ილია თოფურია ჯო როგანის პოდკასტს ესტუმრა. ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი გახდა პირველი ქართველი, რომელიც The Joe Rogan Experience-ს ესტუმრა. "ლეგენდამ" ისაუბრა არაერთ საინტერესო საკითხზე მათ შორის სამომავლო გეგმებსა და განვლილ გზაზე.
მერაბ დვალიშვილის ფენომენი
" მერაბის შესახებ ერთ რაღაცას გეტყვით, რამაც გამაკვირვა - როდესაც მას ხედავთ დარბაზში, ის არც ყველაზე განსაკუთრებულია და არც ყველაზე მაღალი უნარის მქონე ადამიანი. არ ვიცი რა ემართება, მაგრამ როდესაც ოქტაგონში აღმოჩნდება - დვალიშვილი ნამდვილი მანქანა არის.
თუ მეკითხებით, ყველაზე მეტად ვისი ბრძოლების ყურება მომწონს, ეს მერაბია. ფულსაც გადავიხდი. უმარს მასთან ბრძოლაში დაემართა ზუსტად ის, რაზეც ვისაუბრე. ნურმაგომედოვი არ ელოდა, რომ მის წინააღმდეგ იქნებოდა ნამდვილი მანქანა, რომელიც არასდროს არ ჩერდება. "
ისლამ მახაჩევთან მოსალოდნელი ბრძოლა
"მახაჩევთან ბრძოლა მინდა. კონტენდერობაზე ბრძოლას არ ვაპირებ. არ მაინტერესებს, რა სურს თავად მას. თუ თვლი, რომ ხარ მსოფლიო ჩემპიონი და აპირებ დომინაციას, აქ ვარ, უნდა მეჩხუბო. ჩემს თავიდან აცილებას ვერ შეძლებ. არ მგონია, რომ მაიძულონ ლოდინი, რადგან ქამარი ვაკანტური გავხადე.
რამდენი ხანი უნდა გამაჩერონ? თავის დროზე შანსი მისცეს სენ-პიერს, მაკგრეგორს, სეხუდოს...ამ ყველაფერს მეც ვიმსახურებ. დავანოკაუტე ორი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი და ამის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. შემდეგი ჩხუბი აუცილებლად საჩემპიონო უნდა იყოს."
კონორ მაკგრეგორი, როგორც მეტოქე
"ფორმის პიკში მყოფ მაკგრეგორთან ბრძოლა მართლაც საოცნებო იქნებოდა. ის იყო დიდი და სახიფათო მებრძოლი, საოცარი ნოკაუტის ძალით. ეს ყველაფერი იყო ადრე, მაგრამ ახლა კონორი ჩემს წინააღმდეგ რომ დააყენონ, მოსაგებად მას სიკვდილი და თავიდან დაბადება დასჭირდება.
ახლა ირლანდიელთან ბრძოლა რომ შემომთავაზონ? უარს არ ვიტყოდი, თუმცა პიმბლეტთან ჩხუბი უფრო მაინტერესებს. მინდა ამ ბრძოლის ბერნაბეუზე გამართვა, მაგრამ ვიცი, რომ დანას არ უყვარს შოუს გამართვა სტადიონზე, თუმცა ეს ერთადერთი არენაა, რომლის სახურავი იკეტება და 80.000 ადამიანს იტევს."
პედი პიმბლეტთან შესაძლო ბრძოლა
"პიმბლეტმა უკანასკნელ ბრძოლაში საქმე მშვენივრად შეასრულა. გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის, ჩენდლერი ექსტრაორდინალური მებრძოლი არასდროს ყოფილა. საშუალო დონის მებრძოლია, რომელმაც მოუგო 40 წლის ფერგიუსონსა და ჰუკერს. პედი ნამდვილ მებრძოლს ჯერ არ შეხვედრია.
ოლივეირას რომ შეხვდეს? რამდენი მარცხი აქვს მას? 10. როდესაც უპირისპირდები ვიღაცას, რომელსაც აქვს ამდენი წაგება, თავდაჯერებულად ხარ, მაგრამ როცა ეჩხუბები დაუმარცხებელს, უნდა მოკლა, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ თვითონ მოკვდები. არ უნდა დანებდე."
ალექს ვოლკანოვსკის ჩემპიონობა
" ვოლკანოვსკი ძალიან მაგარი მებრძოლია! შაბათს ისეთი ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ის მართლა იმსახურებდა ტიტულის დაბრუნებას. მე კარგად ვარ, ქამარი მოვიგე, დავიცავი. ახლა სულ სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავარ. ალექსს და სხვებს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.
ყოველთვის მინდა, საუკეთესომ გაიმარჯვოს, დანარჩენი არ მადარდებს. მხოლოდ "დიდებულის" და ჰოლოუეის ფანი ვარ. ყველაზე ჭკვიანი მებრძოლები იყვნენ, ვისაც ოქტაგონში შევხვედრილვარ. ვგრძნობდი, რომ ბრძოლის მაღალი ინტელექტი ჰქონდათ. იცოდნენ, როგორ იჩხუბონ.” "
ფიქრები კარიერის დასრულებაზე
" ახლა 28 წლის ვარ. ვიბრძოლებ მანამ, სანამ ამისგან სიამოვნებას მივიღებ. არ ვიცი, რამდენი ჩხუბი იქნება. შეიძლება 32-34 წლამდე. ახლა ამისგან სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ არ ვიცი, ხვალ რა მოხდება. ახლა მსუბუქი წონის ჩემპიონობა მინდა. მინდა, ეს ქამარიც მოვიპოვო. მერე რა მოხდება, არ ვიცი.
დამრჩება მოტივაცია? ბრძოლები ძალიან რთული საქმეა. ოქტაგონში შედიხარ იმისთვის, ვინმეს თავი რომ წააცალო. არ შეიძლება, რბილი და კეთილი ტიპი იყო. რაღაც მომენტში, შეიძლება სულ სხვა რაღაცებით დავკავდე. ბიზნესი მქონდეს. ჩემს მომავალს წინასწარ ვერ განვსაზღვრავ."















