კულმინაციამდე, ანუ სანამ მერაბი ქამარს მოიპოვებს, Noche UFC-ზე არაერთი ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება:
ალექსა გრასო VS ვალენტინა შევჩენკო 3
ქო-მეინ ივენთი ვალენტინა შევჩენკოსა და ალექსა გრასოს შორის ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი იქნება, სადაც, სავარაუდოდ, მებრძოლები ამ დაპირისპირებას საბოლოო წერტილს დაუსვამენ. მათ 2-ჯერ უკვე გაიზიარეს ოქტაგონი. პირველ ბრძოლაში, ვალენტინა დომინანტურ სტილში იცავდა ქამარს, თუმცა გრასო თავის მომენტს დაელოდა, მოახერხა შევჩენკოს ზურგის აღება და მახრჩობელა ილეთით მისი დამარცხება. მეორე ბრძოლაში ბევრად მეტი ვიხილეთ, სადაც გამოჩნდა, თუ რომელ მებრძოლს რა უპირატესობა აქვს. გრასომ დაამტკიცა, რომ შევჩენკოს უდიდესი სტრაიკინგის ბაზისა და რეპუტაციის მიუხედავად, დგომში არათუ თანაბრად დგომა, არამედ ყოფილი ჩემპიონის ნოკდაუნში გაუშვებაც შეუძლია. შევჩენკომ ძირითად წარმატებას პარტერში მიაღწია. როგორც წესი, შევჩენკო ორ ფეხში შედიოდა ან წელიდან ცდილობდა მეტოქის მიწაზე გადაყვანას, გრეპლინგის ეპიზოდებისას კი სხვადასხვა დომინანტური პოზიციიდან კრეფდა ქულებს. საბოლოოდ, გრასომ ბრძოლა ბოლო წამს მოიპარა. მექსიკელმა ერთ-ერთი მსაჯის თვალში რაუნდი 10-8 მოიგო და ქამარი ფრით შეინარჩუნა.

რას უნდა ველოდოთ რემატჩში? - კვლავ ანალოგიურ უშეღავათო ბრძოლას. ამჯერად, ვფიქრობ, შევჩენკო ბევრად გამოზიმილი და ფრთხილი იქნება. შეეცდება ქულები გარედან აკრიფოს, რადგან მან უკვე ნახა, რომ გრასოს გატეხა თითქმის შეუძლებელია. თუმცა, თავის მხრივ, გრასო შეეცდება, რომ ბრძოლა რაც შეიძლება „ბინძური“ გახადოს, შეეცდება შევჩენკოს გაცვლებში შეტყუებას და პარტერში დომინანტური პოზიციების მოპოვებას. ვფიქრობ, რომ 1-2 წლის წინ შევჩენკო ამ ბრძოლას უპრობლემოდ მოიგებდა, თუმცა, ასაკი თავისას შვება. თითქოს ამ დიდი ეპოქის დასასრული დგება, ალექსა გრასო კი ღირსეული მომავალი ჩემპიონი ჩანს, რომელმაც ქამარი კიდევ არაერთხელ უნდა დაიცვას, რადგან მას არაჩვეულებრივ უნარებთან ერთად, აქვს ის ხასიათი, რასაც ჩვენ ჩემპიონის უტეხ ხასიათს ვეძახით.
ბრაიან ორტეგა VS დიეგო ლოპესი — ბრძოლა, რომელიც არ უნდა გამოტოვო!
Featherweight-ში ორ უნიჭიერეს ადამიანს - ბრაიან ორტეგასა და დიეგო ლოპესს შორის აბსოლუტურ ომს ვიხილავთ. ბრაიან ორტეგა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე „მუქი“ შავი ქამარია მთელ ორგანიზაციაში, თუმცა იგი შეხვდება ადამიანს, რომელმაც მოვსარ ევლოევს მიწაზე არაერთი პრობლემა შეუქმნა. დიეგო ლოპესი პარტერში არცერთ წამს არ კარგავს, ყოველთვის ცდილობს, რომ შეტევაზე გადავიდეს და მეტოქის რომელიმე კიდური სამახსოვროდ სახლში წაიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ძლიერი მხარე ჯიუ ჯიცუა, დგომშიც ნამდვილი სანახაობა გველის. ბოლო პერიოდში ორტეგამ მისი მექსიკური ფესვები გაიხსენა და არაამქვეყნიურ ჯიუ ჯიცუს კრივის მშვენიერი უნარებიც დაუმატა. თუმცა, თუ ორტეგას უფრო დახვეწილი კლასიკური კრივის უნარები აქვს, ლოპესი დამანგრეველი დარტყმებით ცდილობს, რომ მეტოქე ნოკაუტში გაუშვას. სხვა ყველაფერთან ერთად ძალიან გამძლე ყბაც აქვს. იაირ როდრიგესთან ბრძოლაში გამოჩნდა, რომ მას შეუძლია ზიანის მიღების შემდეგაც ბრძოლა ფინიშით მოიგოს. ამ დაპირისპირებაში იმის თქმა თუ ვინ მოიგებს - ძალიან რთული სათქმელია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ბრძოლა ნამდვილად იქნება, სადაც მსაჯების გადაწყვეტილების ხილვას ნაკლებად ვვარაუდობ.

