18 აგვისტოს გამთენიისას, ისრაელ ადესანიამ და დრიკუს დუ პლესიმ სასწაულო ბრძოლა ჩაატარეს. ორივე მებრძოლმა დაამტკიცა, რომ საჩემპიონო დონის ღირსეული მებრძოლები არიან. ბრძოლა დრიკუს დუ პლესიმ მოიგო - ადესანია ზურგიდან მახრჩობელა ილეთით დაამარცხა, თუმცა ამ მომენტამდე ბევრის გადატანა მოუწია.
პირველი რაუნდში, მებრძოლები შედარებით ფრთხილად მოქმედებდნენ. დგომაში დუ პლესი სწრაფი და ფეთქებადი იყო, თუმცა სამიზნეს მისი ხელები იშვიათად პოულობდნენ, მაშინ, როდესაც ისრაელ ადესანია ზუსტ წერტილოვან დარტყმებს აყენებდა ჩემპიონს. ადესანიამ პირველივე რაუნდში დაუზიანა ცხვირი და წარბზე ჭრილობაც მიაყენა თავის მეტოქეს. დუ პლესიმ მხოლოდ ერთხელ სცადა ჭიდაობა ადესანიასთან, მაგრამ იზიმ ისე კარგად დაიცვა თავი, რომ დუ პლესის ამ რაუნდში შემდგომი მცდელობის სურვილიც გაუქრო. მეორე რაუნდში, დგომაში ადესანიას სტრატეგია ცხადი გახდა. იგი აქტიურად უტევდა ფეხს, რომელიც პირველივე რაუნდში დაუზიანა მეტოქეს. ასევე, უმძიმეს დარტყმებს აყენებდა ტანში, როგორც ხელით, ასევე ე.წ „front kick”-ით (ფეხის პირდაპირი დარტყმებით). ეს დარტყმები სტრატეგიული გათვლა იყო. დუ პლესის კარდიოსთან პრობლემები ყოველთვის ჰქონდა და ტანში დარტყმები მებრძოლს სუნთქვას ურევს, რის გამოც არათანაბრად სუნთქავს და მალე იღლება. მეორე რაუნდის ბოლოდან, დუ პლესის დაეტყო, რომ მისი კარდიო საგრძნობლად იყო დაზიანებული. სამაგიეროდ, დუ პლესის შანსები ჭიდაობაში გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ დუ პლესიმ ადესანიას გაკონტროლება მიწაზე ვერ მოახერხა, ეს უკანასკნელი თითქმის სრული მეორე რაუნდის განმავლობაში თავს იცავდა, რის შედეგადაც რაუნდი აშკარად დათმო.
მესამე რაუნდში ადესანიამ სტრაიკინგის მასტერკლასი ჩაუტარა მეტოქეს. „ლოუ ქიქებით“ ზიანის მიყენების შემდგომ, სახეშიც არაერთი ძლიერი დარტყმა განახორციელა ფეხით. ამას დამატებული, ტანში უმძიმესი დარტყმები. დუ პლესი ცდილობდა ქაოსურად გადასულიყო შეტევაზე, თუმცა მისი ეს მცდელობები მესამე რაუნდში განწირულს გავდა, რადგან ადესანია ჩამოწეული ხელებით თავის მოძრაობის ხარჯზეც კი მარტივად იცილებდა დარტყმებს.
