18 ოქტომბერს ბიძინა გავაშელიშვილი Brave CF-ში მორიგ ბრძოლას გამართავს. მისი მოწინააღმდეგე ალფერენ ქარაბულუთი იქნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით LaGazzetta.ge დაუკავშირდა ქართველ მებრძოლს და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.
18 ოქტომბერს Brave CF-ში მორიგ ბრძოლას გამართავ. როგორ მიდის მომზადების პროცესი და რა მოლოდინი გაქვს?
მზადება საკმაოდ კარგად გავიარე და ახლა უკვე მის ყველაზე რთულ, წონის კლების ეტაპზე ვარ გადასული, რასაც საკმაოდ კარგად ვართმევ თავს ყოველი ბრძოლისას და ვფიქრობ არც ამჯერად იქნება გამონაკლისი.
შენი მეტოქე თურქი ალფერენ ქარაბულუთი იქნება. რას იტყვი მასზე და როგორ შეაფასებდი მის შესაძლებლობებს?
ის ახალგაზრდა და ძლიერი მებრძოლია, მას აქვს თავის პლიუსები და მინუსები, როგორც ყველა მებრძოლს, თუმცა მე მაინც მის ფიზიკურობას გამოვარჩევდი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მე უკეთეს მებრძოლად ვხედავ ჩემ თავს ყველა ასპექტში.
იყო თუ არა სხვა ვარიანტები და ზოგადად გყავს თუ არა შერჩეული ყველაზე სასურველი მეტოქე?
ამჯერად ეს ვარიანტი შემომთავაზეს მხოლოდ და რა თქმა უნდა მაშინვე მივიღე ბრძოლა. ხოლო რაც შეეხება სასურველ მეტოქეს, მქონდა სურვილი მუჰამედ მოკაევთან ბრძოლის ვინაიდან ერთ პრომოუშენში გვიწევს ბრძოლა და მე ყოველთვის სურვილი მაქვს ვაჩვენო ხალხს ჩემი შესაძლებლობები ძლიერი მებრძოლების წინააღმდეგ.
მასთან ბრძოლა ამაში ხელს შემიწყობდა, ამიტომაც მე ის ორჯერ გამოვიწვიე როგორც კი UFC -დან Brave CF - დანაც, მაგრამ არცერთხელ დადებითი პასუხი არ მიმიღია, თუმცა საჩქარო არაფერია ჩვენ ორივე ახალგაზრდა მებრძოლები ვართ და დარწმუნებული ვარ, აქ თუ არა ჩვენი გზები UFC-ში აუცილებლად გადაიკვეთება.
2025 წელი უახლოვდება თავის დასასრულს. როგორ შეაფასებდი ამ წელს კარიერული თვალსაზრისით?
დიახ, წელი სრულდება და მე ველოდები ჩემს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბრძოლას, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის უკეთესობისკენ, ხოლო ამის შემდეგ კი დეკემბერში კიდევ ერთ ბრძოლას გავმართავ და საერთო ჯამში საკმაოდ დატვირთული და შედეგიანი წელი გამოვა.
წლის შეჯამების შემდეგ, სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ. რა არის შენი მთავარი მიზანი?
მთავარი მიზანი ერთია და უცვლელი, რაც სპორტში ჩავერთე იმის შემდეგ ვამბობ მინდა UFC Flyweight ჩემპიონი გავხდე და მიზნამდე პატარა, მაგრამ უწყვეტი ნაბიჯებით მივიწევ, ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნაბიჯი ამერიკის ვიზის აღება იყო რაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა აქამდე, თუმცა ესეც გავაკეთეთ.
ამ ბრძოლის შემდეგ აუცილებლად წავალ ამერიკაში მერაბთან SYNDICATE MMA -ს კლუბში რაც ყველა მიმართულებით განვითარებაში შემიწყობს ხელს და კიდევ უფრო დამაახლოვებს ჩემს მიზანთან.
ბოლოს ზოგადად ქართულ MMA-ზეც ვისაუბროთ. UFC-ის კარგად ნაცნობი ჩემპიონების გარდა, კიდევ ვის გამოარჩევდი ქართველებიდან?
ვფიქრობ ალექსანდრეს გამოჩენა UFC -ში საკმაოდ იმედის მომცემია ქართულ-ესპანური MMA-სთვის, მისი მრავალმხრივი სტილით შეუძლია მიაღწიოს უმაღლეს წერტილს რაც ბევრისთვის შეუძლებელია.