მექსიკელი ვარსკვლავები მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს
რონალდო როდრიგესი, მანუელ ტორესი, რაულ როსას ჯუნიორი, დანიელ ზელჰუბერი — ეს იმ მებრძოლთა ჩამონათვალია, რომლებიც მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს ლას ვეგასში - სფეროში სახელის მოხვეჭას შეეცდებიან.
რონალდო როდრიგესს მხოლოდ ერთი ბრძოლის ჩატარება დასჭირდა იმისთვის, რომ Noche UFC-ის მთავარ ქარდზე ბრძოლა გაენაღდებინა. იგი ოდე ოსბორნს დაუპირისპირდება, რომელიც ამ ეტაპზე 2-მარცხიან სერიაზეა. ჯამურად, ოსბორნს UFC-ში წაგება უფრო მეტი აქვს, ვიდრე მოგება. ახლა კი ანგარიშის გათანაბრებას შეეცდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ როდრიგესი ოსბორნს მტკივნეულ მახრჩობელა ილეთის ან მიწაზე ტექნიკური ნოკაუტის მეშვეობით დაამარცხებს.
მანუელ ტორესი ნამდვილი სენსაციაა, რომელიც პრელიმ ქარდზე ნამდვილად არ უნდა იბრძოდეს. მან UFC-ში უკვე სამი ბრძოლა ჩაატარა და სამივეში პირველი რაუნდის ფინიში აიღო, თუმცა, იგნაციო ბაჰამონდესის სახით ორგანიზაციამ მას ძალიან უხერხული და რთული მეტოქე შეურჩია. ტორესი სტრაიკერია, რომელიც თავის სიმაღლესა და წვდომს იყენებს ბრძოლების მოსაგებად, თუმცა იგნასიოს მასსზე 7 სანტიმეტრით გრძელი წვდომი აქვს, რომელიც ასევე მშვენივრად იყენებს კიდურებს. სავარაუდოდ, შეტევაზე აგრესიულად მაინც ტორესი წავა, სადაც კვლავ შეეცდება ნაადრევი მოგების მოპოვებას, თუმცა ჩილელი სიურპრიზებით აღსავსეა. ვფიქრობ, რომ არც ეს ბრძოლა უნდა მივიდეს ბოლომდე და რომელიმე მებრძოლი ნაადრევად იზეიმებს გამარჯვებას.
რაულ როსას ჯუნიორს ჩინელი მეტოქის სახით საკმაოდ რთული მეტოქე ჰყავს, თუმცა ვფიქრობ, რომ როსას ჯუნიორი დღითი დღე უფრო იხვეწება. დიდი ალბათობით, მერაბთან და ალჯოსთან ვარჯიში მას საკმაოდ განავითარებდა. ჩემი აზრით, თინეიჯერი მექსიკელი ამ ბრძოლაში მორიგ გამარჯვებას მიითვლის.

საბოლოოდ კი დანიელ ზელჰუბერია ის სახელი, რომელიც გულშემაკივრებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რადგან იგი მორიგი გამარჯვების მოპოვებას არგენტინელი მეტოქის წინააღმდეგ შეეცდება. ზელჰუბერ,ა ბოლო ბრძოლაშიც არგენტინელი მებრძოლი დაამარცხა. მაშინ საღამოს ბრძოლის ბონუსიც აიღო. იგი 70 კილოგრამ წონისთვის ნამდვილი გიგანტია - სიმაღლეში ოფიციალურად 185 სანტიმეტრია, რაც ამ დივიზიონისთვის ძალიან იშვიათია, თუმცა, ზელჰუბერი სავარაუდოდ, 185 სმ-ზე ბევრად მაღალიც არის. წვდომი მექსიკელს 196 სანტიმეტრი აქვს, რაც არგენტინელი მებრძოლის წვდომთან შედარებით 21 სანტიმეტრით გრძელია. ამ ბრძოლაში, ვფიქრობ, სტილიდან და წვდომში უპირატესობიდან გამომდინარე ამ ბრძოლაში მექსიკელი მარტივ გამარჯვებას მოიპოვებს, თუმცა საკითხავი მხოლოდ ის არის, წავა იგი ფინიშზე? თუ გარედან იმუშავებს და მსაჯების გადაწყვეტილებით მოპოვებული გამარჯვებით დაკმაყოფილდება?
რომელი მებრძოლი ან ბრძოლაა თქვენთვის საინტერესო UFC 306-ზე?















