ენტონი ერნანდესთან ბრძოლის წინ, რომან დოლიძემ პრესკონფერენციაზე არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მან განსაკუთრებულად დიდი დრო დაუთმო ქართველი მებრძოლების გავლენას MMA-ს თანამედროვე სამყაროში.
"ამჟამად საქართველოში MMA-ს ძლიერი, ლამაზი და ღირსეული ეპოქა გვიდგას. ჩვენ, მებრძოლები, არა მხოლოდ დიდ ისტორიას ვქმნით მომავალი თაობებისთვის, არამედ ვამყარებთ იმ მაღალ სტანდარტსაც, რომელსაც მათ უნდა მიაღწიონ. აქ უბრალოდ UFC-ის მებრძოლი ყოფნა საკმარისი არ არის — აუცილებელია მაღალ დონეზე ასპარეზობა.
როგორც მახსოვს, საშუალო წონის რეიტინგის ტოპში ზედიზედ სამი წელია ვიმყოფები… გვყავს ორი ჩემპიონი, გიგა დიდი ხნის განმავლობაში ტოპში იყო… სახელების ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, თუმცა ბევრი ისეთი მებრძოლია, ვინც UFC-ში ადგილის დამკვიდრებას ნამდვილად იმსახურებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართული MMA-ს მომავალი საიმედო ხელშია. საქართველოში ყოფნის დროს კარგად ვგრძნობ, რამდენად ჩართულია ჩვენი ხალხი MMA-ში. ისინი ყველაფერს აკვირდებიან — ზოგჯერ ჩემს მომავალ ოპონენტებზე ჩემზე მეტიც კი იციან, მე თავად ბრძოლებს ხშირად არ ვუყურებ.
ეს სპორტი საქართველოში უზომოდ პოპულარულია და ადამიანების ინტერესი დღითი დღე იზრდება. ახალ თაობას სწორ გზას ვუჩვენებთ — რა უნდა გააკეთო, რათა მიზნებს მიაღწიო და როგორ უნდა იმუშაო, რომ ჩემპიონი გახდე. ვაჩვენებთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ ბევრს იშრომებ.
მაგალითისთვიდ ავიღოთ მერაბი - როგორი გრძელი გზა გაიარა, სანამ ჩემპიონი გახდა: სად იყო ადრე, როგორ ჩავიდა ამერიკაში, სად მუშაობდა იქამდე, სანამ მებრძოლი გახდებოდა; რამდენი ბრძოლა ჩაატარა და რამდენი მოიგო, სანამ ტიტულზე ბრძოლის უფლება მოიპოვა… ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ შეუძლებელი არაფერია — საჭიროა ნებისყოფა და საკუთარი თავის რწმენა."















