერეირა | 2024, აპრილი-ოქტომბერი | ქვემძიმე |
| კამარუ უსმანი | 2021, თებერვალი-ნოემბერი | ქვესაშუალო |















