UFC 320-ის მოსამზადებელი პერიოდი უკვე დაიწყო – ოქტომბერში მერაბ დვალიშვილი ტიტულს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული ბრძოლის ფავორიტი დვალიშვილი შთამბეჭდავ ფორმაში იმყოფება, "MMA Fighting"-ის უკანასკნელი ინტერვიუდან ვიგებთ, რომ სენდჰეგენის თავდაჯერებულობა მაღალ დონეზეა და არცერთი ეგრეთწოდებული "ნარატივი" არ აშინებს.
"არ ვაპირებ იმის დაჯერებას, რომ მერაბი შეუჩერებელი კარდიოს მანქანაა, რომელსაც ვერავინ ამარცხებს. გულით მწამს, რომ მოვიგებ და ჩემპიონის ქამარს დავეუფლები. "
დვალიშვილს მართლაც რომ სოლიდური რეპუტაცია აქვს: დაუღალავი წნეხი, არაბუნებრივი გამძლეობა, ელიტარული ჭიდაობა და უკვე საგრძნობლად გაუმჯობესებული გრეპლინგი.
"მანქანას" შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კორი აცნობიერებს, რომ ადვილი ბრძოლა არ ელის, პირიქით – მისივე თქმით, ის ყველაზე რთული სცენარისთვისაც მზადაა.
"როდესაც ადამიანის სხეული ძალიან იღლება, რეაქციები შესაბამისად არ ფუნქციონირებს და სწორი გადაწყვეტილების მიღებაც რთულდება. მერაბი შეხვედრებს სწორედ ამ ფაქტის ხარჯზე იგებს - იგი მათ მენტალურად ღლის.
ამას ვაკეთებ მეც. ჩემს ბრძოლებში მუდამ ხდება ისეთი რამ, რაც მოწინააღმდეგეს რეაგირებას აიძულებს. ზუსტად ასეთია მერაბიც – ის არამხოლოდ შეუდარებლად გამძლე, ასევე საკმაოდ ტექნიკური მებრძოლიცაა. "
ამერიკელი კონტენდერი მიიჩნევს, რომ დვალიშვილის წინააღმდეგ, მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ბრძოლის თავდაპირველი ტემპის წაყვანაა, რადგან უმეტესწილად, სწორედ მერაბი ითრევს მოწინააღმდეგეებს საკუთარ თამაშში.
"მთავარია, რომ ბრძოლაში პირველი ნომერი და მენტალურად მომზადებული ვიყო. მინდა, რომ მერაბის ტემპს გავუძლო, მაშინაც კი, როცა დავიღლები.
ტექნიკურად მერაბი ფენომენალური მოჭიდავეა და ახლა მიწაზეც საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა სხვა ასპექტებში ვერ ვიტყოდი, რომ მსოფლიოში ყველაზე საშიში მეტოქეა. მთავარია კონცენტრაცია არ დავკარგო და ბრძოლა ვმართო.
ბევრს გავაოცებ იმით, თუ როგორ გამოვალ მერაბის წინააღმდეგ. ამ ყველაფერს მოუთმენლად ველი."















