გთავაზობთ ინტერვიუს ქართული MMA-ის ამომავალ ვარსკვლავ ბიძინა გავაშელიშვილთან:
- საუბარი დავიწყოთ ბოლო ბრძოლით, ერასილ შუკატაევი დაამარცხეთ. ოქტაგონზე 14-თვიანი პაუზის შემდეგ გახვედით და გარკვეული სირთულეების გადალახვა მოგიწიათ. გვითხარით, როგორ მიმდინარეობდა მოსამზადებელი პერიოდი და საკუთრივ ბრძოლა?
- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ პაუზა ჩემით არ იყო გამოწვეული, ხშირად მოწინააღმდეგე არ მყავდა ან ჩანიშნული ბრძოლა მეტოქის ტრავმის გამო უქმდებოდა. ამიტომ გაიწელა ოქტაგონზე ჩემი დაბრუნება. რაც შეეხება მზადების პროცესს, საერთო ჯამში, კარგი კემპი გავიარე ჩემს კლუბ "MEMETE"-ში, თუმცა დიდ სპორტთან ერთად, მუშაობაც მიწევს და ორივე ერთად რთულია, განსაკუთრებით ბრძოლისთვის აქტიური ვარჯიშის ეტაპზე. მთავარი სირთულე რაზეც ყურადღების გამახვილება ღირს, სწორედ ამაში მდგომარეობდა.
- მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაცია BRAVE CF-ში უკვე ორი მოგება გაქვთ. სადებიუტო ბრძოლაში დაუმარცხებელ მაგომედ იდრისოვთან გაიმარჯვეთ. როგორია ბიძინა გავაშელიშვილის საჩემპიონო პერსპექტივები ამ ორგანიზაციაში?
- პერსპექტივა სერიოზულია იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი პირველი მეტოქე ქამრის მთავარი პრეტენდენტი იყო, თუმცა მასთან ბრძოლასაც ყველა ერიდებოდა. საბოლოოდ, ჩემამდეც მოაღწია მასთან დაპირისპირების შემოთავაზებამ, რასაც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ივენთამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი. მადლობა უფალს, შევძელით შთამბეჭდავი გამარჯვების მოპოვება. ამის შემდეგ, ჩემი ბოლო ბრძოლა ყაზახ მეტოქესთან ქამარზე გამსვლელი, ანუ საპრეტენდენტო შეხვედრა იყო. აქ გამარჯვების მოპოვებით, დიდი ალბათობით, შანსს მივიღებ შემდეგი ორთაბრძოლა ყველა სპორტსმენისთვის საოცნებო - მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის გავმართო.
- 9 აგვისტოს BRAVE CF ჩინეთში პირველად ჩავიდა. თქვენ აქამდე ამ ქვეყანაში ბევრჯერ გიბრძოლიათ. როგორია ჩინურ ღონისძიებაზე გამოსვლის პერიპეტიები და ზოგადად, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისა და ბრძოლის გამოცდილება მებრძოლზე?
- დიახ, უმაღლეს დონეზე გამოსვლა ჩინეთში დავიწყე და, რა თქმა უნდა, ემოციურად ვიყავი. რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყანაში ბრძოლასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, უკვე ბევრგან მომიწია გამოსვლა. ამ გარემოებას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. იმის მიუხედავად, თუ სად იქნება ოქტაგონი, მიზანი ერთია და უცვლელი - ჩემპიონობა.
- როგორ დაიწყო ბიძინა გავაშელიშვილის - როგორც მებრძოლის ისტორია?
- ვარჯიში არც ისე ადრეულ ასაკში დავიწყე, 15 წლის ვიყავი. თუმცა, თავიდანვე ვჩქარობდი და დიდი შემართებით ვიყავი, რადგან ვიცოდი რაც მინდოდა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ სწრაფად მიმეღწია წარმატებისთვის. ვფიქრობ, ეს გამომივიდა კიდეც. თუმცა, ისევ მეჩქარება - ბევრი რამ მაქვს მოსასწრები, ასაკის მიუხედავად ვფიქრობ, რომ დრო სწრაფად გადის. სპორტში ყოველთვის გააზრებული სიჩქარეა საჭირო.

- როგორც ვიცით, საქართველოში ვარჯიშობთ და ემზადებით. რა სირთულეებთან არის დაკავშირებული MMA-ის ათლეტის ცხოვრება საქართველოში და არის თუ არა მზად ქართული სივრცე აღზარდოს წარმტებული მებრძოლები?
- მთავარი პრობლემა ფინანსებს უკავშირდება. თუ ფინანსურად უზრუნველყოფილი არ ხარ, საქართველოში ვარჯიში მუშაობის გარეშე შეუძლებელია. ეს პირდაპირ აისახება მზადების ხარისხზე და, რა თქმა უნდა, შედეგზე. არის კიდევ დიდი პრობლემა - პოპულარიზაცია. დღესდღეობით, საქართველოში მხოლოდ UFC-ის იცნობენ. საწყენია, როცა მსოფლიოს უდიდეს ორგანიზაციებში ქართველები ქართულ დროშას ვაფრიალებთ, მაგრამ ჩვენ შესახებ ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება. მზადყოფნას რაც შეეხება, საქართველოში ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ძალიან მაგარი მებრძოლები გაიზარდონ. უბრალოდ, საჭიროა ერთად ყოფნა და საწყისი ეტაპიდანვე ერთმანეთის გვერდით დგომა. ეს მხოლოდ PR კამპანიასა და სპონსორებს არ ეხება. კარგი იქნება, ქართველი სპორტსმენების საერთო სივცეში ხილვა. საერთო კემპი ყველა მებრძოლს დაეხმარება და თითოეულის საბრძოლო დონეს აწევს. საბოლოოდ, საქართველოში MMA-ის სწრაფი ტემპით განვითარებას მივიღებთ.
