ილია თოფურიას საჩემპიონო ბრძოლამდე რჩება სულ ცოტა დრო - 29 ივნისი, 06:00 საათიდან, UFC 317-ის მეინ ივენთზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქართველი ყოფილი ჩემპიონი ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ ჩხუბისგან.
ილია თოფურიას მოტივაცია
ოლივეირას დამარცხების შემთხვევაში, თოფურია შეუერთდება იმ ლეგენდარული მებრძოლების სიას, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩემპიონები ორ წონაში გახდნენ. ქართველი მებრძოლი დადგება ჟორჟ სენ-პიერის, ჯონ ჯონსის, კონორ მაკგრეგორის, ალექს პერეირასა და სხვა დიდი ჩემპიონების გვერდით.
დიახ, ილიას თავდაპირველი სამიზნე იყო ისლამ მახაჩევი, თუმცა მან მსუბუქი დივიზიონი დატოვა და ახლა ქვესაშუალოშია. აღსანიშნავია, რომ "ელ მატადორმა" ერთხელ ხუმრობით უკვე თქვა, რომ მისთვის არც 77 კილოგრამში ჩხუბი წარმოადგენს პრობლემას. ამის შესახებ საუბარი ჯერ ადრეა, 28 წლის მებრძოლი ახლა სხვა გამოწვევის წინაშე დგას.
"თუ ლეგენდებს ერთმანეთზე მიყოლებით ამარცხებ, შენც ავტომატურად ლეგენდა ხდები. სიმართლე რომ ვთქვა, ფანების მხრიდან ცუდ დამოკიდებულებას უკვე მიჩვეული ვარ, ერთადერთი რამ, რასაც ვიმედოვნებ ის არის, რომ შაბათ საღამოს ამ ბრძოლით დატკბობას შევძლებ.
ოლივეირას დამარცხებით დავამტკიცებ, რომ მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ. აქ საუბარი არაა იმაზე, ამ დაპირისპირებას მოვიგებ თუ არა - მე მას პირველივე რაუნდში გავთიშავ. გულშემატკივართა ცუდი რეაქცია მსგავს თემებზე ჩემთვის უკვე ბუნებრივია, მაგრამ ყველამ იცის თუ რა მოხდება ბრძოლის დროს."
ჩარლზ ოლივეირას ძლიერი მხარეები
ფავორიტად მოიაზრება თოფურია და კომენტარებიდან გამომდინარე, უფრო მოტივირებული ჩანს სწორედ ის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოლივეირა ოქტაგონში ავტომატურად წასაგებად გამოვა. ჩვენ ვსაუბრობთ 70 კილოგრამში მოასპარეზე ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლზე UFC-ის ისტორიაში.
ბრაზილიელი მებრძოლი UFC-ში ამ მომენტისთვის არის სამი რეკორდის მფლობელი - ყველაზე მეტი ფინიში (20), ყველაზე მეტი საბმიშენი (16), ყველაზე მეტი ფაით ნაით ბონუსი (20). ამის გარდა, ჩარლზზე მეტი მოგება (23) UFC-ში მხოლოდ ჯიმ მილერს (27) აქვს. ეს ყველაფერი თან წონითი დივიზიონების გათვალისწინების გარეშე.
"დუ ბრონქსი" არის მებრძოლი 35 გამარჯვებითა და 10 წაგებით თავის კარიერაში. მისი ძლიერი მხარე არის გრეპლინგი და საბმიშენით მოგება, რაც 60% შემთხვევაში (21 მოგება) ხდება. 10-ჯერ მან მოიგო ნოკაუტით, 4-ჯერ კი მსაჯთა გადაწყვეტილებით. რაც შეეხება 35 წლის მებრძოლის საჩემპიონო პერიოდს, ქამარი მან მოიპოვა მაიკლ ჩენდლერთან მოგებით, ტიტულის დაცვა კი დასტინ პორიესთან შეძლო.
ეს ყველაფერი 2021 წელს ხდებოდა. შემდეგ ოლივეირას კარიერაში იყო წონის ვერ ჩაბარება და მარცხი, მახაჩევსა და ცარუკიანთან. დიახ, ბრაზილიელი მებრძოლი ამ ეტაპზე უკვე კარიერის დასრულებასთან უფრო ახლოა, ვიდრე პრაიმთან, მაგრამ მისი არდაფასება ნებისმიერი მებრძოლისთვის ფატალური შეცდომა იქნება.
ქართველი მებრძოლი ამ ყველაფერს აცნობიერებს და საჩემპიონო დუელსაც შესაბამისი მოტივაციით ხვდება. და მაინც, რა იქნება ჩარლზის დამარცხების შემთხვევაში ორი ქამრის გარდა? ნოკაუტის ვარიანტს თუ ავიღებთ, ილიას გამოსდის საოცარი სერია: ზედიზედ 3 საჩემპიონო ჩხუბში გათიშული UFC-ის 3 ლეგენდა...იდეალური კარიერა.















