“დედა და ილია” - წიგნი, რომელიც UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს ესპანურ ენაზე გამოიცა და უკვე გაყიდვაშია.
გიორგი კეკელიძის ავტორობით გამოცემული წიგნი - “დედა და ილია” გვიყვება სოხუმი - ჭუბერი - რუსთავი - ჰალე - რუსთავი - ალიკანტე - კალიფორნია, - რთული გზისა და გამარჯვებამდე მისული ბრძოლის ამბავს.
დედა და ილია უკვე ერთი წელია, რაც საქართველოში გაყიდვაშია და ამ პერიოდის განმავლობასი წიგნი ბესთსელერის ადგილს შეუცვლელად იკავებს. წიგნის შინაარსისა და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ესპანურ ენაზე წიგნის გამოცემა ბიოგრაფიული ნაწარმოებისთვის ახალი ეტაპია.
SMH Sports-მა ინგა ბენდელიანი-თოფურიასთან და გიორგი კეკელიძესთან ერთად, პარტნიორული შეთანხმება გააფორმა, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ესპანურ Grupo Planeta-სთან, რომელმაც გამოსცა წიგნი ესპანურ ენაზე.
Grupo Planeta არის წამყვანი ესპანური საკომუნიკაციო ჯგუფი, რომელიც 1949 წელს დაარსდა ბარსელონაში და ამ დროისთვის, არის წამყვანი საგამომცემლო ჯგუფი ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში. კომპანია ასევე წარმატებით ოპერირებს საფრანგეთში. Grupo Planeta ერთ-ერთი უდიდესი ესპანური მულტიმედიური ჯგუფია მედია სივრცეში.
“დადა და ილიას” ესპანურ ენაზე გამოცემისა და ახლი შესაძლებლობების შესახებ, წიგნის მთავარმა გმირმა, ინგა ბენდელინმა-თოფურიამ და წიგნის ავტორმა, გიორგი კეკელიძემ ისაუბრეს:
ინგა ბენდელინი-თოფურია: "ესპანური აუდიტორიიდან “დედა და ილიას” მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იგრძნობა. მიუხედავად იმისა რომ სულ რამდენიმე დღეა, რაც წიგნი გაყიდვაში ჩაეშვა, მკითხველები მწერენ და შთაბეჭდილებებს მიზიარებენ. ესპანელებისთვის თავად წიგნის იდეა და ის გზა, რაც გადმოცემულია, საინტერესო აღმოჩნდა, ხშირად მეუბნებიან, რომ აღფრთოვანებულნი არიან, ქართველი ქალის ამდენი ბრძოლით, ესპანეთში ჩამოსვლა, შვილების აღზრდა, თავის დამკვიდრება და მისვლა დიდ გამარჯვებამდე, მეუბნებიან რომ ეს წიგნი მათთვის ინსპირაცია და მოტივაციაა, რაც ძალიან მახარებს.
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომ “დედა და ილია” წიგნად იქცა, ნამდვილად იყო მოტივაციის, შთაგონების, ბრძოლისუნარიანობისა და სიძლიერის მაგალითის მიწოდება. ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის და მკითხველების ფართო წრისთვის ეს ნამუშევარი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დაძლიონ სირთულეები და იპოვონ ძალა ცხოვრების რთულ ეტაპებზე.
პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანია პარტნიერორებისა და მხარდამჭერების წვლილი, მინდა გამოვყო წიგნის ავტორი გიორგი კეკელიძე, SMH Sports-ი,ბერიკა შუკაკიძე, ბიბლუსი და რა თქმა უნდა, ესპანეთში Grupo planeta. ძალიან საინტერესო წიგნი გამოვიდა და ასევე, ნათარგმნია ჰოლანდიურ ენაზეც მცირე ტირაჟით და ვგეგმავთ ინგლისურადაც მივაწოდოთ მკითველს, რაზეც ვმუშაობთ."
გიორგი კეკელიძე: "Grupo planeta და მისი გამომცემლობა espasa ესპანუროვანი სამყაროს საგამომცემლო სივრცის გიგანტია. ამ წიგნის მათ მიერ გამოცემა და წამყვანი მედიების გამოხმაურებები, ცხადი ნიშანია იმისა, რომ ესპანურენოვან მკითხველს, საკუთრივ ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, აინტერესებს იმ ადამიანის ისტორია, რომელმაც მათ UFC ჩემპიონი აჩუქა. ინგას ამბავი მართლაც უნიკალურია და შემთხვევითი არ არის ესპანური გამოცემის მეორე სათაური, რომელიც არდანებებებაზე მიუთითებს. ეს მართლაც არის ერთ ადამიანში გამორებული მატიანე, ჩვენი ქვეყნის უახლესი ქრონიკების განსხეულება. ამიტომაც არის ალბათ განსაკუთრებით და ვიცი, რომ გარდა უცხოელი მკითხველისა, ესპანეთში მცხოვრები ქართველებიც დიდი სიხარულით მოელოდნენ და უკვე გამოაქვეყნეს კიდეც ფოტოები წიგნის თაროებიდან."
წიგნის “დედა და ილია” შეძენა მკითხველს ესპანეთში წიგნის მაღაზიებსა და ასევე ონლაინ, Todostuslibros და Amazon.es შეუძლიათ.
ბესთსელერად ქცეული “დედა და ილია” საქართველოში, მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსსა” და veli.store-ზე 2024 წლის ოქტომბრიდან იყიდება.















