მერაბ დვალიშვილი 2025 წელს საჩემპიონო ქამარს მესამედ დაიცავს. უმარ ნურმაგომედოვისა და შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ, სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი 5 ოქტომბერს კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდება. მოგების შემთხვევაში, ის შეუერთდება UFC-ის იმ მებრძოლთა ელიტურ კლუბს, რომლებმაც ერთ კალენდარულ წელიწადში ქამარი 3-ჯერ დაიცვეს.
მებრძოლები, რომლებმაც ერთ კალენდარულ წელიწადში ქამარი სამჯერ დაიცვეს
პირველმა ეს გააკეთა ტიტო ორტისმა, როდესაც 2001 წლის თებერვალი - სექტემბრის შუალედში დაამარცხა ევან ტანერი, ელვის სინოსიჩი და ვლადიმირ მატიუშენკო. ამერიკელი ჩემპიონის დომინირება ქვემძიმე დივიზიონში მიმდინარეობდა. ერთი წლის შემდეგ, იგივე გააკეთა მეტ ჰიუზმა, ქვესაშუალო წონაში.
"გრეისების მკვლელმა" 2002 წლის მარტი - ნოემბრის შუალედში დაამარცხა ჰაიატო საკურაი, კარლოს ნიუტონი და ჯილ კასტილო. ძველი სკოლის კიდევ ერთი წარმომადგენელი წელიწადში 3 საჩემპიონო ჩხუბის მოგებით: ჩაკ ლიდელი, 2006 წლის თებერვალი-დეკემბერი, მეტოქეები - რენდი კუტიური, რენატო სობრალი და რა თქმა უნდა, ზემოთხსენებული ორტისი.
ცხადია, ეს სია არ ჩაივლიდა დემეტრიუს ჯონსონის გარეშე, რომელიც უმსუბუქეს დივიზიონში დიდი ხნის მანძილზე პრაქტიკულად უკონკურენტო იყო. ამერიკელმა ჩემპიონმა 2013 წლის იანვარი-დეკემბრის შუალედში ქამაქრი დაიცვა ასევე 3-ჯერ, ჯონ დოდსონთან, ჯონ მორაგასა და ჯოსეფ ბენავიდესთან.
UFC-ის თანამედროვე ეპოქაში ერთ კალენდარულ წელიწადში სამ საჩემპიონო ბრძოლაში იმარჯვა ორმა მებრძოლმა - ალექს პერეირამ და კამარუ უსმანმა. ბრაზილიელმა ჩემპიონმა 2024 წლის აპრილი-ოქტომბრის შუალედში მოუგო ჯამალ ჰილს, ირჟი პროხასკასა და ხალილ რანთრი უმცროსს.
რაც შეეხება კამერუნელ მებრძოლს, ის დომინირებდა 2021 წელს, როდესაც მიყოლებით დაამარცხა ჟილბერტ ბარნსი, ხორხე მასვიდალი და კოლბი კოვინგტონი. ვნახოთ, შეუერთდება თუ არა მათ რიცხვს დვალიშვილიც, 5 ოქტომბერს გასამართი საჩემპიონო ჩხუბის შემდეგ. როგორც აღვნიშნეთ, ქართველი მებრძოლის მეტოქე სენდჰეგენი იქნება.
დივიზიონის გაწმენდა, რეკორდების წიგნი
მერაბის გამარჯვებათა სერია მართლაც საოცარია, ის 2018 წლის აპრილის შემდეგ არ მარცხდება. სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა ამ დროის მანძილზე ზედიზედ 13 ჩხუბი მოიგო. ქართველი მებრძოლის სიაში არის UFC-ის 4 ექს-ჩემპიონი: ჟოზე ალდო, ჰენრი სეხუდო, პიოტრ იანი და შონ ო'მალი.
გამოსარჩევია დვალიშვილის რეკორდებიც, როგორც სუპერმსუბუქ დივიზიონში, ისე ზოგადად ყველა წონითი კატეგორიის გათვალისწინებით. 10 მოგება მსაჯთა გადაწყვეტილებით, ზედიზედ 12 მოგება, კონტროლის დრო: 1:22:56, 2233 ზუსტი დარტყმა, 84 თეიქდაუნი...ეს ყველაფერი "მანქანის" მემკვიდრეობაა 61 კგ-ში და სენდჰეგენთან ჩხუბის შემდეგ, მისი რეკორდები კვლავ განახლდება.
34 წლის ჩემპიონის მთავარი იარაღი არის თეიქდაუნი და ამ კომპონენტის რეკორდული მაჩვენებლით ის სუპერმსუბუქ დივიზიონსაც კი სცდება. დვალიშვილის ანგარიშზე UFC-ში საერთო ჯამში არის 97 გდება და მან უკვე ჩამოიტოვა ისეთი ლეგენდარული მებრძოლები, როგორებიც არიან ჟორჟ სენ-პიერი, დემეტრიუს ჯონსონი, ფრენკი ედგარი და სხვები.
რა უნდა ვიცოდეთ დვალიშვილის მეტოქის შესახებ?
სენდჰეგენი ამჟამად სუპერმსუბუქი დივიზიონის ტოპ 15-ში იკავებს მეოთხე ადგილს, იანის, ო'მალისა და ნურმაგომედოვის შემდეგ. რა აერთიანებს ამ ტრიოს ერთმანეთთან? დიახ, დვალიშვილმა სამივეს მოუგო. დავუბრუნდეთ მის ამერიკელ მეტოქეს, რომელმაც თავის კარიერაში 23 ჩხუბიდან 18 მოიგო.
უშუალოდ UFC-ში კი კორის სტატისტიკა ასეთია - 11 გამარჯვება და 4 მარცხი. საუკეთესო პერიოდი ამ დრომდე მას ჰქონდა 2017 წლის ოქტომბერი - 2019 წლის აგვისტოს შუალედში, როცა "ქვიშის კაცმა" ზედიზედ 7 ჩხუბი მოიგო. მისი სერია დაასრულა ქართველი ჩემპიონის მეგობარმა, ალჯო სტერლინგმა.
33 წლის მებრძოლს სხვადასხვა დროს დაუმარცხებია ფრენკი ედგარი, დეივესონ ფიგერედო, რობ ფონტი, მარლონ მორაესი, მარლონ ვერა, სონ იადონი და სხვები. რაც შეეხება სენდჰეგენის წაგებებს, ზემოთხსენებული "ფანკ მასტერი", ასევე თიჯეი დილაშოუ და მერაბისთვის კარგად ნაცნობი ნურმაგომედოვი-იანის წყვილი.
ამერიკელი მებრძოლი თავისი ჩხუბების უმეტესობაში გამარჯვებამდე მისულა ნოკაუტით, უფრო კონკრეტულად კი მან ასე 18 ბრძოლიდან 8 მოიგო. 7-ჯერ კორის კარიერაში იყო მსაჯთა გადაწყვეტილება, 3-ჯერ კი საბმიშენი. ასეთია "მანქანის" მორიგი მეტოქის მონაგარი ოქტაგონში.















