პირველი ორი რაუნდის განმავლობაში უსმანი ჰიუსს ცალსახად სჯობნიდა, მაგრამ ირლანდიელი ჭკვიანურად იბრძოდა. ის გამუდმებით წნეხში ამყოფებდა დაღესტნელს და გამუდმებით მოძრაობას აიძულებდა. ამასთან ერთად, უსმანი ძალიან ბევრ ურტყამს ფეხით, რაც ასევე მის ძმას, უმარსაც ახასიათებს. ფეხით ამდენი დარტყმის განხორციელება ძალიან დამღლელია, შედეგები როგორც უმარის, ასევე უსმანის პერფორმანსზე ბრძოლის მეორე ნახევარში აისახა.

მეორე რაუნდიდან პოლმა ხელით მუშაობა დაიწყო, რამაც უსმანს ჭიდაობის დაწყება გადააწყვეტინა. თუმცა, პოლი ამისთვის მზად აღმოჩნდა. უსმანმა მიწაზე დომინირება კი არა, ირლანდიელისთვის ბევრი გდების გაკეთებაც ვერ მოახერხა.
მესამე რაუნდიდან ბრძოლის დინამიკა შეიცვალა. უსმანს დაღმასვლა დაეწყო, ენერგია შემოაკლდა, პოლი კი პირიქით - გააქტიურდა და ინიციატივის გადაბარება დაიწყო. ჰიუსი ტანს აქცენტირებულად უტევდა, რათა უსმანის კარდიო დაეზიანებინა. მაშინ, როდესაც უსმანი გდებას ვერ ამთავრებდა, ის ცდილობდა, რომ მეტოქე ტაილანდურ კლინჩში მოექცია და მუხლებით დაეზიანებინა, თუმცა ჰიუსი ამისთვისაც მზად აღმოჩნდა და როდესაც უსმანს ბრძოლა კლინჩში გადაჰყავდა, პოლი პასუხს ტანში ჰუკებით აბრუნებდა. ირლანდიელმა რამდენჯერმე არათუ უბრალოდ ტანში, არამედ კონკრეტულად ღვიძლის არეშიც გაუშვა ძლიერი დარტყმები, რაც სასტიკად დამაზიანებელია.

უსმანის კარდიოს ერთდროულად რამდენიმე რამე უტევდა - ტანში დარტყმები, მუდმივი წნეხი, შესაბამისად უსმანის ბევრი მოძრაობა და ასევე უსმანის ძალიან დიდი რაოდენობით ქიქები, რაც საბოლოოდ მისთვისვე გამოდგა უარესი. ჰიუსის ინვესტიციებმა შედეგი გამოიღო და მეოთხე რაუნდიდან უსმანი ძლივს სუნთქავდა. პოლმა სადავეები აშკარად გადაიბარა და ერთი მომენტი, რომ არა, ვფიქრობ, პოლი ამ ბრძოლას მოგებით დაამთავრებდა. მესამე რაუნდში განმეორებითი არალეგალური დარტყმების გამო უსმანმა ქულა დაკარგა, მეოთხეში კი მებრძოლები ერთმანეთს თავებით შეასკდნენ. შეჯახებამ აშკარად ირლანდიელმა უფრო დააზიანა. მას შუბლი გაეხსნა და დიდი რაოდენობით სისხლი მოსდიოდა, უსმანს კი უბრალოდ წარბი სტკიოდა. ეს:, „შესვენება“ კი უსმანმა ბოლომდე გამოიყენა - სუნთქვა აღიდგინა, დაისვენა და ბრძოლა მხოლოდ კონდიციების აღდგენის შემდეგ გააგრძელა. რაუნდის ბოლო კი შესვენების შემდეგ ენერგიულმა უსმანმა ჭიდაობით წაიღო.
მეხუთე რაუნდში პოლმა აშკარად იგრძნო ბრძოლა და უსმანს დიდი ზიანი მიაყენა, ღვიძლიდან კინაღამ გათიშა კიდეც, მაგრამ უსმანმა გაძლო და მეტოქის მიწაზე გადაყვანა მოახერხა. პოლმა ამ გადაყვანას თრიფი დაუპირისპირა და პოზიცია მოიგო, რაუნდიც დომინანტურად დაამთავრა, მაგრამ მსაჯების თვალში ეს საკმარისი არ იყო.

ჩემი აზრით ამ ბრძოლის ფრედ შეფასება ყველაზე ადეკვატური იქნებოდა. გამოჩნდა, რომ უსმანი ადამიანია და მისი დამარცხება შესაძლებელია. 5 რაუნდის ჯამში უსმანმა მოიგო - 48:47, მაგრამ დაღესტნელს 1 ქულა დააკლეს - შესაბამისად, საბოლოო ანგარიში 47:47 უნდა ყოფილიყო.
კი, პოლმა ბრძოლა წააგო, MMA-ის გულშემატკივართა გულები მოიგო, არა იმიტომ, რომ ნურმაგომედოვებს რამეს ვერჩით (ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ უმართან) არამედ იმიტომ, რომ ერთი შეხედვით განწირულმა კონტენდერმა დაამტკიცა, რომ ის ლეგიტიმური მებრძოლია. უსმანისგან თავი ეფექტურად დაიცვა და ძალიან ლამაზი ბრძოლა შემოგვთავაზა, რაც უსმანის ყოფილი მეტოქეების სიიდან ვერავინ მოახერხა.
რა იქნება შემდეგი?! - ჩემი აზრით, ამ მებრძოლებს შორის რემატჩი გარდაუვალია, თუმცა, უსმანმა განაცხადა, რომ რემატჩის მისაღებად პოლმა 3-4 ბრძოლა უნდა მოიგოს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, სისულელეა. ჰიუსმა დაამტკიცა, რომ რეალური კონტენდერია - დაამარცხა ეი ჯეი მაკკი, არაფერში ჩამორჩა უსმანსაც, რის გამოც რემატჩს აუცილებლად იმსახურებს. თუმცა, ჩემი აზრით, ნურმაგომედოვამდე ერთი ბრძოლის ჩატარება და იქ გამარჯვება შესაძლოა ფსიქოლოგიურად მისთვის უკეთესიც იყოს. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ PFL-ის ლორდები.















