რა უნდა ვიცოდეთ ამ ორთაბრძოლის შესახებ? - ო'მალის დამცინავი პასუხები მერაბს
მერაბი შონ ო'მალისთან ბრძოლას ჯერ კიდევ მაშინ ითხოვდა, როდესაც არც ერთი მათგანი იყო TOP 15-ში. მერაბი ყოველთვის პატივისცემით მიმართავდა თითეულ მეტოქეს და მზად იყო ნებისმიერთან ებრძოლა. იგი გამუდმებით იწვევდა ისეთ მებრძოლებს, როგორიც შონ ო'მალი, ან თუნდაც აწ უკვე დივიზიონის პოტენციურად შემდეგი კონტენდერი უმარ ნურმაგომედოვია. თუმცა, მერაბთან ბრძოლას არავინ თანხმდებოდა. მეტიც, ო'მალიმ მერაბის გამოწვევას დამცინავად უპასუხა და თქვა, რომ მერაბი მისგან ბრძოლას კი არა მხოლოდ ავტოგრაფს თუ მიიღებდა. სწორედ ამ დიდი ისტორიის გამოა, რომ მერაბისა და ო'მალის ერთმანეთი განსაკუთრებით არ მოსწონთ, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა ფაქტორები, რომლებზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.
ვინ არის შონ ო'მალი? სტილისტური მიმოხილვა.
ო'მალი დიდებული სტრაიკერია, მას არაერთი ძლიერი იარაღი აქვს, ამასთან, „შუგას" გააჩნია ისეთი უნარები, რითაც სხვა სტრაიკერებს საგრძნობლად აღემატება. მაშინ, როდესაც UFC-ის რიგები სავსეა, მუაი ტაის, ქიქბოქსინგისა თუ კრივის ვეტერანებით, როგორებიცა არიან ალექს პერეირა, რაფაელ ფიზიევი და ვალენტინა შევჩენკო, შონ ო'მალიმ თავისი სტრაიკინგით სახელი პირდაპირ MMA-ში გაითქვა - ყოველგვარი ბაზისა და გამოცდილების გარეშე. 61 კილოგრამი წონითი კატეგორიისთვის, ო'მალი საკმაოდ მაღალია, იგი 180 სანტიმეტრია, წვდომი კი 183 სანტიმეტრი აქვს, რაც მეტოქეებთან მიმართებით ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს. „შუგა" შეტევების დროს მრავალფეროვანია და დარტყმებს ბრმად არასდროს ისვრის, ყოველთვის ეძებს ხვრელს ოპონენტის დაცვაში და ცდილობს სწორედ იქ დააზიანოს მეტოქე. კარიერის განმავლობაში ო'მალიმ 18 გამარჯვება მოიპოვა, აქედან 11 ნოკაუტით ან ტექნიკური ნოკაუტით. შონი 29 წლისაა, მისი ორგანიზმი ათლეტურ პიკს უახლოვდება, კუნთოვანი მასაც გაეზარდა, შესაბამისად, სანოკაუტე დარტყმის ძალაც მეტი აქვს, რაც მშვენივრად დავინახეთ საჩემპიონო ორთაბრძოლაში ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ალჯამეინ სტერლინგის წინააღმდეგ. მაგრამ, ო'მალის სხვა ძლიერი მხარეები, რომლებიც მას განსაკუთრებულს ხდის, განხივლის საგანი ნაკლებად არის ხოლმე. ყველაზე გამორჩეული უნარი, რაც ო'მალის გააჩნია, არის დისტანციის კონტროლი და "ფუთვორქი". იგი არცერთ ნაბიჯს არ დგამს გაუაზრებლად და ყოველთვის იმ მანძილზე ტოვებს თავის მეტოქეს, საიდანაც თავისი გრძელი კიდურების ხარჯზე მარტივად მიწვდება.

