8 ივნისს, 06:00 საათიდან დაიწყება UFC 316-ის მეინ ივენთი, რომლის მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი თავის კარიერაში მეორედ შონ ო'მალის დაუპირისპირდება. განვიხილოთ, რას უნდა ველოდოთ ამ ჩხუბისგან.
ისტორიული ფაქტი
პირველად UFC-ის ისტორიაში, ქართველი მებრძოლი საჩემპიონო ქამარს დაიცავს მეორედ. შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი ჩემპიონი გახდა სწორედ ო'მალისთან მოგებით, შემდეგ კი მან ჩემპიონის სტატუსი განამტკიცა უმარ ნურმაგომედოვთან, ახლა კი ისევ კარგად ნაცნობი მეტოქე.
იყო ბევრი საუბრები, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ქართველი ჩემპიონის შემდეგი მოწინააღმდეგე, ფიგურირებდა პიოტრ იანთან რემატჩის შესაძლებლობაც, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ამერიკელ ექს-ჩემპიონამდე მივიდა. ყველაფერი მზად არის ჩხუბისთვის, მზად არის თავად მერაბიც.
ჩემპიონი გვპირდება ნოკაუტს
დვალიშვილმა ო'მალი წინა ბრძოლაში დაამარცხა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ისე როგორც ეს მის კარიერაში ხდება ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ამჯერად, ჩემპიონი ნოკაუტს გვპირდება. თავად ქართველი მებრძოლის თქმით, მას ამერიკელი მეტოქის გათიშვა რეალურად შეუძლია.
"ო'მალისთან პირველ ბრძოლაში მშვიდად ვიყავი, ყველაფერს ვაკონტროლებდი, ვკოცნიდი კიდევაც, თუმცა ამჯერად მას მეტ ზიანს მივაყენებ — ჩემი მიზანი ფინიში იქნება"
ციფრები
ო'მალი არავის დაუმარცხებია ორჯერ. ზოგადად კი მასთან გამარჯვება დვალიშვილის გარდა მხოლოდ მარლონ ვერამ მოიპოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოგვიანებით, ამერიკელმა მებრძოლმა შეძლო თავის ეკვადორელ მეტოქესთან რევანშის აღება. ვნახოთ, რა იქნება ქართველ ჩემპიონთან.
შონთან გამარჯვების შემთხვევაში, მერაბი მოიპოვებს თავის ზედიზედ მე-13 მოგებას, რითაც ის UFC-ის რეკორდების სიაში მაღლა აიწევს. რეკორდსმენი არის ანდერსონ სილვა, რომელმაც ზედიზედ 16 ჩხუბი მოიგო. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ "მანქანის" გამარჯვებათა სერია პრომოუშენის 4 ექს-ჩემპიონს მოიცავს.
დიახ, 34 წლის მებრძოლს სხვადასხვა დროს დაუმარცხებია ჟოზე ალდო, პიოტრ იანი, ჰენრი სეხუდო, შემდეგ კი "შუგა". ბოლოს კი ჩემპიონის თეიქდაუნების რეკორდზეც ვისაუბროთ. უმართან ჩხუბში დვალიშვილს გაუხდა 92 წარმატებული გდება, რაც პრომოუშენის რეკორდია. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ო'მალისთან ბრძოლაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.















