10 აგვისტოს, 05:00 საათიდან, UFC Fight Night-ის მეინ ივენთის ფარგლებში რომან დოლიძე ენტონი ერნანდესს დაუპირისპირდება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული ჩხუბისგან და რა უპირატესობას მისცემს ქართველ მებრძოლს ამ ღონისძიებაზე მოგება.
რა უნდა ვიცოდეთ დოლიძის მეტოქის შესახებ?
ერნანდესი ოქტაგონზე გამოვა 7-ბრძოლიანი წაუგებელი სერიით, ზოგადად კი მის ანგარიშზე არის 14 გამარჯვება და 2 მარცხი. მან უკანასკნელად წააგო 2020 წლის მაისში, კევინ ჰოლანდთან და იმის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, 7 ჩხუბი მოიგო. ამერიკელმა მებრძოლმა თავისი ჩხუბების უმეტესობა, უფრო კონკრეტულად კი 8 მოიგო საბმიშენით.
ამის გარდა, სამჯერ ენტონიმ მოიგო ნოკაუტით, სამჯერაც მსაჯების გადაწყვეტილებით. რაც შეეხება მის წაგებებს, "ტრეილბლეიზერმა" "ფლაფის" მოუგო ტექნიკური ნოკაუტით, მარკუს პერესმა კი საბმიშენით. დოლიძის მეტოქე 84 კგ წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-10 პოზიციას იკავებს.
რა ელის ქართველ მებრძოლს გამარჯვების შემთხვევაში?
დოლიძის ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებათა სერია ჯერჯერობით არ არის ერნანდესის სერიის მსგავსი, თუმცა ფაქტია, მას ბევრად უფრო სტატუსიან მეტოქეებთან აქვს მოგებული. შეგახსენებთ, ქართველი მებრძოლის რეკორდი 15 მოგებასა და 3 წაგებას შეადგენს. მისი სერია ამჟამად ზედიზედ 3 გამარჯვებას მოიცავს.
თავისი ბრძოლების ნახევარზე მეტში რომანმა იმარჯვა ნოკაუტით, რაც ნამდვილად ბევრის მთქმელია. რაც შეეხება უშუალო ამერიკელ მეტოქესთან ჩხუბს, მოგების შემთხვევაში "კავკასიელი" კიდევ უფრო მოუახლოვდება თავის მთავარ მიზანს: საჩემპიონო ბრძოლას. ის პრაქტიკულად ერთ ნაბიჯში იქნება.
37 წლის მებრძოლის შემდეგი მოწინააღმდეგე აუცილებლად იქნება ტოპ ხუთიდან და მასთანაც გამარჯვების შემთხვევაში, საჩემპიონო ბრძოლა უკვე გარდაუვალი იქნება. ცხადია, იქამდე დიდი დროა და დოლიძეს ჯერ ენტონისთან მოგება სჭირდება.















