
აქ ძალიან საინტერესო ამბავია. აშკარაა, რომ დანა უაითის დამსახურებით UFC-მა MMA-ის ინდუსტრიაში აბსოლუტური მონოპოლია მოიპოვა, თუმცა, PFL-ისა და Bellator-ის გაერთიანების შემდეგ, ამ სტატუს-კვოს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. UFC-ის კონკურენტი ორგანიზაციების ჩანაფიქრი სწორედ ასეთია. ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც UFC ბაზარზე უპირობო ლიდერია, არის ორგანიზაციის რეპუტაცია. მიუხედავად, იმისა რომ UFC მებრძოლებს განსაკუთრებულად შემოსავლიან კონტრაქტებს არ სთავაზობს, მითუმეტეს კარიერის დასაწყისში, ნებისმიერი მებრძოლის ყველაზე დიდი ოცნება UFC-ში მოხვედრა და ამ ორგანიზაციის ქამარის მოპოვებაა, რადგან კრივისგან განსხვავებით, მართვის სტრუქტურიზებული ვერტიკალი არ არსებობს, MMA-ში UFC-ის ქამარი ერთადერთი და განუმეორებელია. UFC-ის ჩემპიონობას, ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, კითხვის ნიშნები არ დაესმის. UFC-ის ჩემპიონობა საუკეთესოობას ნიშნავს. თუმცა, გუშინდელმა მოვლენებმა კონკურენციის საკითხი საკმაოდ აქტუალური გახადა. UFC-მა PFL-ის ქარდს საკმაოდ სუსტი ივენთი დაუპირისპირა, თუმცა არც PFL-მა აარჩია ისეთი თარიღი, როდესაც UFC PPV ივენთს ატარებს და All-In-ს შედის. აშკარაა, რომ ამ ნაბიჯით PFL-მა UFC-სთან პროვოკაციულ და გამომწვევ დუელს, გარკვეულწილად, თავი აარიდა. არადა, PFL-ისთვის ეს იყო შანსი, რომ UFC-სთვის პირდაპირი ომი გამოეცხადებინა. გუშინდელი საღამოს მთავარი ფიგურა ფრენსის ნგანუ იყო. UFC-ის ივენთის პარალელურად კამერუნელი სხვა ორგანიზაციის — PFL-ის ღონისძიების ჰედლაინერად მოგვევლინა, რაც იმის სიმბოლური გამოხატულებაა, რომ ელიტარულ სუპერვარსკვლავს წარმატების მიღწევა UFC-ის მიღმაც შეუძლია.

MMA-ის ლეგენდები UFC-დან სხვა ორგანიზაციებში ადრეც გადასულან, თუმცა მაშინ ყველაფერი UFC-ის კარნახით ხდებოდა. ამჯერად სიტუაციას მთლიანად ფრენსისი აკონტროლებდა. ყველას ეგონა, რომ დანა უაითისა და მისი ორგანიზაციის წაანაღმდეგ წასული მებრძოლი ხელს კარიერულ სუიციდს აწერდა, თუმცა ნგანუ პრეცედენტული მაგალითია იმისა, რომ MMA-ში ვარსკვლავური გზა UFC-ის მიღმაც გრძელდება. დანა უაითის ორგანიზაციიდან წამოსვლის შემდეგ „პრედატორმა" კრივში ორი ბრძოლა გამართა, ძალიან ბევრი ფული იშოვა და რანგით მე-2 ორგანიზაციაში სატიტულო ორთაბრძოლა დაიმსახურა. ამასთან ერთად, ფინანსური თვალსაზრისით, PFL-ური კონტრაქტი UFC-სას ბევრად აღემატება. 2022 წლის იანვრიდან მოყოლებული UFC და დანა უაითი ფრენსისის მიმართ ბინძური PR კამპანიის აგორებს ცდილობდნენ. მათი ნარატივის მიხედვით, ფრენსის ნგანუმ ჯონ ჯონსთან ჯახი თავიდან იმიტომ აირიდა, რომ ისტორიაში საუკეთესო მებრძოლთან დაპირისპირება არ სურდა.
