6 დეკემბერს, ლას ვეგასში, ქართულ MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - UFC 323 გაიმართება. სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი - მერაბ დვალიშვილი, მისთვის უკვე კარგად ნაცნობი პიოტრ იანის ხელმეორედ დამარცხებას შეეცდება. ზემოხსენებული დაპირისპირება მერაბის მორიგი რეკორდის დამყარების წინაპირობაა - "მანქანა" საჩემპიონო ქამარს ერთ კალენდარულ წელიწადში მეოთხეჯერ დაიცავს.
მერაბ დვალიშვილი VS პიოტრ იანი
იმისათვის, რომ იანისა და დვალიშვილის ბრძოლა ანალიტიკურ ჭრილში განვიხილოთ, საჭიროა, რომ მათ უკანასკნელ შეხვედრას კარგად დავაკვირდეთ. მოგეხსენებათ, იანთან ქართველმა სპორტსმენმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. იქამდე, სანამ ორთაბრძოლის პოტენციურ სცენარს წარმოვიდგენთ, საჭიროა მოასპარეზე ათლეტების უპირატესობები და სისუსტეები გავაანალიზოთ. სპორტსმენის შესაძლებლობებთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ წინა-საბრძოლო გარემო-ფაქტორები. მიუხედავად იმისა, ქართველმა ჩემპიონმა წარსულში იანი ცალსახა დომინაციის ხარჯზე დაამარცხა, გასათვალისწინებელია, რომ რუსი კონტენდერი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და უწინდელისგან განსხვავებით, ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს. უნდა ვაღიაროთ, რომ დვალიშვილთან არსებულ პირველ დაპირისპირებაში, იანი კარიერის ძალზედ ცუდ ფაზაში იმყოფებოდა - მას წინ უძღოდა ტრამვებთან დაკავშირებული რიგი პრობლემები. მარტივად რომ ვთქვათ, 2022-2023 წლები იანისთვის კარიერული დაღმასვლის ტოლფასი იყო, ვინაიდან მერაბთან ბრძოლამდე, ზედიზედ ორი მარცხი იწვნია - ალჯამაინ სტერლინგისა და შონ ომალის წინააღმდეგ. დღევანდელი გარემოება კი სრულიად განსხვავებულია. პიოტრ იანი 3 გამარჯვებიან მოგებათა სერიაზეა და როგორც ვიგებთ, საბრძოლო კემპის დიდი ნაწილი გდებებისაგან თავდაცვაზე მუშაობას დაუთმო. რაც შეეხება მერაბის წინსვლასა და მიღწევებს, ჩემი აზრით, ეს საკითხი განხილვის გარეშეც ნათელია -"მანქანა" პირდაპირი მნიშვნელობით კარიერის პიკში იმყოფება. სუპერმსუბუქი დივიზიონის გოუთი საუკეთესო ფორმაშია, რომელსაც უკანასკნელი შედეგები ადასტურებს - 14 უწყვეტი გამარჯვებათა სერია და ოთხი სატიტულო ბრძოლა. მოდი გადავიდეთ უშუალოდ მებრძოლების შესაძლებლობებისა და მათი შანსების განხილვაზე.
პიოტრ იანს MMA-ში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მებრძოლის სახელი აქვს, რომელიც მისი გამორჩეული კრივისა და ძიუდოს დამსახურებაა. ერთი შეხედვით, ზემოხსენებული ათლეტის საბრძოლო ტექნიკა ტაილანდურ კრივს მოგვაგონებს, თუმცა, ჩემი აზრით, იანის სტრაიკინგში ბევრად დიდი ადგილი კრივს უჭირავს. იანის სტრაიკინგი სპეციფიურია - მუდმივი წნეხი და წინსვლა, დგომის უეცარი ცვლილებები და მოწინააღმდეგეზე თავდასხმა უხერხული კუთხიდან. სწორი მომენტის შერჩევისას, პიოტრისგან მრავალეროვან, მძიმე ბოქსის კომბინაციებს ვხედავთ. რუს კონტენდერს ახასიათებს კრივის შეტევებთან შეხამებული მძიმე ქიქები, კორპუსსა და თავში. იანის ჭიდაობა სხვა მებრძოლებისგან ძალზედ განსხვავდება, რადგან მისი გდებების უმეტესობა, ხშირ შემთხვევებში, თავდაცვითი ხასიათისაა. ხშირად ის ფანებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ძიუდოს "გამოსმას" აკეთებს, მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგეს შეტევისგან თავს იცავს და მეტოქის წონის დისბალანს თავის სასიკეთოდ იყენებს. აღსანიშნავია ასევე მისი თეიქდაუნ დიფენსი, რომელსაც მერაბთან პირველი შეხვედრა ადასტურებს - იანმა მოახერხა და 49 გდების მცდელობისგან თავი 39-ჯერ დაიცვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც იანის საბრძოლო სტილისტიკასა და ხასიათთან ერთად გასათვალისწინებელია, მისი გამოცდილება გახლავთ. რუს სპორტსმენს, საკუთარი სტატუსის შენარჩუნება სახელოვან მებრძოლებთან მოუწია, მაგ: დეივსონ ფიგერედო, ჟოზე ალდო, კორი სენდჰეგენი, შონ ომალი და ალჯამაინ სტერლინგი. მიუხედავად იმისა, რომ ნახსენები მეტოქეების გარკეულ ნაწილთან ბრძოლა იანის სასიკეთოდ არ დასრულებულა, უნდა ვაღიაროთ, რომ მან მოახერხა და თითოეულ დაპირისპირებაში ფანებს კონკურენტუნარიანი ბრძოლა აჩვენა. გამოვარჩევდი დაპირისპირებას შონ ომალისთან, რომლის შედეგიც, UFC-ში ერთ-ერთ ყველაზე დიდ უსამართლობად ითვლება. პიოტრ იანის უნივერსალურ სტილს გარკვეული სისუსტეებიც დაჰყვება. ყველაზე მთავარი ნიუანსი, რომელმაც მისი მერაბთან წარუმატებელი პერფორმანსი განაპირობა, უკან დახევა და მუდმივად თავდაცვით პოზიციაში ყოფნა გახლავთ. იანის გეგმა წარუმატებელია იმ შემთხვევაში, თუ ის მუშაობას პირველ ნომრად ვერ ახერხებს და მოწინააღმდეგე შეტევის დინჯად განხორციელების საშუალებას არ აძლევს. მარტივად რომ ვთქვათ, შანსი, რომელიც პიოტრს მერაბის წინააღმდეგ გააჩნია, სწორი მომენტის პოვნა და მძიმე ნოკაუტის მეშვეობით ბრძოლის დასრულებაა.
