დასრულდა UFC-ის ბაქოში გამართული ივენთი, რომლის მთავარ ბრძოლაში ხალილ რანთრი უმცროსმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯამალ ჰილს მოუგო. მათ გარდა, ქარდზე იყო 3 აზერბაიჯანელი მებრძოლი: რაფაელ ფიზიევი, ნაზიმ სადიხოვი და ტოფიქ მუსაევი.
პირველ რიგში გამოსარჩევია ფიზიევის გამარჯვება იგნასიო ბაჰამონდესთან - ივენთის მასპინძელმა მებრძოლმა დაასრულა უსიამოვნო სერია, რომელიც 3 ჩხუბის მანძილზე გრძელდებოდა. აზერბაიჯანელმა მებრძოლმა თავის ჩილელ მეტოქეს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.
რაც შეეხება სადიხოვს, მან ტექნიკური ნოკაუტით ნიკოლას მოტა დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული მებრძოლის კუთხეში მერაბ დვალიშვილი იყო. ბოლოს კი მუსაევი, რომელმაც კიმურათი მუკტუბეკ ოროლბაისთან წააგო.















