UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა მედია დღის ფარგლებში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შეგახსენებთ, მსოფლიოს მთავარი პრომოუშენის 323-ე ღონისძიებაზე ქართველი მებრძოლის მეტოქე პიოტრ იანი იქნება.
"ჩემი მიზანი იყო წელს ოთხი ბრძოლის გამართვა და მადლობა მინდა მოვუხადო UFC-ის რომ ამის შესაძლებლობა მომცა. მხოლოდ წონის ჩაბარება დამრჩა. ეს პროცესი არასდროს არის მარტივი, ტრავმებიც მქონდა, მაგრამ არასდროს ვწუწუნებ, ვარჯიში და დისციპლინა უპირველეს ყოვლისა.
მინდა იანის დაფინიშება, რადგან აქამდე ეს არავის გაუკეთებია. მთავარია გამარჯვება, თანაც ეს მოგება რეკორდული იქნება. ყოველი ჩემი წარმატება ჩემს ქვეყანასა და გუნდს ეძღვნება. ჩემი და პიოტრის პირველი ჩხუბი იყო კარგი, მაგრამ მე-2 ბრძოლაში თავს კიდევ უფრო უკეთ წარმოვაჩენ.
ვითარება სუპერმსუბუქ დივიზიონში? ზაჰაბის გამარჯვებების გრძელი სერია აქვს. ო'მალის მხარეს ვარ, თუმცა იადონგმა თუ მოიგო, მასთან დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებ. მინდა ახალი რეკორდების დამყარება, რაც მოგებათა სერიასაც ეხება. ადრე, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი.
რუს მებრძოლთან წინა ჩხუბი იყო უფრო პრინციპული, თუმცა ახლა ამ ყველაფერს უფრო სპორტული ინტერესით ვუყურებ. ადრე ის უპატივცემულოდ საუბრობდა ჩემზე და სტერლინგზე, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა."















