ქვემსუბუქ დივიზიონში დატოვებული მემკვიდრეობა
ზუსტად ერთი წლის წინ, თოფურიამ ქვემსუბუქ დივიზიონში დაამხო ზემოთხსენებული ვოლკანოვსკის ჰეგემონია და საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. ის გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი მსოფლიოს მთავარ საბრძოლო ორგანიზაციაში და რამდენიმე თვის შემდეგ, ილიამ ტიტული დაიცვა კიდევ ერთ ლეგენდასთან, მაქს ჰოლოუეისთან.
იყო საუბრები ავსტრალიელ ყოფილ ჩემპიონთან რემატჩზე, ასევე ქართველი მებრძოლის გარშემო ტრიალებდა მოვსარ ევლოევისა და დიეგო ლოპესის კანდიდატურები, მაგრამ მან სხვა გზით წასვლა გადაწყვიტა. ქვემსუბუქ დივიზიონში ორ უდიდეს მებრძოლთან მოგების შემდეგ, "ელ მატადორმა" ერთი წონით ზემოთ გადაინაცვლა.

რა ხდებოდა იქამდე და რა ხდება ახლა მსუბუქ დივიზიონში?
თოფურია გადადის დივიზიონში, სადაც თავის დროზე საუკეთესოს ვინაობას ერთმანეთში არკვევდნენ კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი. საინტერესოა, რომ ქართველ ჩემპიონს შთაგონების წყაროდ არაერთხელ დაუსახელებია ირლანდიელი ექს-ჩემპიონი, მაგრამ ის უარყოფითად არის განწყობილი იმ ყველაფრის მიმართ, რაც სკანდალური მებრძოლის გარშემო ბოლო წლებში ხდება.
რაც შეეხება ყოფილი დაღესტნელი ჩემპიონის მიმართ დამოკიდებულას, ილია არ თვლის, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა - "ჯონსი ყველა დროის საუკეთესო MMA-ს მებრძოლია. ცოტა ხნის წინ, ვნახე ფოტო, რომელზეც მას ადარებენ ხაბიბს, რაც ნამდვილად უადგილოა. მას UFC-ში ჩატარებული აქვს 14 ჩხუბი, ჯონმა კი 14-ჯერ მხოლოდ ქამარი დაიცვა. მათი შედარება უბრალოდ არ შეიძლება", - განაცხადა "ელ მატადორმა".

ყოფილმა დაღესტნელმა ჩემპიონმა კარიერა დაასრულა დიდი ხნის წინ, "ნოტორიუსი" კი კვლავ ირიცხება მოქმედ მებრძოლებს შორის, თანაც მსუბუქ დივიზიონში. დიახ, 28 წლის ჩემპიონი და მაკი ერთ წონაში არიან. მის გარდა, მსუბუქ დივიზიონში გვხვდებიან ისლამ მახაჩევი, ჩარლზ ოლივეირა, დასტინ პორიე, ჯასტინ გეიჯი, მაიკლ ჩენდლერი, არმან ცარუკიანი, მატეუშ გამროტი, დენ ჰუკერი, რენატო მოიკანო, პედი პიმბლეტი და სხვები.
მათ გარდა, ჯერჯერობით ტოპ 15-ს მიღმა გურამ ქუთათელაძეც გვხვდება. როგორც ვხედავთ, მომავალი მოწინააღმდეგეების შერჩევის საკითხში თოფურიას მრავალფეროვნება ექნება. საინტერესოა ისიც, რომ ქართველ ჩემპიონს მსუბუქ წონაში ერთი ჩხუბი უკვე აქვს ჩატარებული: 2022 წლის მარტში, ჯეი ჰერბერტთან. ილიამ მას ნოკაუტით მოუგო.

სავარაუდო მეტოქეები
ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ თოფურიას შემდეგი მოწინააღმდეგე მახაჩევი იქნება. დიახ, რამდენიმე თვის წინ, ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა განაცხადა, რომ მას სურდა ერთი წონით მაღლა ასვლა და ოლივეირასთან ჩხუბი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორგანიზაციამ თაროზე შემოდოს ქართულ-დაღესტნური ეპოქალური დუელი.
ილია აცხადებს, რომ ის იქნება პირველი, ვინც ისლამთან საბმიშენით იმარჯვებს. ბრძოლის გამართვის სავარაუდო თარიღი - ივნისი. მსუბუქი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს პიმბლეტი, რომელთანაც "ელ მატადორს" კონფლიქტი აქვს. პროვოკაციული განცხადებები, შეურაცხყოფები და ფიზიკური დაპირისპირებაც კი...ეს ყველაფერი 28 წლის ჩემპიონისა და ინგლისელი მებრძოლის გარშემო ხდებოდა.


















