ბევრის და განსაკუთრებით დანა უაითის აზრით, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი - ჯონ ჯონსი საქმეში ბრუნდება. ძალიან დიდხნიანი ლოდინის შემდგომ, ჯონსი სანატრელ ბრძოლას იღებს და სტიპე მიოჩიჩს უპირისპირდება. მიოჩიჩის „სიბერეზე“ ბევრი საუბრობს, მაგრამ, მაიმც - ეს ძალიან მაგარი დაპირისპირებაა ქვემძიმე წონის უდავოდ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლსა და მძიმე წონის ისტორიაში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონს შორის.
რიგი ფაქტორების გამო ამ ბრძოლაში სტიპე მიოჩიჩს ყველა განწირულად მიიჩნევს.
რატომ არ აძლევენ შანსს მიოჩიჩს?
ერთ-ერთი მიზეზი მიოჩიჩის ასაკი და ფიზიკური კონდიციებია. ბევრი მიიჩნევს, რომ სტიპე უკვე საკმაოდ ბებერია და ყურადღებას ხშირად მის საგრძნობლად დასუსტებულ მუხლებზე ამახვილებენ. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო წლების განმალობაში არათუ პასიური იყო, არამედ საერთოდ არ ასპარეზობდა. მის უკანასკნელ ბრძოლაში ფრენსის ნგანუსთან კი საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა და მძიმე ნოკაუტით დამარცხდა. თუმცა, ამ ბრძოლაში ჯონ ჯონსის ფორმაზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული.

როგორ ფორმაშია ჯონსი?
არავინ იცის როგორ ფორმაშია ჯონ ჯონსი. მის ინსტაგრამ გვერდზე ვარჯიშის კადრებს ხშირად ვხედავთ, მაგრამ ერთია მოიმატო კუნთოვანი მასა და კარგად გამოიყურებოდე, იყო საბრძოლო ფორმაში კი მეორე. მძიმე წონაში ჯონ ჯონსი მხოლოდ ერთხელ - სირილ განის წინააღმდეგ ვნახეთ, იქაც ყველაფერი პირველ რაუნდში დასრულდა. კი, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მებრძოლის დაბრუნება ემოციური სანახავი იყო, მაგრამ ტექნიკურ კითხვაზე - როგორ გამოიყურება მძიმეწონოსანი ჯონი საჩემპიონო, ან თუნდაც მესამე რაუნდში, პასუხი ჯერ არ ვიცით. Light Heavyweight-ში ჯონსს კარდიოს პრობლემები არასდროს ექმნებოდა. პირიქით, იყო ბრძოლები, სადაც საჩემპიონო რაუნდებში მოუმატა და ამან გარდამტეხი როლი ითამაშა, თუმცა მძიმე წონაში განსხვავებული ფიზიკური გამოწვევებია.
რას უნდა ველოდოთ მიოჩიჩისგან?
ვფიქრობ, მიოჩიჩის შანსები დგომში, უფრო კონკრეტულად კი კრივში იქნება. ჟუნიორ დოს სანტოსთან ბრძოლა კარგი მაგალითია იმის გასაგებად თუ რა სტილში ბრძოლა სურს სტიპეს. მიოჩიჩისთვის კომფორტულია გამუდმებით მიწნეხოს მეტოქე და კრივის დისტანციაზე მძიმე დარტყმებით ნაადრევად დაამთავროს ბრძოლა. ოჰაიოელი მეხანძრე არ არის „შეზღუდული“ მებრძოლი, რომელსაც ჭიდაობა არ შეუძლია. პირველ ბრძოლაში ფრენსის ნგანუს სწორედ ჭიდაობისა და სტრაიკინგის მიქსით მოუგო, მაგრამ ჯონ ჯონსთან ჭიდაობა არც ისე კარგი იდეაა. ამ შემთხვევაში მას ჭიდაობისგან თავდაცვა უფრო დასჭირდება.

მისტიკური მებრძოლი: მოტივირებული ჯონ ჯონსი
ჯონ ჯონსი, უდავოდ, ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ კარიერის განმავლობაში კითხვის ნიშნები არაერთხელ დატოვა. მაგალითად ქვემძიმე წონაში ტიტულის უკანასკნელი დაცვაც გამოდგება. ბევრის აზრით, დომინიკ რეიესის წინააღმდეგ ის ბრძოლა ჯონსმა დათმო, თუმცა, აქ არის ერთი ფაქტორი. შეუიარაღებელი თვალით ჩანდა, რომ დომინიკ რეიესთან ბრძოლის წინ ჯონ ჯონსი მოტივირებული არ იყო. ამ აზრს არსებობის უფლება მართლაც აქვს. მაშინ, როდესაც წლების განმალობაში UFC-ის მთავარი სახე ხარ და სხვადასხვა ლეგენდარული მებრძოლები გყავს დამარცხებული - მათ შორის დანიელ კორმიე, ლიოტო მაჩიდა, ჩეელ სონენი, ალექსანდერ გუსტაფსონი (2-ჯერ), გლოვერ ტეიშეირა, შეიძლება ამან შენთან შედარებით გამოუცდელ მებრძოლთან დაპირისპირებაში მოტივაციის ნაკლებობა გამოიწვიოს. ალექსანდერ გუსტაფსონთან პირველ ბრძოლაში ძალიან დაძაბული დაპირისპირება ვნახეთ, სადაც გუსტაფსონმა ჯონსს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა და რიგ მომენტებში მასზე უკეთაც გამოიყურებოდა, თუმცა რემატჩში ვნახეთ კონცენტრირებული ჯონსი და განადგურებული შვედი.

ჩემი აზრით, ჯონსისა და რეიესის რემატჩი ყველა სპეკულაციას თავის ადგილს მიუჩენდა, მაგრამ ეგ უკვე დიდი ხნის წინანდელი ამბებია. ახლა ჯონსი მოტივირებული უნდა იყოს. არის შანსი, რომ ეს მისი კარიერის უკანასკნელი ორთაბრძოლა გამოდგეს, UFC-ის მძიმე წონის საუკეთესო წარმომადგენელთან მოგება ლეგენდარული სვლის კულმინაციური აკორდისთვის ნამდვილად შესაფერისი დასასრული იქნება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჯონ ჯონსი UFC 309-ს შესაბამისი მენტალური მდგომარეობით ხვდება.
დასკვნა - ვინ მოიგებს?
ამ ბრძოლაში თუ ვინმესკენ უნდა გადავიხარო ეს ჯონ ჯონსია. ვფიქრობ, რომ ჯონი სტიპესთან შედარებით ფიზიკურად ბევრად კარგ კონდიციებში იქნება.
UFC-ის საბრძოლო კვირის ვიდეოებს ვინც უყურა ნახავდა, რომ ჯონ ჯონსი თავადაც საუბრობს მის კარდიოზე და კუნთვანი მასის მომატებაზე, აღნიშნა, რომ ისეთივე კარდიო ვეღარ ექნება, როგორიც აქამდე ქონდა, თუმცა ქვემძიმე და მძიმე წონას გამძლეობის თვალსაზრისით განსხვავებული მოთხოვნები აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჯონსი ამ ყველაფერს კარგად იაზრებს. ის ამ სპორტის პიონერია, UFC-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი - ჯონსი კვლავ აგრძელებს GOAT-ების დამარცხებას.
რატომღაც მგონია, რომ პირველი რაუნდი დაზვერვითი იქნება, თუმცა მეორე რაუნდიდან ჯონსი ნაადრევ გამარჯვებაზე ფიქრს დაიწყებს და იპოვნის კიდეც.















