ჯონ ჯონსისა და ალექსანდერ გუსტაფსონის თრილერი, ჩეილ სონენი იწვევს ლეგენდარულ ანდერსონ სილვას, მათ შორის დამარცხებული კი UFC-ის ტოვებს, ჟორჟ სენ-პიერი წარმატებით იღებს რევანშს იმ ორ მებრძოლთან (მეტ ჰიუზი, მეტ სერა), ვისთანაც წააგო, ისრაელ ადესანიასა და ალექს პერეირას მტრობამ კიკბოქსინგის რინგიდან ოქტაგონზე გადაინაცვლა...
კონორ მაკგრეგორის ტრაგიკომედიული კარიერა ხომ ცალკე მოვლენაა. ეს ყველაფერი არის MMA-ს ისტორია, რომელიც სავსეა დაუვიწყარი მოვლენებითა და პირველ რიგში, ემოციებით. ამ მებრძოლებმა შეგვაყვარეს შერეული საბრძოლო ხელოვნებები, აიყვანეს ეს სპორტი ახალ საფეხურზე და უფრო პოპულარულიც გახადეს.
ისინი და კიდევ სხვებიც ოქტაგონზე შესვლით სასწორზე დებდნენ ყველაფერს - პრესტიჟს, რეპუტაციას, ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა, სატიტულო ქამარს. ასეთი მებრძოლები არ იცილებენ თავიდან წაგების რისკს და არც სტატისტიკას უფრთხილდებიან, მხოლოდ ჩხუბი, რომლის შემდეგაც ერთი მათგანი გადაინაცვლებდა დიდებულთა სიაში, მეორეს კი ისტორია დაივიწყებდა.
სამწუხაროდ, თანამედროვე UFC-ის ელიტაში ხდება სრულიად საპირისპირო რამ - არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ხამზატ ჩიმაევი ადრე თუ გვიან მივიდოდა საჩემპიონო ჩხუბამდე, მაგრამ რამდენად გაამართლა მან მაყურებლების მოლოდინი დრიკუს დუ პლესისთან ბრძოლაში? 25 წუთიან ჩხუბში 21 წუთი და 40 წამი კონტროლში? არა!
უკანასკნელი მოვლენებიდან ასევე ტოტალური იმედგაცრუება გამოდგა ისლამ მახაჩევის სატიტულო ბრძოლა ჯეკ დელა მადალენასთან. დიახ, დაღესტნელი მებრძოლი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ორივე ქამარი დამსახურებულია, მაგრამ რის ფასად? 5 რაუნდი ცარიელი სიფრთხილე მეტოქესთან, რომელიც კლასით ისედაც მასზე დაბალია.
გაიხსენეთ სხვა მებრძოლები, ვინც ეუფლებოდნენ ორი დივიზიონის ჩემპიონობას, რა გზა გამოიარეს მათ და ახლა ეს ყველაფერი შეადარეთ კავკასიელი მებრძოლის საჩემპიონო გრეპლინგის სპარინგს ავსტრალიელ მეტოქესთან. დიახ, ბევრი არგუმენტად მოიყვანს იმ ფაქტს, რომ მერაბ დვალიშვილიც ჭიდაობს, მაგრამ მისი კარიერა სულ სხვა მოვლენაა.
ჩვენ ვსაუბრობთ მებრძოლზე, ვინც ერთ კალენდარულ წელიწადში მიდის მეოთხე საჩემპიონო დაცვამდე...რომელ სიფრთხილეზეა საუბარი? ცნობისთვის, ფრთხილი და სტატისტიკაზე ორიენტირებული ჩხუბის ფუძემდებელ, ხაბიბ ნურმაგომედოვს კარიერაში აქვს სულ რაღაც 2 ქამრის დაცვა, თანაც 2 წელიწადში.
ამის გარდა, მცდარია მოსაზრება, თითქოს ქართველი ჩემპიონი მხოლოდ ჭიდაობს. მის არსენალში არის არაერთი სხვა იარაღიც, მათ შორის კრივიც, რომელიც სამწუხაროდ, დღემდე ძალიან დაუფასებელია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "მანქანა" იწვევს ემოციებს, შეუძლებელია მას არ ქომაგობდე, იმ ურთულესი გზის მერე, რაც მან ემიგრაციაში გამოიარა.
როდესაც ვსაუბრობთ UFC-ის ელიტაზე, არარეალურიაილია თოფურიას უყურადღებოდ დატოვება - მებრძოლი, რომელმაც უმოკლეს დროში შერეული საბრძოლო ხელოვნებების მთელი სამყარო თავდაყირა დააყენა. ქართველმა ჩემპიონმა დააწვინა 3 ერთმანეთზე ლეგენდარული ტიტანი: ალექს ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლეივეირა.
"ელ მატადორმა" არ იკმარა მხოლოდ ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონობა და ტრიუმფალურად მსუბუქ დივიზიონშიც შეაბიჯა. ეს ყველაფერი უმაღლესი კლასის მომზადებით, ნოკაუტებითა და დაუვიწყარი სანახაობით. დიახ, სიფრთხილეზე და წაგების თავიდან აცილებაზე არც 28 წლის ჩემპიონი ფიქრობდა.
22 ნოემბერს გაიმართება UFC-ის მორიგი ივენთი, რომლის მონაწილე ალექსანდრე თოფურია იქნება. მებრძოლი, ვინც წლების განმავლობაში იმყოფებოდა ჩრდილში და რომლის მთავარი ამოცანა ილიას მწვერვალზე ასვლაში დახმარება იყო. უმცროსმა ძმამ მიზანს მიაღწია, ახლა უფროსის დრო დგება.
ქართველი მებრძოლი თანაბრად კარგია როგორც ჭიდაობაში, ისე კრივში და ის თავის დაზღვევის მიზნით მხოლოდ ერთ ოფციას არ იყენებს. ასე იყო "კონკისტადორის" სადებიუტო ჩხუბშიც, კოლბი თიქნესთან, როცა მან თავისი უნივერსალურობით გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს შერეული საბრძოლო ხელოვნებები რეალურად.
22 ნოემბერს გასამართ ივენთზე 29 წლის მებრძოლის მოწინააღმდეგე იქნება ბეკზატ ალმახანი - ნოკაუტების მანქანა, რომლის საბრძოლო სტილში სიფრთხილე აქამდე არ შეინიშნებოდა. როგორც ცნობილია, მოახლოებული ღონისძიება პირველად ისტორიაში გაიმართება კატარში და სიმბოლურია, რომ ამ მოვლენისთვის ორგანიზაციამ დაუძახა კონკისტადორს, ახალი მიწების დამპყრობელს.
იქვე ახლოს იქნება არმან ცარუკიანიც, რომლის ცხოვრების უკანასკნელი თვეები წარმოუდგენელია თოფურია უმცროსის ხსენების გარეშე. UFC-ის სჭირდება ახალი სისხლი, ახალი სახე, ვინც სანახაობრივი პერფომანსებითა და თავისი საინტერესო ისტორიით მაყურებელს კვლავ მიაჯაჭვებს ეკრანებთან, ასეთი მებრძოლი სწორედ ალექსანდრეა.















