კვირას გამთენიისას გიგა ჭიკაძე საქმეში ბრუნდება, მისი მეტოქე დავიდ ონამა იქნება. მოდით, საუბარი გიგას მოწინააღმდეგის ანალიზით დავიწყოთ.
ვინ არის დავიდ ონამა?
ონამას ძლიერი მხარე მისი კრივი და ფიზიკური ძალაა, ხელში ბრძოლა ძალიან კარგად იცის და საკმაოდ კომბინაციურიცაა. როდესაც მეტოქეს დარტყმას უტარებს, როგორც წესი ისინი ძირს ეცემიან, თუმცა ონამა ნამდვილად არ არის დახვეწილი ტექნიკის მქონე მებრძოლი, ისეთი, როგორიც ილია თოფურია, ან თუნდაც კელვინ კატარია. მიუხედავად იმისა, რომ კატარსა და ილიას შორის დიდი განსხვავებაა, კატარის კრივი მაინც ელიტარულად ითვლება და ვფიქრობ, რომ ონამას ტექნიკა კატარის ტექნიკასთან ახლოსაც ვერ მივა.
კატარს ტყუილად არ ვახსენებ. კატარი გიგასთვის ნაცნობი მეტოქეა, მათ ერთმანეთის პირისპირ ოქტაგონზე 25 წუთი გაატარეს. გიგას ქიქბოქსინგის განეიტრალება კელვინმა გამუდმებული წნეხის, ამტანობის, კარდიოსა და სწორედ კრივის ტექნიკის ხარჯზე მოახერხა. მაგრამ შეძლებს ანალოგიურს ონამა?! - ამაში ეჭვი მეპარება.
გიგა MMA-ის უნივერსალური მებრძოლი არ არის, ეს არახალია. ვიცით, რომ „ნინძა" აქცენტირებული სტრაიკერია, თანაც გამოკვეთილი ქიქერი. ამ ტიპის მებრძოლის გასანეიტრალებლად აუცილებელია, რომ ამტანი იყო, რადგან დარტყმების მიღების გარეშე არაფერი გამოვა, უნდა გქონდეს კარგი კარდიო, რომ წნეხის დროს არ დაიღალო, ამავდროულად უნდა ახერხებდე დახვეწილი კომბინაციების აწყობას. ონამას კარდიო კი ნამდვილად არ აქვს ისეთი, როგორიც გიგას წინააღმდეგ გჭირდება. დევიდი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ამის ხარჯზე ჭიდაობის გაცვლებშიც ახერხებს წარმატების მოპოვებას, თუმცა საუკეთესო თვისებების მხოლოდ პირველ რაუნდში ავლენს, მეორე ხუთწუთეულითან ონამა ისეთი ეფექტური აღარ არის ხოლმე ამას დავუმატოთ კანზასელის ძალიან დიდი სუსტი წერტილი, რომელსაც გიგას საბრძოლო სტილი კარგად ერგება. დევიდს ძალიან წვრილი ფეხები აქვს. ძალიან ბევრმა მებრძოლმა მას ქიქებით პრობლემები შეუქმნა. ონამას უკანასკნელ ბრძოლაში თუ დებიუტანტმა რომერომ შეძლო და მას ფეხები დაუზიანა, დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გეგმით გიგა დევიდის ფეხებს დალეწავს.
Nate The Train-თან ონამას ბრძოლაში კარდიოს პრობლემები იოლად შეიმჩნევა. იმ ბრძოლაში ყველაფერი დევიდის კარნახით მიდიოდა, ნეით ლენდვერი საწყის წუთებში ნოკდაუნშიც გაუშვა, მაგრამ გიგას მომავალი მეტოქე ადვილად დაიღალა, მეორე რაუნდიდან საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა, მხოლოდ წამიერად თუ მოიკრებდა ძალას და აფეთქდებოდა. კი, მისი დარტყმის ძალის გამო ონამა ყოველთვის საშიშია, მაგრამ გვიან რაუნდებში მისი ხარისხი საკმაოდ უარესდება.
როგორ უნდა მოიგოს გიგამ?
ვფიქრობ, გიგამ ბრძოლა დისტანციაზე უნდა წარმართოს. კარგ ბრძოლას კარგი სტილისტური დაპირისპირება ქმნის და გიგამ ონამას მინუსები სრულად უნდა გამოიყენოს და მის სტილს მოარგოს. გიგა ქიქერია, ფეხებით მუშაობა უყვარს, თუმცა ონამას ისეთი კრივი და დგომი აქვს, რომ ღვიძლს ღიას არ ტოვებს ხოლმე, თუმცა, მისი ფეხები გიგასთვის იდეალური სამიზნეა. სიმაღლეში გიგას უპირატესობა ექნება, თუმცა წვდომი ონამასაც საკმაოდ გრძელი აქვს. გიგამ მეტოქეს ფეხები უნდა დაუმუშაოს და პერიოდულად სართულები ცვალოს.
