7 დეკემბერს, გამთენიისას გაიმართება UFC 323, რომლის მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს პიოტრ იანთან რემატჩში დაიცავს. შეგახსენებთ, ეს იქნება ე.წ. PPV-ს ფორმატის ბოლო ღონისძიება, რის შემდეგაც დასრულდება მსოფლიოს მთავარი პრომოუშენის ESPN-თან თანამშრომლობა.
2026 წლიდან, UFC-ის ახალი პარტნიორი გახდება Paramount+/CBS-ი, Pay-Per-View კი ახალი მოდელით ჩანაცვლდება. განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს აღნიშნული ცვლილება და რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მსოფლიოს მთავარი პრომოუშენის არსებობაზე. როგორც აღვნიშნეთ, PPV-ს ეპოქას ქართველი ჩემპიონი დააგვირგვინებს.
ახალი ერა UFC-ის ისტორიაში
2026 წლიდან Paramount-ი UFC-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდება. კონტრაქტში განსაზღვრულია წელიწადში 13 ე.წ. “დიდი” ივენთი და 30 Fight Night ტურნირი. “დიდ ღონისძიებაში" იგულისხმება ის ტურნირები, რომლებსაც ვეძახით PPV ივენთებს: 18 000 ადამიანზე გათვლილი შოუები.
აღნიშნული ივენთები ტარდება საშუალოდ თვეში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქში და რომლებსაც საჩემპიონო ბრძოლები აგვირგვინებს. შერეული საბრძოლო ხელოვნებების მოყვარულები ასეთი ღონისძიებების ყურებაში იხდიან 80+ დოლარს, რის გამოც მათ PPV ვუწოდეთ.
ახალი კონტრაქტის თანახმად, ეს მოდელი სრულიად გაუქმდება და Paramount+/CBS-ის მომხმარებლებისთვის ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება ერთ პლატფორმაზე, რომელშიც მაყურებელი თვიურად გამოწერის საფასურს გადაიხდის. აღსანიშნავია ისიც, დღეს ეს სერვისი თვეში $11.99 ღირს.
UFC-ის დამატებასთან ერთად, მოსალოდნელია ამ ფასის ზრდაც. Pay-Per-View-ს გაუქმების მიუხედავად, დიდი ტურნირების ამოცნობა იქნება მარტივი, ღონისძიების დასახელებაში მითითებული ნომრის მიხედვით. შეთანხმების ჯამური ღირებულება: $7.7 მილიარდი, 2026-2032 წლების შუალედში.
UFC წელიწადში $1.1 მილიარდ დოლარს მიიღებს. შედარებისთვის, ESPN-თან 2018 წელს გაფორმებული ხუთწლიანი კონტრაქტი ითვალისწინებდა ერთ წელში $500 მილიონს, რაც შერეული საბრძოლო ხელოვნებების სამყაროსთვის უდიდეს წინ გადადგმულ ნაბიჯად ითვლებოდა.
PPV ეპოქის გმირები
ვინ არიან Pay-Per-View ეპოქის გმირები? UFC-ის ელიტა, წარსულიდან და აწმყოდან - ჟორჟ სენ-პიერი, ანდერსონ სილვა, დემეტრიუს ჯონსონი, ჟოზე ალდო, ჯონ ჯონსი, კამარუ უსმანი, ალექს ვოლკანოვსკი, ისრაელ ადესანია, ალექს პერეირა, ისლამ მახაჩევი და კიდევ ბევრი სხვა. მებრძოლები, რომელთა ჩხუბების საყურებლად ქომაგებს ფულის გადახდა არასდროს ენანებოდათ.
Pay-Per-View-ს აბსოლუტური რეკორდსმენი - ვინ, თუ არა, კონორ მაკგრეგორი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე შემოსავლიანი ბრძოლების ათეულში 8 ჩხუბი სწორედ ირლანდიელი ექს-ჩემპიონის ანგარიშზე არის. პირველ პოზიციაზეა მისი ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვთან, რომელმაც პრომოუშენს PPV-თი $180-მილიონიანი მოგება მოუტანა.
"ნოტორიუსისა" და დაღესტნელი ჩემპიონის ბრძოლის ყურების უფლება 2.4 მილიონმა ადამიანმა იყიდა. უკანასკნელ წლების Pay-Per-View ღონისძიებები წარმოუდგენელია ქართველი მებრძოლების გარეშე: ორი დივიზონის ჩემპიონი ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი, რომელიც უბრალოდ დაუჯერებელ რეკორდზე მიდის.
როგორც აღვნიშნეთ, Pay-Per-View ეპოქას დააგვირგვინებს სწორედ "მანქანა", რომლის მოწინააღმდეგე საჩემპიონო ბრძოლაში იანი იქნება. ეს არის 34 წლის ჩემპიონის ქამრის რიგით მე-4 დაცვა, თანაც ეს ყველაფერი ერთ კალენდარულ წელიწადში. მისი 2025 წელი დაიწყო უმარ ნურმაგომედოვთან მოგებით, შემდეგ იყო რემატჩი შონ ო'მალისთან, გამარჯვება კორი სენდჰეგენთან და ახლა ისევ, რუსი მეტოქე.
გზა ფინალურ ივენთამდე
პირველი Pay-Per-View ივენთი, რომელზეც დვალიშვილმა მიიღო მონაწილეობა იყო UFC 252, 2020 წლის 15 აგვისტოს, ლას ვეგასში. მან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯონ დოდსონს მოუგო. ქართველი მებრძოლის ჩხუბმა გახსნა მეინ ქარდი, ღონისძიების მთავარ დუელში კი სტიპე მიოჩიჩმა დენიელ კორმიე დაამარცხა.
ოთხი წლის შემდეგ, Pay-Per-View ივენთის მთავარი ჰედლაინერი იყო უკვე თავად მერაბი, თავის პირველ სატიტულო ბრძოლაში ო'მალის წინააღმდეგ. იმ ღონისძიებიდან - UFC 323-ის ჩათვლით, განრიგში მოხვდა 17 PPV შოუ და "მანქანის" სახელი 5 მათგანში ფიგურირებს. გამოდის, რომ თითქმის ყოველი მე-5 ივენთი სწორედ 34 წლის ჩემპიონის მონაწილეობით იყო.
ვინ უნდა დაასრულოს UFC-ის სახელოვანი ეპოქა, თუ არა იმ მებროლმა, რომელიც ერთ კალენდარულ წელიწადში ქამარს მეოთხედ დაიცავს. დვალიშვილის პირველი PPV ღონისძიება შედგა ლას ვეგასში, ბოლოც იგივე ქალაქში გაიმართება. განსხვავება არის ის, რომ თუ მაშინ ქართველი იყო პრომოუშენის რიგითი წევრი, 323-ე შოუს ის უკვე 61 კგ წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის სტატუსით ხვდება.