ამ ყველაფერს დამატებული ისიც, რომ რაც ნაკლებად აკეთებს მებრძოლი ზედმეტ მოძრაობებს, მით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს. დისტანციის კარგი გრძნობა მას ასევე დარტყმების მინიმალური მანძილით აცილებაში და სწორი სანოკაუტე დარტყმის განხორციელებაში ეხმარება, რაც იდეალურად გააკეთა ალჯოს წინააღმდეგ.
ასევე, ო'მალის აქვს მოთმინების არაჩვეულებრივი უნარი. მაგალითად, თუ ჯასტინ გეიჯი თითოეულ დარტყმაში სულსა და გულს დებს, რათა მეტოქე არათუ დაანოკაუტოს, არამედ თავი მოაგლიჯოს, ო'მალი თავის მომენტებს მშვიდად ელოდება და რაოდენობაზე გათვლილი დარტყმებით მეტოქეს დიდ ზიანს აყენებს, რაც ძალიან დიდი პლუსია. პიოტრ იანთან ბრძოლაში გამოჩნდა, რომ ო'მალის მაღალი დონის სტრაიკერებთანაც შეუძლია დგომში ბრძოლის დატოვება, ზიანის მიყენება და ატანაც. იანმა ძალიან ბევრი ძლიერი დარტყმა გაუტარა ო'მალის, თუმცა შონმა, ზიანის მიუხედავად, შეძლო საპასუხოდ არაერთი კარგი დარტყმა გაეტარებინა რუსი მებრძოლისთვის. იანთან დაპირისპირება ბევრისთვის საკამათო გადაწყვეტილებით დასრულდა, რადგან იანმა შეძლო და ჭიდაობის გაცვლებში ქულები ჩაიწერა, თუმცა ამ ბრძოლის შედეგი არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის, თუ როგორ წარიმართა იგი. იანმა შეძლო და გდება გაუკეთა ო'მალის. ამ ბრძოლის შემდეგ ბევრი კომენტარი გაკეთდა იმის შესახებ, რომ ო'მალის ჭიდაობა ძალიან სუსტი იყო და სწორედ ამიტომ ალჯო ფავორიტად მოიაზრებოდა მასთან. თუმცა, საჩემპიონო დაპირისპირებაში ვნახეთ ფრთხილი ო'მალი, რომელსაც მერაბ დვალიშვილის გუნდელმა, ალჯომ, ერთი გდებაც ვერ გაუკეთა და მეორე რაუნდში მძიმედ დანოკაუტდა. ალჯომ შეძლო და არათუ 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში, არამედ ახალ წონით კატეგორიაში ისეთ მებრძოლს, როგორიც კელვინ კატარია - მიწაზე შანსი არ დაუტოვა. რას ნიშნავს ეს? - იმას, რომ ო'მალი გამუდმებით მუშაობს თავის მინუსებზე და ბევრად კარგი "თეიქდაუნ დიფენსი" აქვს, ვიდრე აქამდე ჰქონდა. თუმცა, არის მერაბთან ბრძოლაში ერთი ფაქტორი. თეორიულად და სტილისტურად თუ ო'მალის ყველაზე უხერხულ მეტოქეს წარმოვიდგენთ, ეს იქნებოდა ადამიანი, რომელსაც აქვს სასწაული ამტანობა, გამძლეობა და აქვს ჭიდაობის კარგი უნარები. მერაბ დვალიშვილი კი არის მებრძოლი, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს იდეალურად ერგება.
რა უპირატესობები აქვს მერაბს?
