ხუთი განაღდებული მედალი თბილისში მიმდინარე შერეული საბრძოლო ხელოვნებების მსოფლიოს ჩემპიონატზე - „თბილისი არენას“ დარბაზში მეოთხედფინალური ბრძოლა უფროსებს შორის ოთხიდან სამმა, ახალგაზრდებში კი ოთხიდან ერთმა მებრძოლმა მოიგო. კიდევ ერთი სპორტსმენი მარიამ თოფურია ტურნირში ნახევარფინალიდან ერთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ ბრინჯაო მასაც გარანტირებული აქვს.
უფროსებს შორის მიზანს მირზა გაჯიევმა (79,4 კგ), რომან ჩოჩიშვილმა (83,9 კგ) და გიორგი იმერლიშვილმა (+97 კგ) მიაღწიეს. გაჯიევმა უზბეკ სარვარბეკ ჰასანოვს, ჩოჩიშვილმა ხორვატ იან გოისალიჩს, ხოლო იმერლიშვილმა პოლონელ მარეკ ვლოდარჩიკს აჯობა. რაც შეეხება ბექა შაინიძეს (65,8 კგ), ის უზბეკ ზაფარიონ ასატოვთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
იუნიორებში ჩვენი ქვეყნის დელეგაციის ერთმა წარმომადგენელმა მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გაინაღდა - ამის გაკეთება ლექსო საბანაძემ (+97 კგ) შეძლო, რომელმაც მძიმე წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში უკრაინელ ვოლოდიმირ შჩერბანს აჯობა. ნახევარფინალში გასვლის შანსი დღეს კიდევ სამ ქართველ მებრძოლს, ლაშა ყაფლანიშვილს (56,7 კგ), თამაზ შავაძეს (56,7 კგ) და რამინ ფერაძეს (79,4 კგ) ჰქონდა, მაგრამ სამივე მათგანი დამარცხდა. როგორც ყაფლანიშვილმა, ასევე შავაძემ ტაჯიკეთის წარმომადგენელთან წააგო, ფერაძეს კი ფრანგმა მოწინააღმდეგემ აჯობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ნახევარფინალური ბრძოლებით ხვალ გაგრძელდება, ხოლო დახურვის ცერემონია 2 ოქტომბერს შედგება.
უფროსები
65,8 კგ: ბექა შაინიძე (საქართველო) - ზაფარიონ ასატოვი (უზბეკეთი)
79,4 კგ: მირზა გაჯიევი (საქართველო) - სარვარბეკ ჰასანოვი (უზბეკეთი)
83,9 კგ: რომან ჩოჩიშვილი (საქართველო) - იან გოისალიჩი (ხორვატია)
+97 კგ: გიორგი იმერლიშვილი (საქართველო) - მარეკ ვლოდარჩიკი (პოლონეთი)
ახალგაზრდები
56,7: კგ ლაშა ყაფლანიშვილი (საქართველო) - ისლომ საიდოვი (ტაჯიკეთი)
56,7 კგ: თამაზ შავაძე (საქართველო) - საიალი კამოლოვი (ტაჯიკეთი)
79,4 კგ: რამინ ფერაძე (საქართველო) - ადელ ერედირი (საფრანგეთი)
+97 კგ: ლექსო საბანაძე (საქართველო) - ვოლოდიმირ შჩერბანი (უკრაინა)