მერაბის საბრძოლო უნარებსა თუ სტილისტიკაზე მრავალი რამის თქმა შეგვიძლია, მაგრამ ყველაზე აღიარებული მაინც მისი ჭიდაობისა და გრეპლინგის სკოლაა. დვალიშვილი UFC-ში ერთ-ერთ საუკეთესო მოჭიდავედ მიიჩნევა, რასაც მისი უნიკალური მიღწევებიც ადასტურებს - მერაბმა მიმდინარე წელს ლეგენდარული მებრძოლის - ჯორჯ სენ პიერის რეკორდი მოხსნა, UFC-ში ჩატარებული ბრძოლების განმავლობაში, 100-ზე მეტი გდება განახორციელა. ქართველი ჩემპიონის დომინანტური სტილი რა სახითაც გრეპლინგითაა განპირობებული, არანაკლები წვლილი მიუძღვის მის შეუდარებელ გამძლეობასა და კარდიოს. მეტიც, მეტოქეების მუდმივად მიწაზე გადაყვანა, უმეტესწილად, დაუღალავი წნეხითაა გამოწვეული. ზემოხსენებული ტაქტიკის მეშვეობით დაამარცხა 2023 წელს დვალიშვილმა პიოტრ იანიც - უტევდა იქამდე, სანამ იანს თავის დაცვა აღარ შეეძლო. წლების განმავლობაში, მერაბის სტრაიკინგი გულშემატკივრების კრიტიკის მიზეზი გალხდათ, თუმცა უკანასკნელმა ბრძოლებმა გვიჩვენა, რომ ქართველი სპორტსმენისთვის არც ამ ასპექტის დახვეწა წარმოადგენს პრობლემას. ეს ყოველივე კი დვალიშვილის ბოლო ბრძოლაში ნათლად გამოჩნდა - მერაბმა სენდჰეგენი არამარტო მიწაზე, არამედ დგომშიც დაჩაგრა. ანალოგიური შემიძლია ვთქვა გრეპლინგსა და საბმიშენებზე, მიმდინარე წელს მერაბმა სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი - შონ ომალი მახრჩობელათი დააფინიშა. მიზეზი, რის გამოც იანის მსგავსი, მაღალი დონის მებრძოლი მერაბის დამარცხებას ვერ ახერხებს, მაღალ ტემპთან ერთად, მისი მუდმივი მოძრაობაა. რინგზე ერთ ადგილას გაჩერებული დვალიშვილის დანახვა უიშვიათესი მოვლენაა, ამ ყველაფერს კი მისი დაუღალავი ხასიათიც ხელს უწყობს - უწყვეტი წნეხი და მოძრაობა 5 რაუნდის განმავლობაში გრძელდება. ამრიგად, UFC 323-ის მთავარი ღონისძიების პოტენციური შედეგად მერაბის სასიკეთოდ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიმაჩნია.
დვალიშვილის შესაძლო კარიერული ცვლილება
მაყურებლებში ხშირად ჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ რა სახის მოვლენები განვითარდება მერაბის მომავალში, შეიცვლის იგი წონას და ახალ დივიზიონში გაბატონებას შეეცდება, თუ დარჩება 61 კილოგრამში და მთლიან დივიზიონს გაასუფთავებს? უკანასკნელად, ამ თემასთან დაკავშირებით, მერაბის მწვრთნელმა - ჯონ ვუდმა ისაუბრა. იმ შემთხვევაში, თუ მერაბი იანს დაამარცხებს, მთავარი მიზანი ამჟამინდელ დივიზიონში რამოდენიმე სატიტულო ბრძოლა იქნება, ამის შემდეგ, შესაძლოა დვალიშვილის წონის ცვლილებაც ვიხილოთ.















