8 მარტს, ლას ვეგასში, UFC-ის მაყურებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, იხილონ მსუბუქი დივიზიონის საუკუნოვანი რემატჩი - BMF ქამრის მფლობელი მაქს ჰოლოუეი ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. ყველამ ვიცით, რომ ზემოხსენებული შეხვედრას ამაღელვებელს მებრძოლების სანახაობრივი სტილი ქმნის - ცალსახაა, რომ UFC 326-ის მთავარ ღონისძიებაში სისხლიან ორთაბრძოლას ვიხილავთ. "დალოცვილისა" და ყოფილი ბრაზილიელი ჩემპიონის შეხვედრას, მეტად საინტერესოს მათი წარსული და უკანასკნელი ბრძოლა ხდის, რომელშიც გამარჯვება ჰავაელმა ათლეტმა ტექნიკური ნოკაუტის ხარჯზე მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსისა და ოლივეირას პირველი შეხვედრა ჰოლოუეის ცალსახა დომინირებით დასრულდა, ეს ყოველივე არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მომავალ ღონისძიებაში უპირატესობა მაქსს მივანიჭოთ, ვინაიდან ზემოხსენებული ორთაბრძოლიდან 10 წელზე მეტი გავიდა და ორივე სპორტსმენმა განსაკუთრებული გზა გაიარა იმისათვის, რომ დღესდღეობით მათ UFC-ის უმაღლეს რეიტინგში ეასპარეზათ.
ლეგენდების პირველი შეხვედრა
თავდაპირველი მაქს ჰოლოუეი VS ჩარლზ ოლივეირა 2015 წლის აგვისტოში გაიმართა. პერიოდში, რომელშიც ოლივეირა და მაქსი ჯერ კიდევ არ იმყოფებოდნენ TOP 15-ში და მათი სახელიც არც თუ ისე ცნობადი გახლდათ, მაგრამ ახალგაზრდა ასაკიდან და ქარიზმატული სტილიდან გამომდინარე, ფანთა აუდიტორია ორივეს ამომავალ პროსპექტებად მიიჩნევდა. კარიერის განმავლობაში, ორივე მებრძოლისთვის ნაცნობი გახდა მარცხის გემო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჰოლოუეის 8 წაგებიდან თითქმის ყველა გადაწყვეტილებითაა დასრულებული, თუ არ ჩავთვლით მარცხს რომელიც მაქსმა დასტინ პორიესთან, თავის დებიუტში იწვნია და ნოკაუტს ილია თოფურიას წინააღმდეგ, რომელმაც მაქსის "უტეხი ყბის" სტერეოტიპი სასწაულებრივად დაანგრია. ამ ყოველივეთი ხაზს ვუსვავ იმას, რომ ჰავაელი სტრაიკერი საშინლად ამტანია და შეუძლია, რომ ბრძოლა 5 რაუნდის განმავლობაში ჯიუტად განაგრძოს. რაც შეეხება ოლივეირას, კარიერის თავდაპირველ ფაზაში მან საკუთარ თავზე მრავალი წარუმატებელი შეხვედრა გამოცადა, რომელთა უმეტესობის შედეგიც ფინიშით მარცხი იყო. ყველაფერი 2017 წლის შემდეგ შეიცვალა - ჩარლზ ოლივეირამ შეძლო და 8 მოგებიანი სერიის შემდეგ მსუბუქი დივიზიონის ტიტული მოიპოვა. გასაოცარია ფაქტი, რომ მისი კარიერული "აღზევების" ეპოქის დასაწყისი ჩარლზის უფროსი შვილის დაბადების თარიღს ემთხვევა. იგი საშუალო UFC-ის კონტენდერიდან, მსუბუქი წონის აბსოლუტურ ლეგენდად გადაიქცა. ჰოლოუეიზეც შემიძლია ვთქვა, რომ იგი 2015 წლის შემდეგ საგრძნობლად განვითარდა, თუმცა მას ნაკლებად რთული გზის გავლა მოუწია იმისათვის, რომ ჩემპიონი გამხდარიყო. იგი ჩარლზთან პირველი ბრძოლიდან 1 წელში უკვე ქვემსუბუქი დივიზიონის ტიტულის მფლობელი გახლდათ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ოლივეირას მსგავსად, ჰოლოუეისაც ჰქონდა დაღმასვლის ფაზები, რომელიც მათ განვლილ გზას აღსანიშნავ რემატჩამდე ანალოგიურს და მეტად საპატივსაცემოს ხდის.