ჩემი აზრით, ნგანუს სახელი PFL-ს უფრო ეფექტურად უნდა გამოეყენებინა. მარკეტინგული თვალსაზრისით კამერუნელი ძალიან დიდი აქტივია, თუმცა, არის რიგი ფაქტორები, რაც დონ დევისისა და მისი ორგანიზაციის ამოცანას ართულებს. დანა უაითის ეპოქის დაწყებასთან ერთად, UFC ნამდვილ PR მონსტრად გადაიქცა. უშუალოდ ბრძოლების გარდა, გასართობი და შემეცნებითი კონტენტის წარმოება UFC-ის ერთ-ერთი სუპერძალაა. რემპეიჯ ჯექსონი, ბენ ასკრენი, ედი ალვარესი და თითქმის ყველა ის მებრძოლი, რომელსაც კარიერის განმავლობაში Bellator-სა და UFC-ში უასპარეზია, აღნიშნავდნენ, რომ Bellator-ის მარკეტინგული შეფუთვა, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკას ვერ უძლებს, მითუმეტეს, როდესაც UFC-ის სტანდარტს ვიცნობთ.

ვფიქრობ, UFC-სა და დანარჩენ ორგანიზაციებს შორის მთავარ სხვაობას სწორედ ეს კომპონენტი ქმნის. კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი - UFC არეკლამებს მებრძოლებს. ფრენსის ნგანუ, როგორც პერსონაჟი დანა უაითისა და ორგანიზაციის შექმნილია. ამ მხრივ UFC-ის სრულიად უნიკალური პროექტია კონორ მაკგრეგორი. საბოლოო ჯამში, ირლანდიელისგან UFC-მა გამოძერწა მითიური ფიგურა, რომლის თითოეული პერფორმანსი უნივერსალურ დღესასწაულს ნიშნავდა. UFC-ის ინტერესშია ხმაურისა და ინტრიგის შექმნა. მთავარია მებრძოლის ნახვა გინდოდეს - მის მოგებას გულშემატკივრობ თუ წაგებას, ეს მეორეხარისხოვანია. ორგანიზაციის მხრიდან მებრძოლის გაპიარებაზე ფულის დახარჯვა წარმატებული ინვესტიციაა, რადგან როდესაც ორი ასეთი მებრძოლი ერთმანეთს გადაეყრება, იბადება უდიდესი ბრძოლა, რომლის ხილვაც ყველას უნდა.
სხვა ორგანიზაციები მებრძოლების მიმართ ასეთი ჭკვიანური და თანმიმდევრული დამოკიდებულებით არ გამოირჩევიან. მათი მხრიდან ყურადღების ცენტრში ყოველთვის ორგანიზაციაა და არა მებრძოლის უნიკალურობა. რეალობა ასეთია - ნგანუსთან დაპირისპირებამდე რენან ფერეირას სახელი MMA-ის გულშემატკივართა უმეტესობამ უბრალოდ არ იცოდა. ასეთი მიდგომით ძალიან დიდი პოტენციალი ნიავდება, შესაბამისად, სხვა ორგანიზაციებმა მებრძოლებზე მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ. პერსპექტივაში ეს თავად ორგანიზაციის პოპულარობაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს.
სხვა ორგანიზაციები მებრძოლების მიმართ ასეთი ჭკვიანური და თანმიმდევრული დამოკიდებულებით არ გამოირჩევიან. მათი მხრიდან ყურადღების ცენტრში ყოველთვის ორგანიზაციაა და არა მებრძოლის უნიკალურობა. რეალობა ასეთია - ნგანუსთან დაპირისპირებამდე რენან ფერეირას სახელი MMA-ის გულშემატკივართა უმეტესობამ უბრალოდ არ იცოდა. ასეთი მიდგომით ძალიან დიდი პოტენციალი ნიავდება, შესაბამისად, სხვა ორგანიზაციებმა მებრძოლებზე მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ. პერსპექტივაში ეს თავად ორგანიზაციის პოპულარობაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს.