წარმატებული მესამე რაუნდის შემდგომ, დუ პლესისთვის გამოსავალი თითქოს აღარ ჩანდა. მეოთხე რაუნდში ადესანია, კონცენტრირებული, სწრაფი და ძლიერი იყო, მასთან შედარებით კი დუ პლესი - სასწაულად შენელებული. მეოთხე რაუნდის პირველი ნახევარიც ადესანიას სასარგებლოდ მიმდინარეობდა. იდეალურად დაიცვა ფეხი დუ პლესის მცდელობისგან და საპასუხოდ არაერთი ძლიერი დარტყმაც განახორციელა, თუმცა ადესანიასაც შეეტყო დაღლა. დაღლასთან ერთად, დუ პლესიმ დაგვარწმუნა, რომ მის დარტყმას განსაკუთრებული ზიანის მიყენება შეუძლია. თითქოსდა უწყინარმა დარტყმამ აშკარად დააზიანა ადესანია. დუ პლესიმ იგრძნო სისხლის სუნი და ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა ყოფილ ჩემპიონს. ადესანიამ, ზურგი აქცია მეტოქეს, ჩემპიონმა ეს ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენა, რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა და მომენტალურად ჩაათრია მიწაზე, სადაც ზურგი აიღო. დუ პლესიმ იცოდა, რომ ეს მისი შანსი იყო, მახრჩობელა ილეთის ჩასწორება არც კი სცადა, და ე.წ „Neck Crank” -ი სცადა, სადაც მეტოქეს არათუ ახრჩობ, არამედ „ყბას ტეხ.“ ადესანიამ, ზეწოლას ვერ გაუძლო და დანებდა, რის შედეგადაც დუ პლესიმ ქამარი წარმატებით დაიცვა. ამ ბრძოლაში, დუ პლესიმ დაამტკიცა, რომ მას ჩემპიონის მენტალიტეტი და ხასიათი აქვს, შეუძლია დაბრკოლებების გადალახვა, ზიანის მიღება და დაღლილობის მიუხედავად, მეტოქისთვის საფრთხის შექმნა.

ძალიან საინტერესო დაპირისპირების მომსწრენი გავხდით, დენ ჰუკერსა და მატეუშ გამროტს შორის. პირველივე რაუნდში, გამროტი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ჰუკერს გდებაც გაუკეთა, წარბიც გაუხეთქა, ნოკდაუნშიც გაუშვა, გილიოტინის მცდელობაზეც დაიჭირა და საბოლოოდ, ძლიერი „გრაუნდ ენდ ფაუნდიც“ დააგემოვნებინა, თუმცა ჰუკერმა არამხოლოდ გადარჩენა მოახერხა, არამედ პირველი რაუნდის მიწურულს, ნოკდაუნში გაუშვა პოლონელი მებრძოლი. აქ გამროტის ძალიან კარგი საბრძოლო IQ გამოჩნდა. იგი ფეხში ჩავიდა თავის გადასარჩენად და მიუხედავად იმისა, რომ წაქცევას ვერ ახერხებდა, მოახერხა და თავი ძალიან კარგად დაუმალა ჰუკერს, რათა დარტყმების მიყენება ვერ გაეგრძელებინა სითი ქიქბოქსინგის წარმომადგენელს. მეორე რაუნდი, გამროტმა გაბრუებულმა, ხოლო ჰუკერმა სახეზე 3 ჭრილობით გახსნა. გამროტმა მეტად დააფასა ჰუკერის შესაძლებლობები დგომაში და ამჯერად მალევე გადაიყვანა მეტოქე მიწაზე, რის შემდეგაც 2 წუთის განმავლობაში, არამარტო აკონტროლა, არამედ რამდენიმე კარგი დარტყმაც მიაყენა, თუმცა ჰუკერმა რაუნდის მეორე ნახევარში წამოდგომა მაინც შეძლო. გამროტი დგომაში ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა აშკარა იყო, რომ ჰუკერს მეტი შანსი სწორედ აქ ჰქონდა, შესაბამისად, გამროტმა კვლავ სცადა გდების განხორციელება, თუმცა ეს მცდელობა ძვირად დაუჯდა. ჯერ გილიოტინაში გაყო თავი და ამ მახრჩობელა ილეთისგან თავის დაცვის შემდგომ, ისეთ პოზიციაში აღმოჩნდა, სადაც ჰუკერმა არაერთხელ მოარტყა იდაყვი თავში. კვლავ კარგი დასაწყისის შემდგომ, ჰუკერმა შეძლო რაუნდის შემოტრიალება და დიდი ზიანი მიაყენა გამროტს. როდესაც მებრძოლი ზიანის შემდგომ ტყდებოდა, ჰუკერი მესამე რაუნდის გამოსვლამდე, სახეზე 3-4 