გაიცანი ქართველი მებრძოლის მეორე სტატიაში კვლავ ბათუმის საბრძოლო აკადემიის მებრძოლებზე ვისაუბრებთ. გოჩა შაინიძეს შემდგომ, რიგი დავით ლორთქიფანიძესა და ჯუბა ბერიძეზეა, რომლებიც 18 აპრილს საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველ ბრძოლას გამართავენ.
აღსანიშნავია, რომ ორივე მებრძოლი ხვიჩა ქორიძის მოსწავლეა, რომლებმაც საქართველოში უკვე დიდი გამოცდილება დააგროვეს და კარიერას ჩინეთში, უდიდესი აზიურ ორგანიზაცია Brave CF-ში გააგრძელებენ.
დავით ლორთქიფანიძე ბაზით სტრაიკერია. მისი საბრძოლო ბექგრაუნდი კარატეა და ეს მის ფეხის დარტყმებში კარგად ჩანს. რაც მთავარია, მან მისი კარატე სრულად მოარგო MMA-ის და სტრაიკინგი ძალიან დახვეწა - როგორც ხელით ასევე ფეხით მუშაობისას.
ბაზის მიუხედავად, დავითის ხელწერა, ისევე როგორც Batumi Fight Academy-ს სხვა მებრძოლების შემთხვევაში, არის მისი აუტანელი ჭიდაობა, რაც ცხადია, მისი მწვრთნელის, ხვიჩა ქორიძის, დამსახურებაა.
დავითი დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელსაც კარიერაში 5 მოგება და არცერთი მარცხი აქვს. უკანასკნელ ორთაბრძოლაში მან გამოცდილი თურქი ქიქბოქსერი, უმუთ კუზგუნი, დაამარცხა, რომელმაც მეორე რაუნდის შემდგომ ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ლორთქიფანიძეს ძალიან მძიმე Ground & Pound აქვს, და მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მას მტკივნეული და მახრჩობელა ილეთებით მოგება ოფიციალურად არ ჩაუწერია, დამერწმუნეთ, რომ ჯიუ ჯიცუს ილეთების მრავალფეროვანი არსენალი აქვს.
დავითი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, დისციპლინირებული მებრძოლია, რომელიც გამუდმებით ფორმაშია, და მისი ფიზიკური კონდიციები გამუდმებით უმჯობესდება.
მისი მეტოქე გამოცდილი ადგილობრივი ჩინელი მებრძოლია, რომელმაც ბოლო 5 ბრძოლიდან 4-ში გამარჯვების მოპოვება მოახერხა. უკანასნელი მოგება ჩინელმა მებრძოლმა 2025 წლის 21 მარტს მოიპოვა. ჩინელი სახლში თავს ფავორიტად მიიჩნევს, თუმცა დავითს სულ სხვა გეგმები აქვს მისთვის და ფიქრობს, რომ ბრძოლა ბოლომდე არ გასტანს და მეტოქის დაფინიშებას მესამე რაუნდამდე მოახერხებს.
დავითის გუნდელი ჯუბა ბერიძეც დავითთან ერთად წავა ჩინეთში და ისიც საკმაოდ გამოცდილ ადგილობრივ მებრძოლს დაუპირისპირდება. ჯუბას ანგარიშზე 3 მოგება და მხოლოდ 1 მარცხია, რომელიც 2 წლის წინ განიცადა, თუმცა ამის შემდგომ იგი საგრძნობლად დაიხვეწა. ჯუბა Flyweight-ში ასპარეზობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, Bantamweight-ის მებრძლებთანაც უპრობლემოდ დადგება.
ჯუბამ ეს ბრძოლა ორი კვირით ადრე, მოკლე ვადაზე აიღო, თუმცა როგორც ამბობს, იგი სულ ფორმაშია, და მისთვის ამ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მეტოქეც კარგად ჰყავს შესწავლილი. იცის, რომ ჩინელი მებრძოლი კარგი, აგრესიული სტრაიკერია და აპირებს, რომ მისი სტრაიკინგი ჭიდაობით გაანეიტრალოს.
ზოგადად, ბათუმის საბრძოლო აკადემიაში ჭიდაობისა და გრეპლინგის განსაკუთრებული ვარჯიშებია და როდესაც წყვილში ამდენი კარგი მოჭიდავე გყავს, ამ კუთხით შენც ავტომატურად ვითარდები და სწორედ ამიტომ არის, რომ თითოეულ მებრძოლს გრეპლინგისა თუ ჭიდაობის უნიკალური უნარები აქვს.
მეც შევისწავლე ჯუბას მეტოქე, მაღალია და კარგი სტრაიკერია, თუმცა სიმაღლის უპირატესობას ჯუბასთან უარყოფითი მხარეც ექნება. რაც უფრო მაღალია მებრძოლი, მით უფრო ნაკლები კუნთოვანი მასა აქვს და მგონია, რომ ჯუბა ფიზიკაში ისედაც დაჯაბნის და კარგი ჭიდაობის ხარჯზე სრულად გაანეიტრალებს.
წარმატება ორივე ქართველ მებრძოლსა და ბათუმის საბრძოლო აკადემიას ამ დიდ მოგზაურობაში. მოგვიანებით კი ივენთის შესახებ სტატიას შემოგთავაზებთ, რომელშიც იმავე საღამოზე გამომსვლელ ქართველებზეც ვისაუბრებთ.















