UFC 320 - მერაბ დვალიშვილის რიგით მესამე საჩემპიონო ქამრის დაცვა ერთ კალენდარულ წელიწადში და აღნიშნული ივენთის სხვა გამორჩეული ბრძოლები. 5 ოქტომბერი, 06:00 საათი, მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში ახალი ისტორია დაიწერება.
მერაბ დვალიშვილი V კორი სენდჰეგენი
დვალიშვილი აგრძელებს სუპერმსუბუქი დივიზიონის გაწმენდას და ამჯერად მისი მორიგი მოწინააღმდეგე სენდჰეგენი იქნება. 61 კილოგრამის ტოპ 15-ში ამერიკელი მებრძოლი მოდის ქართველი ჩემპიონის, პიოტრ იანის, შონ ო'მალისა და უმარ ნურმაგომედოვის შემდეგ.
მერაბმა დაამარცხა თითოეული მათგანი და ახლა კორის გამოცდის ჯერი დგება. რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? უშუალოდ UFC-ში სტატისტიკა ასეთია: 11 მოგება და 4 წაგება. საუკეთესო პერიოდი ამ დრომდე "ქვიშის კაცს" ჰქონდა 2017 წლის ოქტომბერი - 2019 წლის აგვისტოს შუალედში, როცა მან ზედიზედ 7 ჩხუბი მოიგო.
33 წლის მებრძოლის სერია დაასრულა "მანქანის" მეგობარმა, ალჯემეინ სტერლინგმა. მას სხვადასხვა დროს დაუმარცხებია ფრენკი ედგარი, დეივესონ ფიგერედო, რობ ფონტი, მარლონ მორაესი, მარლონ ვერა, სონ იადონი და სხვები. რაც შეეხება სენდჰეგენის წაგებებს, ზემოთხსენებული "ფანკ მასტერი", ასევე თიჯეი დილაშოუ და 34 წლის ჩემპიონისთვის კარგად ნაცნობი ნურმაგომედოვი-იანის წყვილი.
ამერიკელი მებრძოლი თავისი ჩხუბების უმეტესობაში გამარჯვებამდე მისულა ნოკაუტით, უფრო კონკრეტულად კი მან ასე 18 ბრძოლიდან 8 მოიგო. 7-ჯერ კორის კარიერაში იყო მსაჯთა გადაწყვეტილება, 3-ჯერ კი საბმიშენი. ასეთია დვალიშვილის მორიგი მეტოქის მონაგარი ოქტაგონში.
ალექს პერეირა V მაგომედ ანკალაევი
მერაბი ახლოს არის ერთ კალენდარულ წელიწადში საჩემპიონო ქამრის მესამედ დაცვასთან და აღსანიშნავია, რომ წარსულში ეს რამდენიმე მებრძოლმა უკვე შეძლო. ერთ-ერთი ასეთი არის პერეირა, რომელმაც2024 წლის აპრილი-ოქტომბრის შუალედში მოუგო ჯამალ ჰილს, ირჟი პროხასკასა და ხალილ რანთრი უმცროსს.
ცნობისთვის, უკანასკნელი ორი მებრძოლი ამ ივენთზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ბრაზილიელი ჩემპიონის ტრიუმფალური სერია დაასრულა ანკალაევმა და 5 ოქტომბერს ის რევანშის აღებას ეცდება. პირველ ჩხუბში ფავორიტად ითვლებოდა ალექსი, მაგრამ მისმა მეტოქემ ის მარტივად გაანეიტრალა.
"პოატანის" მარცხის გარშემო ტრიალებდა რამდენიმე ვერსია. პირველი - ხშირად ჩატარებული ბრძოლებისა და ასაკის მატებასთან ერთად, ის უბრალოდ გადაიღალა. მეორე - 38 წლის ექს-ჩემპიონმა სათანადოდ ვერ დააფასა დაღესტნელი მეტოქე და მას სათანადო მომზადების გარეშე შეხვდა.
მესამე - პერეირამ ძალიან დიდი ჰონორარის აღების სანაცვლოდ ის ბრძოლა გაყიდა. ცხადია, ამის მტკიცებულება არ არსებობს, უბრალოდ ბრაზილიელი ექს-ჩემპიონის ქომაგების ნაწილს ამის სჯერა. რაც არ უნდა იყოს, პირველმა ჩხუბმა დატოვა ბევრი კითხვა, რომელსაც პასუხი 5 ოქტომბერს გაეცემა.