მაშინ, როდესაც პიოტრ იანის გამძლეობაზე ლეგენდები დადიოდა, მერაბმა მას ბრძოლის მიმდინარეობისას ის ტემპი შესთავაზა, რომელმაც რუსი მებრძოლი უბრალოდ გაანადგურა. 5 რაუნდის განმავლობაში, მერაბმა ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა მთელ დივიზიონში ერთ-ერთ ყველაზე ამტან მებრძოლს და დაჩაგრა იგი. მერაბის ძლიერი მხარე, კარდიოს გარდა, არის ტემპი, რომელიც შეუძლია რომ ყველას თავზე მოახვიოს. ერთია გქონდეს გამძლეობა, მაგრამ მეორეა შეგეძლოს მეტოქესთვის შენი თამაშის თავზე მოხვევა. ასევე, აღნიშვნის ღირსია მერაბის ჭიდაობის არაჩვეულებრივი უნარი. მერაბი არ არის უბრალოდ მორიგი მოჭიდავე, მან ოლიმპიური ჩემპიონი ჰენრი სეხუდო, ჭიდაობაში აბსულუტურად დაჩაგრა და არაერთი გდება გაუკეთა. ჭიდაობა მერაბის "სტრაიკინგს" კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. მაშინ, როდესაც მეტოქე გამუდმებით დაძაბულია და ფეხში შემოსვლას ელოდება, ნაკლებ ყურადღებას აქცევს დარტყმებს, რაც მეტ შანს აძლევს მერაბს, რომ კარგი დარტყმები გაუტაროს დგომში თავის მეტოქეს. ერთ-ერთი ყველაზე დიდებული უნარი, რაც მერაბს გააჩნია - არის წნეხი. ალბათ, ყველა მებრძოლი დამეთანხმება, თუ როგორი აუტანელია მერაბისნაირ მებრძოლთან გალიაში ყოფნა. დვალიშვილი ყოველთვის წინ მიდის, დარტყმებით და ფეხის შესვლის მცდელობებით. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენჯერ დაიცავ თავს. ძალიან ბევრი მებრძოლი ფსიქოლოგიურად ტყდება, როდესაც მეტოქის წაქცევას ვერ ახერხებს. მერაბი ამ მებრძოლთა რიგს ნამდვილად არ მიეკუთნება. თუ 100-ჯერ დაიცავ ფეხს, მერაბი 101-ე მცდელობას განახორციელებს და მაინც წაგაქცევს.

მერაბს ასევე, გამორჩეული გამძლეობა და ბრძოლისუნარიანობა გააჩნია. მარლონ მორაესმა მერაბი სასწაულად დააზიანა მარცხენა ჰუკით, რის შემდგომ მერაბი ნოკდაუნშიც კი გაუშვა, თუმცა მერაბმა შეძლო ბრძოლის იმავე რაუნდში შემოტრიალება - არაორდინალური "გრაუნდ ენდ ფაუნდით". საბოლოოდ, მერაბმა მორაესს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო. ჰენრი სეხუდომაც იგივე მარცხენა ჰუკით, შეძლო და შეაბარბაცა ქართველი მებრძოლი, თუმცა მერაბმა საკმაოდ მალე შეძლო კონდიციების აღდგენა და კვლავ, თავისი საბრძოლო გეგმის თავზე მოხვევა.
არსებობს ფაქტორები, რომელთა გამოყენებას ო'მალი აუცილებლად შეეცდება. როგორც უკვე ვახსენე, მარცხენა ჰუკი არის ის ერთადერთი ტექნიკა, რომლითაც ბოლო ბრძოლებში დვალიშვილს რაიმე ზიანი მიადგა. მერაბს უყვარს, 1-2 (ჯებ+ქროსი) ან 1-2-3 (ჯებ-ქროსი და წინა ჰუკი), კომბინაციით დისტანციის ჩახურვა, რის შემდეგაც, როგორც წესი, გდებას ამზადებს ხოლმე, თუმცა, ხანდახან კომბინაციის დასრულების დროს მარცხენა ჰუკის მოქნევისას მისი მარჯვენა ხელი დაბლა რჩება. სწორედ ამ მომენტში მოახერხეს მორაესმაც და სეხუდომაც, მერაბისთვის ზიანის მიყენება. გრძელი წვდომით ო'მალი აუცილებლად შეეცდება, მერაბის მარჯვენა ქროსს, მარცხენა ჰუკითა და ე.წ "საიდ სთეფით" (side step) შეხვდეს. თუმცა, ეს ყველაფერი მერაბზე კარგად არავინ იცის, და იგი აუცილებლად იმუშავებდა ამ დეტალების გამოსწორებაზე კემპის განმავლობაში. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ქართველი გულშემატკივარი აგვანერვიულოს და ამას „დანა უაითის პრივილეგია“ ჰქვია. შონ ო'მალი, UFC-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია, ეს ყველაფერი ბევრის აზრით, პიოტრ იანთან ბრძოლაშიც გამოჩნდა.
