ოფიციალურად ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნება მერაბ დვალიშვილის შემდეგი მოწინააღმდეგე და როდის გამართავს ის ბრძოლას. სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი დაუპირისპირდება კორი სენდჰეგენს, 5 ოქტომბერს, ლას ვეგასში, UFC 320-ზე.
რა უნდა ვიცოდეთ "მანქანის" მომავალი მოწინააღმდეგის შესახებ? ამერიკელი მებრძოლის ანგარიშზე არის 23 ბრძოლა - 18 გამარჯვება და 5 წაგება. "ქვიშის კაცი" ამჟამად იკავებს მე-4 პოზიციას სუპერმსუბუქი დივიზიონის ტოპ 15-ში და თავის ბოლო ჩხუბში მან დეივესონ ფიგერედოს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.
ბრაზილიელი მოწინააღმდეგის გარდა, 33 წლის მებრძოლს სხვადასხვა დროს დაუმარცხებია სონგ იადონგი, მარლონ ვერა, მარლონ მორაესი, რობ ფონტი, ფრენკი ედგარი და სხვები. რაც შეეხება დვალიშვილს, 2025 წელს, ეს იქნება რიგით მე-3 საჩემპიონო ჩხუბი, შონ ო'მალისა და უმარ ნურმაგომედოვთან მოგების შემდეგ.
აქვე დავამატებთ, რომ UFC 320-ზე შედგება რემატჩი ალექს პერეირასა და მაგომედ ანკალაევს შორის. ორი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ქვემძიმეს ქამარი სწორედ დაღესტნელ მებრძოლთან დათმო.















