ლეგენდარულ ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს, 4 თებერვალს დიდი სუმოდან ოფიციალურად გააცილებენ.
მასშტაბური გამოსამშვიდობებელი ცერემონია ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართება. დანპაცუ-შიკის (თმის შეჭრის) რიტუალში მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი და ვეტერანი ლეგენდარული სუმოისტები.
ტოჩინოშინის დებიუტი დიდ სუმოში 2006 წელს შედგა. 2008 წლის მაისში მან მაკუუჩი ლიგის (უმაღლესი დივიზიონი) წამყვან პოზიციებს მიაღწია. 2018 წლის იანვარში ქართველმა სუმოისტმა ჰაცუ ბაშო მოიგო და საიმპერატორო თასს დაეუფლა. ტოჩინოშინი მესამე ევროპელი გახდა (ბულგარელი კოტოსიუს და ესტონელი ბარუტოს შემდეგ) ვინც ამის გაკეთება მოახერხა. 2018 წლის მაისში ლევანმა მეორე ადგილი დაიკავა მაისის ბაშოზე, ამავე ტურნირზე ქართველმა ყველა დროის საუკეთესო სუმოისტად აღიარებული იოკოძუნა, მონღოლი ჰაკუჰო დაამარცხა. შედეგების გათვალისწინებით, სუმოს ასოციაციამ ლევანი ოძეკის ტიტულზე წარადგინა, ტოჩნოშინს სუმოს იერარქიაში "იოკოძუნას" შემდეგ რანგით მეორე, "ოძეკის" წოდება მიენიჭა. ქართველი სუმოისტი სხვადასხვა სპეციალური პრიზის მფლობელია.
ტოჩინოშინმა კარიერის დასრულების შესახებ გულშემატკივარს 2023 წლის მაისში ამცნო.
4 თებერვალს იაპონიაში ტოჩინოშინს სუმოდან ოფიციალურად გააცილებენ