- თქვენ რუსთავიდან ხართ - ქალაქიდან, რომელსაც სერიოზული და წარმატებული საბრძოლო ტრადიციები აქვს. რუსთავიდან არიან ოლიმპიური მედლის მფლობელი ლაშა გურული და UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია. როგორი იყო რუსთავში გადადგმული პირველი ნაბიჯები დიდი სპორტისკენ?
- რუსთავი ჩემი მშობლიური ქალაქია. იქ დავიბადე და გავიზარდე. რა თქმა უნდა, ვარჯიშიც იქ დავიწყე და ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი ნაბიჯები. ახლაც, როცა საშუალება მაქვს, ჩემს ქალაქშიც რეგულარულად ვვარჯიშობ, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა. ჩემი ქალაქის მხრიდან მეტი ყურადღება და გვერდში დგომა იგრძნობა. ვფიქრობ, დიდ რუსთავს დიდი მომავალი აქვს MMA-ში და არამარტო, სპორტის სხვა სახეობებშიც, რადგან მომავალ თაობებს განსავითარებლად უკეთესი გარემო დახვდებათ.
- BRAVE CF ქართველ მებრძოლებს კარიერის განვითარებაში ძალიან ეხმარება. ამ ორგანიზაციიდან უმაღლეს სცენაზე გადაინაცვლეს გურამ ქუთათელაძემ და ილია თოფურიამ. როგორია თქვენი შორეული გეგმები და არის თუ არა უფრო გლობალური ორგანიზაციებიდან, მაგალითად UFC, PFL - დაინტერესება?
- რა თქმა უნდა, ჩემი გეგმა უმაღლეს დონეზე ასვლაა. ჩემი მიზანია გავხდე პირველი უმსუბუქესი წონის (FlyWeight) ჩემპიონი საქართველოდან. შესაბამისი ამბიცია და უნარები გამაჩნია, ამიტომ მაქსიმალურად მეტის მიღწევას ვცდილობ! შემოთავაზებები იყო და არის კიდეც, თუმცა, Brave CF-სთან კონტრაქტი მაკავშირებს. ამ ორგანიზაციაში ტიტულის მოგება მსურს. ეს გეგმა გვაქვს მე და ჩემს მენეჯმენტს. გეგმას ბოლომდე მივყვები, რადგან ვიცი, წარმატებული მებრძოლის სტატუსით UFC-ში გადასვლა ქამრამდე მისვლას გამიმარტივებს.
- გითქვამთ, რომ სტრაიკინგი და სტრაიკერი მებრძოლი საერთაშორისო ბაზარზე უფრო გაყიდვადია, ვიდრე სხვა სტილის მებრძოლი. როგორი მებრძოლია ბიძინა გავაშელიშვილი და რა კომპონენტებს ავითარებს ახლა?
- მე უნივერსალი მებრძოლი ვარ, რომელსაც როგორც სტრაიკინგით, ასევე ჭიდაობით შეუძლია უმაღლეს დონეზე ბრძოლა. ამას ჩემი პერფორმანსები ადასტურებს. მე გრეპლერებს გრეპლინგში ვამარცხებ, ხოლო სტრაიკერებს - სტრაიკინგში!
- UFC-ში საქართველოს უკვე 6 მებრძოლი ჰყავს. იცნობთ მათ? რამდენად მნიშვნელოვანია პერსპექტიული მებრძოლისთვის წარმატების გაზიარება იმ ათლეტების მხრიდან, რომლებიც უკვე მწვერვალზე არიან?
- რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს ვიცნობ, რამდენიმეთან პირადი ურთიერთობაც მაქვს. ცხადია, მნიშვნელოვანია მათი მხრიდან გვერდში დგომა, რასაც ჩვენი ბიჭებისგან ვგრძნობ. ხშირად მისაუბრია მერაბთან და გურამთან. გურამმა ჩემს ბოლო ბრძოლამდე დამირეკა. გასვლის წინ წარმატება მისურვა. ეს ძალიან დასაფასებელია. ასევე მოიქცა იცო ბაბულაიძეც. სულ ვამბობ, საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ასე გაცილებით ძლიერები ვართ.
- 2024 წლის შემოდგომა ქართული MMA-სთვის ძალიან ცხელი იქნება. მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას საჩემპიონო ბრძოლები ელით. რა პროგნოზი გაქვთ?
- ვფიქრობ, ამ ორ დივიზიონში ჩვენ საუკეთესო მებრძოლები გვყავს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე UFC-ში ჩვენ ერთდროულად ორი მსოფლიოს ჩემპიონი გვეყოლება.