გიგას კუთხეში რომ ვიყო, აუცილებლად მოვუწოდებდი, რომ ხელით დაწყებული კომბინაცია აუცილებლად ფეხით დაემთავრებინა. თავდაპირველ გეგმად ფეხში ლოუ ქიქების გაშვება იქნებოდა და პერიოდულად გეგმაში ფეხის ნაცვლად სახეში დატყმებს ჩავართვევინებდი. გიგას ეს აქამდეც გაუკეთებია და კარგადაც გამოსდის, თუმცა ამის მიზანი არ არის მხოლოდ ნოკაუტი. ამით ონამას ორ სართულზე დავაფიქრებდი და შემდგომ დაველოდებოდი როდის გაიხსნებოდა ღვიძლი, რომ ფეხით ღვიძლში მძიმე დარტყმები გამეშვა. აუცილებელია დისტანციის კარგად კონტროლი, თუმცა გიგას ცენტრს არ დავათმობინებდი. არნოლდ ალენთან წარმატებული პირველი რაუნდის შემდგომ გიგა სწორედ ბევრმა მოძრაობამ და ცენტრის დათმობამ „დაღუპა“. ცენტრის დათმობით გიგა ცდილობს ბრძოლა ფეხის დისტანციაზე დატოვოს, თუმცა მეტოქის დიდი წნეხის დროს ეს ძალიან რთულია. როდესაც მეტოქე ცდილობს, რომ ცენტრი წაგართვას და წინ მოდის, აუცილებელია ხელით მძიმე დარტყმების დახვედრება, რათა მეტოქემ იგრძნოს, რომ წინ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ძვირად დაუჯდება.
რა არის გიგას ყველაზე დიდი პრობლემა?
UFC-ში გიგამ დიდებული სტარტი აიღო, თუმცა ბოლო დროს მას ჩავარდნები ჰქონდა. რატომ? - პირველ მიზეზად კარდიოს ასახელებენ ხოლმე, მაგრამ დამიჯერეთ, რომ გიგას დონის ათლეტს კარდიოს პრობლემები ფიზ. მომზადებასთან კავშირში არ არის. გიგა არც ზარმაცია და არც ცუდი მომზადება აქვს. ჭიკაძე დასტინ პორიეს მწვრთნელთან ემზადება ვარჯიშებზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აქვს. გიგას კარდიოს პრობლემები ორი გარემოებით აიხსნება.
ემოციები და ნერვული სისტემის გადაღლა
ემოცია მებრძოლს ძალიან ღლის. გიგა კი ძალიან ემოციურია. გიგას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და როდესაც ოქტაგონზე ასეთი დიდი პოტენციალით გადიხარ, შენზე საკმაოდ დიდი წნეხი მოდის. მოლოდინების გამართლება, სამშობლოს დროშა მხრებზე და ა.შ - ვინმე შეიძლება იკითხოს, ილია და მერაბი წნეხს არ გრძნობენ?! - რა თქმა უნდა, ზეწოლა ყველა მებრძოლს აქვს, თუმცა თითოეულ ათლეტს ემოციური სისტემა სხვადასხვანაირად აქვს მოწყობილი და გამაღიზიანებლებზე განსხვავებულად რეაგირებს.
სტაბილურობა
გიგა ბრძოლას ძალიან მაღალი ტემპით იწყებს, ბუნებრივია, ბრძოლის განვითარებასთან ერთად ინტენსივობა იკლებს. როდესაც ტემპი ვარდება, მეტოქეები გიგასთან ბრძოლას ალღოს უღებენ. გიგამ სამი რაუნდის სტაბილურად ჩასატარებლად ოპტიმალური ტემპი უნდა იპოვოს და დაიჭიროს. ვხედავთ, რომ ტექნიკურად გიგა ელიტარულ დონეზეა, პირველ რაუნდს, პრაქტიკულად, ყველას უგებს. თუ ამ ტემპს შეინარჩუნებს, სხვა რაუნდებსაც აუცილებლად მოიგებს.
კი, კარდიო გადამწყვეტია და ეს ერთ-ერთი მახასიათებელია დიდი მებრძოლისა, თუმცა ეს თუ გამოასწორა გიგამ, დარწმუნებული ვარ, შეიძლება Featherweight-ში მორიგი ქართველის title run-ის მომსწრე გავხდეთ. ამ დივიზიონში სიტუაცია ძალიან საინტერესოდ ვითარდება.
გიგა პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც საქართველო ფართო აუდიტორიას გააცნო. მას ერთი ნაბიჯი აშორებდა ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან სატიტულო ჯახამდე, რომელიც კელვინ კატართან მარცხის გამო აღარ შედგა, თუმცა იქამდე გიგაზე თავად ვოლკიც საუბრობდა, ავსტრალიელი ჩემპიონი მისთვის შანსის მიცემას განიხილავდა.
2-3 კარგი მოგება და, ვფიქრობ, არაფერია გამორიცხული. ალი აბდელაზიზის სახით გიგას კარგი მენეჯერი ჰყავს და შედეგის დადების შემთხვევაში მასთან ერთად ხმაურის გამოწვევა არ გაუჭირდება. ქართველი ხალხისგან გიგას ახლა მორალური და მენტალური დახმარება ისე სჭირდება, როგორც არასდროს. მხარდაჭერა მას მაქსიმალურად უნდა ვაგრძნობინოთ.
ასე რომ, ამ შაბათ-კვირას ყველამ მაქსიმალურად უნდა ვუქომაგოთ ქართველ მებრძოლს, რომ TOP 15-ში ადგილი შეინარჩუნოს და მალევე დალაშქროს TOP 10 და TOP 5.