ჭრილობით, სისხლში ნაბანავები კუთხეში იცინოდა და თავის კუთხეს ეუბნებოდა, რომ მას უყვარდა ეს ყველაფერი - ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი საბრძოლო სულისკვეთება. ეს ხასიათი არამარტო შესვენებაზე, არამედ მესამე რაუნდშიც გამოავლინა. იგრძნო ჰუკერმა, რომ გამროტს დიდი ზიანი ჰქონდა და არ მოეშვა. ზიანის მიუხედავად, გამროტს წნეხში აქცევდა და სართულების ცვლით ხან ტანში, ხან სახეში უტევდა. გამროტმა კვლავ სცადა გდების გაკეთება, თუმცა ჰუკერი უკვე მშვენივრად იცავდა თავს. საბოლოო წუთზე, გაცვლების ცერემონიალი მოაწყვეს მებრძოლებმა და ჰუკერმა თვალზე უმძიმესი ზიანი მიაყენა გამროტს. გამროტის წაქცევის მცდელობები საკმაოდ კრეატიული იყო, თუმცა ჰუკერმა არაფერი დათმო ამ ბრძოლაში და გაყოფილი გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა, რითაც გამროტი საკმაოდ გაკვირვებული დარჩა. სამაგიეროდ, მებრძოლებმა ამ თავგანწირვისთვის სახლში ორგანიზაციის დამსახურებული „საღამოს ბრძოლის“ ბონუსი, 50 000$ წაიღეს. ამ ბრძოლით ჰუკერი დივიზიონის საუკეთესო ხუთეულში ბრუნდება, თუმცა რა არის შემდეგი ეტაპი მისთვის? მას ამ კითხვაზე მარტივი პასუხი ჰქონდა, მისი სურვილია კონორ მაკგრეგორი, BMF ქამარი და სატიტულო ორთაბრძოლაზე გამსვლელი ორთაბრძოლა. ჰუკერისა და გამორტის მომავალი კვლავ ნათელი რჩება, მათთვის არაერთი საინტერესო ბრძოლის ჩანიშვნა შეიძლება, თუმცა ადესანიას მომავალი შედარებით ბუნდოვანია.
ადესანია უდავოდ, დივიზიონის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი და ჩემპიონია. თუმცა, ტიტული მას აღარ აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ განმეორებითი მატჩი ჩაენიშნოს. რამდენად მზადაა ადესანია, რომ არასაჩემპიონო ბრძოლაში ჩაებას და კვლავ ავიდეს ტახტზე? არაა გამორიცხული წონის შეცვლაზეც იფიქროს. ბრძოლის შემდგომი ინტერვიუდან აშკარაა, რომ ადესანია კარიერის დასრულებას ჯერ არ გეგმავს.
აქვე კი შეგიძლიათ იხილოთ დანარჩენი ბრძოლების შედეგები:
მეინ ქარდი (მთავარი ქარდი):
დრიკუს დუ პლესიმ დაამარცხა ისრაელ ადესანია მახრჩობელა ილეთით (4
რაუნდი, 3:38)
კაი კარა-ფრანსმა დაამარცხა სტივ ერსეგი ტექნიკური ნოკაუტით (1 რაუნდი, 1:04)
დან ჰუკერმა დაამარცხა მატეუშ გამროტი გაყოფილი გადაწყვეტილებით (29-28,
29-28, 28-29)
ჟაირჟინიო როზენსტრუკმა დაამარცხა ტაი ტუივასა გაყოფილი
გადაწყვეტილებით
კარლოს პრატესმა დაამარცხა ლი ჯინგლიანგი ბრუტალური ნოკაუტით (2
რაუნდი, 4:02)
პრელიმები:
ვალტერ უოლკერმა დაამარცხა ჯუნიორ ტაფა ქუსლის მტკივნეულით ( 1 რაუნდი, 4:56)
რიკარდო რამოსმა დაამარცხა ჯოშუა კულიბაო გაყოფილი გადაწყვეტილებით (29-28 x2, 28-29)
ქეისი ო’ნილმა დაამარცხა ლუანა სანტოსი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (30-27 x2, 30-26)
ჯეკ ჯენკინსმა დაამარცხა ჰერბერტ ბერნსი ტექნიკური ნოკაუტით (3 რაუნდი, 0:48)
ტომ ნოლანმა დაამარცხა ალექს რეიესი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (30-27 x2, 29-28)
სონგ კენანმა დაამარცხა რიკი გლენნი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (30-27, 30-26, 29-28)
ჰესუს აგილარმა დაამარცხა სტიუარტ ნიკოლი მახრჩობელა ილეთით (გილიოტინით) (1 რაუნდი, 2:39)
ავტორი: საბა სოზაშვილი















