მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის შეხვედრას გულშემატკივართა მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა გარკვეული მიზეზების გამო მოჰყვა. ქართველი სპორტსმენის დომინირების მიუხედავად, ფანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დაღესტნელი ათლეტისთვის ბრძოლა წარუმატებლად პირველ რაუნდში მიღებული მოტეხილობის გამო წარიმართა, განსხვავებულ შემთხვევაში კი დაპირისპირება უმარის გამარჯვებით დასრულდებოდა.
ამ თემასთან დაკავშირებით, მერაბის ერთ-ერთმა მწვრთნელმა - ჯონ ვუდმა, უკანასკნელად ინტერვიუში საკუთარი აზრი დააფიქსირა.
" თავიდან ვფიქრობდი, რომ უმარი მერაბისთვის ყველაზე რთული მეტოქე იქნებოდა, მაგრამ ის დავამარცხეთ და მივიჩნევ, რომ რემატჩის შემთხვევაშიც მოვუგებთ.
ნურმაგომედოვის გუნდი ბრძოლის შემდეგ საუბრობდა იმაზე, რომ უმარი ბრძოლის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა, მაგრამ არ იციან, რომ მერაბი დაპირისპირებამდე ფაქტობრივად ცოცხალ-მკვდარი იყო. მას გახსნილი ჭრილობა და ინფექცია ჰქონდა, ამავდროულად, კი უამრავ ანტიბიოტიკს იღებდა. აქამდე არავისთან არ მითქვამს, მაგრამ ჩემზე დამოკიდებული რომ ყოფილიყო, მერაბს ბრძოლიდან ნამდვილად ჩავხსნიდი. "















