ორი ქართველი UFC-ის ვარსკვლავი - მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია, დღეს დღეისობით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ მებრძოლებად ითვლებიან. მათი ზემოხსენებული სტატუსი განპირობებულია უკანასკნელი შთამბეჭდავი გამარჯვებებით, განსაკუთრებით კი 2025 წლით, რომელიც ორივე ათლეტისთვის ძალზედ წარმატებული გამოდგა. მერაბმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი ორჯერ, უმარ ნურმაგომედოვისა და შონ ომალის წინააღმდეგ დაიცვა, ხოლო ილიამ ლეგენდარული მებრძოლის - ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტება და მსუბუქი დივიზიონის ქამრის მოპოვება შეძლო.
უკანასკნელად, მერაბ დვალიშვილი „The Ariel Helwani Show“-ს ესტუმრა. იგი ინტერვიუს დროს უამრავ აქტუალურ საკითხს შეეხო და ილიას უნიკალური შესაძლბელობებიც განიხილა.
" ის განსაკუთრებულია. საოცრად ჭკვიანი და ორგანიზირებულია. ილია თავისი ძმისგან განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმაც არაჩვეულებრივი, ნიჭიერი მებრძოლია, ილია ყველაფერს წინასწარ ხედავს. იგი შრომობს, გეგმა აქვს და მას ყოველთვის ასრულებს.
მასთან ვსპარინგობდი. ბრწყინვალე ჭიდაობა და ჯიუ-ჯიტსუ აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ საშინლად ძლიერად ურტყამს. მასთან უკვე ვეღარ ვსპარინგობ, რადგან ეს პროცესი ძალიან მტკივნეულია. ორჯერ, ტანში დარტყმით დამაგდო. მადლობა ღმერთს, თავი კარგად მაქვს, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც სპარინგი სრულდებოდა ვფიქრობდი — "ღმერთო მადლობა, რომ დასრულდა."
დვალიშვილის მსგავსად, UFC-ში თოფურიასაც გრძელი გამარჯვებათა სერია აქვს და 17 პროფესიონალურ ბრძოლაში ჯერაც დაუმარცხებელია. მისი ბოლო სამი გამარჯვების მოპოვება MMA-ს ლეგენდების — ვოლკანოვსკის, ჰოლოუეისა და ოლივეირას წინააღმდეგ შეძლო, რაც მისი დონის კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთია.
"მანქანის" აზრით, თოფურია, რომელიც ამჟამად UFC-ის სუპერვარსკვლავად მიიჩნევა, არა მხოლოდ ბრწყინვალე მებრძოლი, არამედ განათლებული და ეროვნული იდენტობის მატარებელი პიროვნებაცაა.
"ილია ჩვენს ენაზე, ქართულად ლაპარაკობს, ასევე ინგლისურად, ესპანურად და მგონი რუსულად საუბარიც შეუძლია. გერმანიაშია დაბადებული, მაგრამ სულით ხორცამდე ქართველია. ბავშვობაში ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა, ერთ-ერთი გეტოს ტიპის უბანში. სკოლაში საქართველოში დადიოდა და ქუჩის ჩხუბებიც გამოცდილი აქვს."
პროფესიონალიზმი და მოწინააღმდეგის პატივისცემა
მიუხედავად იმისა, რომ თოფურიას თავდაჯერებულობას ზოგისთვის ქედმაღლური იერი აქვს, სინამდვილეში, ის მოწინააღმდეგეების მიმართ ყოველთვის დიდი პატივისცემით გამოირჩევა.
"დღით ადრე მითხრა, რომ ძმაო, ოლივეირა ძალიან კარგი და მეგობრული ადამიანიაო და მე ვუპასუხე "ვოლკანოვსკიც კარგი პიროვნება იყო, მაგრამ ხვალ ის შენი მეტოქეა, შენი გასაკეთებელი აუცილებლად უნდა გააკეთო"
მერაბის მომავალი მიზნები UFC-ში
რაც შეეხება დვალიშვილს, მას შემდეგი სატიტულო ბრძოლა კორი სანდჰაგენის წინააღმდეგ სურს. იდეალური ვარიანტი მისთვის ოქტომბერში დაბრუნებაა, თუმცა ნოემბერში, მადისონ სქვეარ გარდენში ბრძოლაც მისი ინტერესის სამიზნეა.
"რაც შეიძლება მალე მინდა ვიბრძოლო. ლას ვეგასში, 4 ოქტომბერს ღონისძიება ტარდება, რაც ჩემი აზრით, კარგი ვარიანტია. მალე ბრძოლა მსურს, დიდ ხანს ლოდინი არ შემიძლია. მაგრამ თუ საჭირო გახდა, შეიძლება ნოემბრამდეც დავიცადო."















