ალექს პერეირა V ჯამაჰალ ჰილი
UFC 300-ის მთავარი ბრძოლა ალექს პერეირას და ჯამაჰალ ჰილს შორის გაიმართება და გამარჯვებული ქვემძიმე წონითი კატეგორიის ქამრის მფლობელი გახდება. აღნიშნულ დივიზიონში მოქმედი ჩემპიონი პერეირაა და მას ქამრის დაცვა მოუწევს.
ალექს პერეირამ MMA-ში 11 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 9 მოიგო და 2-ში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 9-დან 7 შემთხვევში ბრაზილიელმა მებრძოლმა მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა. ჯამაჰალ ჰილის ანგარიშზე კი 14 ორთაბრძოლაში 12 გამარჯვება 1 მარცხი და 1 შეწყვეტილი ბრძოლაა.
ჟან ვეილი V იან ჟიაონანი
მეორე საჩემპიონო ქამარი ქალთა უმსუბუქეს წონით კატეგორიაში გათამაშდება, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი ჟან ვეილი და იან ჟიაონანი დაუპირისპირდებიან. ვეილი ჩემპიონი 2022 წელს UFC 281-ზე კარლა ესპარზას წინააღმდეგ გახდა, ხოლო 2023 წელს UFC 292-ზე ქამარი ამანდა ლემოსთან წარმატებით დაიცვა.
ჟან ვეილი MMA-ში პირველად 2013 წელს გამოჩნდა და 27 ორთაბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 24 მოიგო და მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა - მის ანგარიშზე 11 ნოკაუტი და 8 საბმიშენია. იან ჟიაონანმა 21 ჩატარებული ორთაბრძოლიდან 17 მოიგო, 3 წააგო და 1 გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
ჯასტინ გეიჯი V მაქს ჰოლოუეი
BMF ქამრისთვის იბრძოლებენ ჯასტინ გეიჯი და მაქს ჰოლოუეი - ორივე მებრძოლმა აწონვებზე ერთნაირი წონა, 70,8 კგ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ BMF ქამარს სწორედ გეიჯი ფლობს და UFC 300-ზე პირველად მოხდება მისი დაცვისთვის ბრძოლა.
MMA-ში ჯასტინ გეიჯის სულ 29 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 25 მოიგო (20 ნოკაუტი, 1 საბმიშენი და 4 გადაწყვეტილება) და 4 წააგო, ხოლო მაქს ჰოლოუეის ანგარიშზე 32 ორთაბრძოლა, 25 გამარჯვება (11 ნოკაუტი, 2 საბმიშენი და 12 გადაწყვეტილება) და 7 მარცხია.
UFC 300-ის მთავარ ქარდზე კიდევ ორი საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართება - ჩარლზ ოლივეირა არმან ცარუკიანს დაუპირისპირდება, ხოლო ბო ნიკალი კოდი ბრანდეჯს შეხვდება. აღსანიშნვია, რომ ისტორიული ივენთისთვის დანა უაითმა ბონუსი 50 ათასი დოლარიდან 300 ათას დოლარამდე გაზარდა.