მებრძოლთა ანალიზი
სტილისტიკურად მაქს ჰოლოუეისა და ჩარლზ ოლივეირას როგორც ბევრი საერთო, ასევე ბევრი განსხვავებული მახასიათებლები გააჩნიათ. პირველი რასაც მინდა ხაზი გავუსვა, მათი მაღალი დონის სტრაიკინგი და უტეხი ხასიათია. მოგეხსენებათ, რომ "Do Bronx"-ის მუაი ტაი მსუბუქ დივიზიონში აღიარებული ფენომენია, ბრაზილიელი მებრძოლი ყოველ შეხვედრაში მრავალფეროვან, ლამაზ კომბინაციებს გვთავაზობს, რომელიც მუხლებით, იდაყვებითა და სხვა ლამაზი ილეთებითაა გაჯერებული. ოლივეირას სტრაიკინგთან ერთად, აუცილებლად მინდა ყურადღება გავამახვილო მის შთამბეჭდავ ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუზე. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩარლზი ზემოხსენებული სფეროს ოსტატია, ამას კი მისი სტატისტიკაც ადასტურებს. ბრაზილიელი მებრძოლის ანგარიშზე 22 წარმატებული საბმიშენია, აქიდან 17 კი UFC-ში, რაც ჯერჯერობით უცვლელ რეკორდად რჩება. მოგეხსენებათ, რომ ჩარლზს მაღალი საბრძოლო აიქიუ აქვს და იგი ბრძოლის სცენარს მისი მეტოქეების სტილიდან გამომდინარე ადგენს, თუმცა, საშუალოდ მისი მეთოდები შემდეგნაირია: იგი შეხვედრის მსვლელობისას მოწინააღმდეგეს დისტანციიდან ემუშავება, ახასიათებს ფეხის დარტყმა ტანსა და თავში, მფრინავი ქიქები, პირდაპირები და უეცარი დისტანციის ჩახურვა იმ მომენტში, როცა მეორე მებრძოლი გალიასთან ახლოსაა, შემდგომ კი მისი კლინჩი გადაყვანა. კლინჩში მუშაობა ჩარლზის ერთგვარი ხელწერაა, რადგან იგი ზემოხსენებულ მდგომარეობაში ახერხებს მოწინააღმდეგის იდაყვებით, აპერკოტებითა და მუხლებით დაზიანებას, შემდგომ კი ბრძოლის მიწაზე გადაყვანას. გრეპლინგის დროს, მისგან მრავალ მახრჩობელა თუ მტკივნეულ ილეთებს ვხედავთ, გამოვარჩევდი გილიოტინასა და სამკუთხედს. ჩარლზის ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია ასევე მოულოდნელი ზურგის აღება, რომელსაც იგი განსაკუთრებით მძიმე სტილის მოკრივეებთან იყენებს, როდესაც მოწინააღმდეგის კორპუსი მძლავრი დარტყმის შემდეგ ტრიალდება და უკანა მხარე დაუცველი რჩება. არ უნდა გამოგვრჩეს მისი დარტყმის ძალა და სიზუსტე, რომელიც მისი ფინიშების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გახლავთ. ამის ნათელი მაგალითია შეხვედრები ჯასტინ გეიჯისთან, მაიკლ ჩენდლერთან და ბენელ დარიუშთან. მიუხედავად იმისა, რომ დარტყმის ამტანობა ოლივეირას ძლიერი მხარე არაა, უნდა ავღნიშნოთ, რომ მას ნოკდაუნიდან ე.წ "დაქამბექება" და ბრძოლის თავის სასიკეთოდ შემობრუნება შეუძლია. ზემოხსენებული სცენარი ვიხილეთ მისი სატიტულო შეხვედრების უმრავლესობაში, სადაც ბრძოლის თავდაპირველ ფაზაში იგი მძიმე სიტუაციაში იმყოფებოდა, მაგრამ ვითარების შემობრუნება და გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო. ამრიგად, მისთვის მაქს ჰოლოუეის დამარცხების გზად დისტანციაზე ქიქებით და პირდაპირებით მუშაობა, მისი კლინჩიდან მიწაზე გადაყვანა, შემდგომ კი ბრძოლის საბმიშენით დასრულება მიმაჩნია.
