UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მებრძოლი ინარჩუნებდა მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის სტატუსს, მაგრამ ამავდროულად ტომ ასპინალის სახით ამ დივიზიონს დროებითი ჩემპიონიც ჰყავდა.
MMA-ს სამყარო ითხოვდა "ბოუნსისა" და ინგლისელი მებრძოლის დაპირისპირებას, იმისთვის, რომ საბოლოოდ გარკვეულიყო, თუ ვინ არის მძიმე წონის რეალური ჩემპიონი. ბრიტანელი მებრძოლი ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას ჩხუბისთვის, რასაც ვერ ვიტყვით მის 37 წლის მეტოქეზე.
ჯონსი არასდროს გეგმავდა 32 წლის დროებით ჩემპიონთან ბრძოლას, რის გამოც UFC-ის გაურკვევლობაში ტოვებდა. პრომოუშენის პრეზიდენტის თქმით კი ამერიკელი ჩემპიონისა და ასპინალის პოტენციური ჩხუბი საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა. ლეგენდარული მებრძოლი კარიერას ასრულებს, მისი ინგლისელი ოპონენტი კი მძიმე წონის სრულფასოვანი ჩემპიონი გახდება.
აღსანიშნავია, რომ თავად ჯონს ამ ყველაფერთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. მისი არაპროგნოზირებადობის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, "ბოუნსმა" გადაიფიქროს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
"ჯონსი გუშინ ღამით დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ კარიერა დაასრულა. ის აღარ იბრძოლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მძიმე წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი ასპინალია."