არსებობს ფაქტორები, რომელთა გამოყენებას ო'მალი აუცილებლად შეეცდება. როგორც უკვე ვახსენე, მარცხენა ჰუკი არის ის ერთადერთი ტექნიკა, რომლითაც ბოლო ბრძოლებში დვალიშვილს რაიმე ზიანი მიადგა. მერაბს უყვარს, 1-2 (ჯებ+ქროსი) ან 1-2-3 (ჯებ-ქროსი და წინა ჰუკი), კომბინაციით დისტანციის ჩახურვა, რის შემდეგაც, როგორც წესი, გდებას ამზადებს ხოლმე, თუმცა, ხანდახან კომბინაციის დასრულების დროს მარცხენა ჰუკის მოქნევისას მისი მარჯვენა ხელი დაბლა რჩება. სწორედ ამ მომენტში მოახერხეს მორაესმაც და სეხუდომაც, მერაბისთვის ზიანის მიყენება. გრძელი წვდომით ო'მალი აუცილებლად შეეცდება, მერაბის მარჯვენა ქროსს, მარცხენა ჰუკითა და ე.წ "საიდ სთეფით" (side step) შეხვდეს. თუმცა, ეს ყველაფერი მერაბზე კარგად არავინ იცის, და იგი აუცილებლად იმუშავებდა ამ დეტალების გამოსწორებაზე კემპის განმავლობაში. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ქართველი გულშემატკივარი აგვანერვიულოს და ამას „დანა უაითის პრივილეგია“ ჰქვია. შონ ო'მალი, UFC-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია, ეს ყველაფერი ბევრის აზრით, პიოტრ იანთან ბრძოლაშიც გამოჩნდა.

მაშინ, როდესაც ხაბიბ ნურმაგომედოვიც ფიქრობდა, რომ იანს 30-27 (ანუ სამივე რაუნდი) მიჰქონდა და არაერთი გულშემატკივარიც ეთანხმებოდა მას, შონ ო'მალიმ იანი გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამის საპირისპიროდ, დანა უაითი დიდი სიმპათიით არ გამოირჩეოდა მერაბის მიმართ ერთადერთი მიზეზის გამო. მერაბმა უარი თქვა თავის მეგობართან და სპარინგ პარტნიორთან - ალჯამეინ სტერლინგთან სატიტულო ბრძოლაზე. თუმცა, „დანა უაითის პრივილეგია" მხოლოდ ახლო ბრძოლებში თუ ეხმარება გარკვეულ მებრძოლებს, ამ ბრძოლაში კი ვფიქრობ, რომ ამის ხილვა ნაკლებად სავარაუდოა. სტილისტური სტრაიკერისა და მოჭიდავის დაპირპისპირებაში, ო'მალი ეცდება მისი წვდომში უპირატესობა (ო'მალის წვდომი 183 სანტიმეტრია - ხოლო მერაბის 173სმ.) გამოიყენოს და გარედან იმუშაოს, ხოლო მერაბი აუცილებლად წნეხში მოაქცევს ო'მალის და შეეცდება, რომ გატეხოს იგი.
დარწმუნებული ვარ, რომ დრო მერაბის სასარგებლოდ იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც მეტი რაუნდი ჩატარდება, მერაბის შანსები მით უფრო გაიზრდება, რადგან ამ ბრძოლაში თუ ვინმე დაიღლება, პირველ რიგში, ეს შონ ო'მალი იქნება. თუ საქმე საჩემპიონო რაუნდებამდე მივიდა, მჯერა, რომ მერაბი კითხვის ნიშნებს არ დატოვებს და „დანა უაითის პრივილეგიაც" ვერაფერს იზამს.
ავტორი: საბა სოზაშვილი
ავტორი: საბა სოზაშვილი