შეუძლებელია მაქს ჰოლოუეის ბრძოლებს დააკვირდე და მასზე ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივის შთაბეჭდილება არ დაგრჩეს. ბოქსთან ერთად, მაქსს ძალიან კარგად გამოსდის ფეხის დარტყმები, განსაკთრებით "oblique" და მბრუნავი ქიქები, რომელსაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალზედ ეფექტურად იყენებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჰოლოუეის საბრძოლო სტილი MMA-ის კრივის პირდაპირი განსახიერებაა, ამას კი ყველაზე განსაკუთრებულს შემაწუხებელი დარტყმების სიხშირე ხდის, რომელსაც მაქსი ანხორციელებს. გავიხსენოთ მისი შთამბეჭდავი რეკორდი კალვინ კატარის წინააღმდეგ: ჰოლოუეიმ ამ შეხვედრაში კატარს 445 მნიშნველოვანი დარტყმა მიაყენა. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი დაუღალავი ტემპით მუშაობას შესაბამისი კარდიო და გამძლეობა სჭირდება, რაც გვეუბნება იმას, რომ მაქსი პირდაპირი მნიშნველობით შეუჩერებელი მანქანაა. სხვა მებრძოლებისგან განსხვავებით, იგი საჩემპიონო რაუნდებში დაღლის მაგივრად აქტიურდება. ამის დამადასტურებელია მისი ცნობილი ხელმოწერა ე.წ "სთენდ ენდ ბენგი" და ლეგენდარული ნოკაუტი ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ, რომელიც მეხუთე რაუნდის ბოლო წამზე ვიხილეთ. ჩემი აზრით, ფაქტორი, რომელიც UFC 326-ის მთავარ ღონისძიებაში დიდ როლს ითამაშებს მაქსის ფოლადის ყბაა და ფსიქიკაა. 2024 წლამდე ჰავაელი ათლეტი არც ერთხელ გვინახავს გათიშული, ისეთ მებრძოლებთანაც კი როგორებიც არიან: კონორ მაკგრეგორი, დასტინ პორიე, ჟოზე ალდო, იაირ როდრიგეზი და ჯასტინ გეიჯი. ვიტყვი იმასაც, რომ მაქს ჰოლოუეის მენტალობა თავისი ტიტულის შესაბამისი აქვს, ბრძოლის მსვლელობისას მიღებული ზიანის მიუხედავად, მისი ფსიქოლოგიურად გატეხვა ფაქტობრივად შეუძლებელი რამაა. ჰოლოუეის შესანიშნავი თავდაცვაა აქვს და მისი უხერხულ ადგილას გამოჭერაც რთულია, რადგან იგი გაუჩერებლად მოძრაობს და ხშირად დგომსაც იცვლის, მაგრამ მას მაინც პირველ ნომრად მუშაობა უყვარს. შეტევას უმეტესწილად ორმაგი ჯებით იწყებს, რომელსაც შემდგომ ძალიან გრძელი მრავალფეროვანი კომბინაციები მოყვება, ჰუკებისა და პირდაპირების სახით. არ უნდა გამოგვრჩეს ასევე მაქსის კარგი თეიქდაუნ დიფენსი, რომელიც, დიდი ალბათობით, 7 მარტს მრავალჯერ გამოიცდება. ამჟამინდელი "BMF" ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, რადგან მან ილია თოფურიასთან მარცხის შემდეგ, შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა დასტინ პორიესთან რემატჩში, რომელიც UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ორთაბრძოლადაც კი ითვლება. მაშასადამე, მაქსის სატიტულო დაცვის წარმატებულ შედეგად, მუდმივი მოძრაობა ლეგ ქიქებით საყრდენი ფეხის დაზიანება და ხანგრძლივი კომბინაციებით ტექნიკური ნოკაუტის მოპოვება მიმაჩნია. ასევე მნიშნველოვანია, რომ არ მისცეს ჩარლზს ზურგის აღების ან კლინჩში გადაყვანის შესაძლებლობა.
UFC 326 ლას ვეგასსში, 7 მარტს, T-Mobile Arena-ზე გაიმართება. მთავარი ქარდის ყურებას ჩვენი დროით დაახლოებით დილის 06:00-დან შევძლებთ. საინტერესოა უცვლელი დარჩება თუ არა "BMF" ქამრის მფლობელი და რომელი სპორტსმენი გახდება მსუბუქი დივიზიონის სატიტულო ბრძოლის კანდიდატი.