ივენთების რაოდენობა კიდევ ერთი ფაქტორია. UFC ფანებს სანახაობას მუდმივად სთავაზობს. UFC-ის გააჩნია Apex-ი, შენობა ლას ვეგასში, სადაც Fight Night-ების ორგანიზება სტაბილურად, თითქმის ყოველ შაბათს მინიმალური დანახარჯით არის შესაძლებელი. ამასთან ერთად, სხვადასხვა პლატფორმისთვის UFC აწარმოებს ისეთ დახვეწილ პროექტებს, როგორებიცაა Dana White's Contender Series და The Ultimate Fighter. სუპერმარკეტი სახელად UFC მომხმარებელს რამდენიმე ტიპის პროდუქტს სთავაზობს, საბოლოო ჯამში, მომხმარებელი ერთ-ერთს აუცილებლად ირჩევს. მარკეტინგული ხრიკიც სწორედ ამაშია. წლების განმავლობაში UFC წარმატების ფორმულას ჯერ იგონებს, შემდეგ კი ეფექტურად იყენებს. წარმატების მისაღწევად და კონკურენტული ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად PFL-მა მსგავს მოდელზე მუშაობა უნდა დაიწყოს. წერტილოვნად — უბრალოდ ვარსკვლავების (უმეტესწილად კი ჩამოწერილი ან კარიერულ დაღმასვლაზე მყოფი ვარსკვლავების) გადაბირებით, გრძელვადიანი, ხარისხიანი მომხმარებლის მოზიდვა შეუძლებელია.
შესაძლებლობის მნიშვნელობა
თანხა არ არის ერთადერთი ფაქტორი, რაც მებრძოლს უნდა შესთავაზო. მებრძოლი ამპარტავანი და ამბიციური ადამიანია, რომელსაც, როგორც ფული, ასევე დიდება უნდა. ახალგაზრდა მებრძოლებს ორგანიზაციებმა უნდა შესთავაზონ ის ცნობადობა და რეპუტაცია, რომლითაც მებრძოლები საკუთარ ეგოს დაიკმაყოფილებენ. დღევანდელ ბაზარზე გლობალური ბრენდი მხოლოდ UFC-ია, შესაბამისად, ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია მებრძოლთათვის მხოლოდ UFC-მდე მისასვლელ ერთ-ერთ ეტაპად აღიქმება. როლთა ასეთი გადანაწილება UFC-ის უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. სწორედ ამ მოცემულობას უნდა ებრძოლოს ყველა სხვა ორგანიზაცია - პირველ რიგში კი PFL. ჩემი აზრით, MMA-ის უახლოეს ერაში ეს არ მოხდება. ამ ეტაპზე, ჩემი როგორც MMA-ის მებრძოლის მიზანი სწორედ UFC-ია, რადგან არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე ორგანიზაციამ UFC-ის PR მექანიზმს ფუნქციური და სრულფასოვანი ალტერნატივა დაუპირისპიროს.
ფრენსის ნგანუს უმაგრესმა პერფორმანსმა ცხადჰყო, რომ UFC-იმ ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დაკარგა. საპირისპიროდ, PFL-მა კი კომბატ სპორტის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი შეიძინა, თუმცა ეს არაფრის გარანტია არ არის. ამ შანსს გამოყენება სჭირდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით, PFL ამ შანსს ჯერ ვერ იყენებს. ახლავე გეტყვით რატომაც: წარმოიდგინეთ UFC-ის ერთ ივენთზე იბრძვიან მერაბ დვალიშვილი და შონ ომალი, ილია თოფურია და მაქს ჰოლოუეი, ჯონ ჯონსი და ტომ ასინალი, ბელალ მუჰამედი და შავკატ რახმონოვი, ასევე დივიზიონის TOP 5-ის სხვა მებრძოლები. წარმოგიდგენიათ ამ ქარდის გარშემო რამხელა აჟიოტაჟი იქნებოდა?! გუშინ PFL Super Fights-ზე დაახლოებით მსგავსი რამ ხდებოდა. გუშინ რიადში Bantamweight-ის, Featherweight-ის, Middleweight-ისა და Heavyweight-ის მოქმედი თუ ყოფილი ჩემპიონები გამოდიოდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ივენთმა შესაბამისი ყურადღება მაინც ვერ მიიქცია.

19 ოქტომბრის საღამომ გვაჩვენა, რომ შორეულ პერსპექტივაში UFC-ისთან ღირსეული კონკურენციის გაწევა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის PFL-სა და სხვა ორგანიზაციებს განვითარების მაღალი ტემპის აკრეფა და წარმოუდგენელი სტაბილურობა მართებთ. ერთ-ერთ ინტერვიუში PFL-ის პრეზიდენტმა, დონ დევისმა, განაცხადა, რომ UFC-სთან ჩამორჩენის აღმოფხვრას 5-10 წლამდე შუალედში შეძლებდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დროის ათვლა გუშინდელი სუპერ-ივენთიდან დაიწყო.
ავტორი: საბა სოზაშვილი















