UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ბრძოლა გაიხსენა. მან ხაზი გაუსვა იმ შეცდომებს, რომელიც რუს მოწინააღმდეგესთან ჩხუბში დაუშვა. რაც შეეხება რევანშს, ქართველი ექს-ჩემპიონი მე-3 ბრძოლისთვის მზად არის.
"ჩვენი ბრძოლის შემდეგ, UFC-დან დამირეკეს და მითხრეს - რამდენიც დაგჭირდება, იმდენი დრო აიღე, დაისვენე და ძალები აღიდგინე, შემდეგ კი ქამარზე აუცილებლად იჩხუბებო, უბრალოდ გაგვაგებინე, როდის დააპირებ დაბრუნებას.მოგვიანებით ჩემმა მენეჯერმა მითხრა, თეთრ სახლში არ გვაჩხუბებდნენ.
რა არის მიზეზი? მე ქართველი ვარ, იანი კი რუსი - მათთვის ეს გონივრული არ იქნებოდა.იმედი მქონდა, რომ მაისში ნიუ-ჯერსიში ვიჩხუბებდით, მაგრამ მერე გავიგეთ, პიოტრმა ზურგზე ოპერაცია გაიკეთა. ვიცი, ივნისში არ ვჩხუბობ. ივლისის იმედი მქონდა, მაგრამ არ ვიცი, ვნახოთ.
არ ვიცი, თუ როდის დაბრუნდება რუსი მებრძოლი და როდის ჩაგვინიშნავენ ჩხუბს.არაფერს ვნანობ. მომწონს რისკი და გამოწვევები. ვიცი, რომ იანი ჩემთვის რთული მოწინააღმდეგე იყო. ვიცი, რა არის საჭირო მასთან მოსაგებად. როცა ის 2023-ში დავამარცხე, 25-წუთიანი ჩხუბის თითო წამი ფოკუსირებული ვიყავი.
იმ ბრძოლას ყველაფერი მივეცი. ახლა, შეიძლება, ცოტა გადაღლილი ვიყავი ვარჯიშებისგან, რამდენიმე ტრავმა მქონდა, თუმცა არა, არ ვნანობ. მგონი, ადამიანებმა ამ ჩხუბით ისიამოვნეს. მებრძოლი ვარ და მიხარია, რომ ვიჩხუბე, ყველაფერი კარგადაა. პიოტრს 2023-ში რომ მოვუგე, მარტივი არ იყო, მაგრამ ასე გამოჩნდა.
ამჯერად, რამდენიმე შეცდომა დავუშვი. პირველი იყო ის, რომ რუსი მებრძოლის დამარცხება მისივე დისციპლინაში - კრივში ვცადე. შემდეგ იანმა ჩემი გდებები შეაჩერა. გადავწყვიტე, უბრალოდ ჩხუბით მინდოდა მესიამოვნა. არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება რომელ რაუნდში მივიღე, მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა.
2023 წელს ჩვენი ბრძოლა ცალმხრივი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ პიოტრმა ბევრი იმუშავა, კარგად მოემზადა, ჩემი სტილი შეისწავლა და ბევრი რამ შეცვალა. კი, იმ ჩხუბის მერე განვვითარდი, მაგრამ კონკრეტულად რუს მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის არ მოვმზადებულვარ. ყველასთვის მზად ვიყავი, მაგრამ კერძოდ იანისთვის არ ვვარჯიშობდი.
ყველასთან ვსპარინგობდი. ბრძოლის დროს ვიცოდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო და შუა ჩხუბში ცვლილებების შეტანა რთული იყო. უნდა ჩავუჯდე, პიოტრის ჩხუბებს ვუყურო, გარკვეული ცვლილებები შევიტანო და უკეთ მოვემზადო. ეს ჩემი შეცდომაა. პირველი ჩხუბისთვის საშინაო დავალება გავაკეთე და ამიტომაც მოვუგე.
ბოლოს, ალბათ, ზედმეტად კომფორტულად ვიყავი, სათანადოდ არ მოვემზადე და ბრძოლაში ისე მივედი, თითქოს რუს მეტოქესთან უბრალოდ ჩხუბი მინდოდა. ბევრს ვშრომობდი, მაგრამ მხოლოდ ბევრი შრომა საკმარისი არ არის. ჭკვიანურად უნდა იშრომო, მაგრამ ასე ვსწავლობთ. იმედია, შეცდომის გამოსწორებას შევძლებ და შემდეგ ჩხუბს მოვიგებ.
ქამარი დიდად არ მადარდებს. ჩემი ოცნება იყო, UFC-ის ჩემპიონი ერთხელ მაინც გავმხდარიყავი და მე ეს შევასრულე - ქამარი ოთხჯერ მოვიპოვე. ქამარი ყველაფერი არ არის. საწყენი იყო იანთან წაგება. შეიძლება, კარგი მამაა, მაგრამ არ ვთვლი, რომ კარგი ადამიანია, მე კი ასეთ უზრდელ კაცთან წავაგე.
ეს რთული იყო, თუმცა ესეც ცხოვრების ნაწილია, სპორტის ნაწილია. ერთადერთი, რაც ბრძოლის შემდეგ მინდოდა, დედასთვის მიმეწერა, რომ კარგად ვიყავი. ნახავდა, რომ სახე და ცხვირი მქონდა დაზიანებული და მინდოდა მეთქვა, ყველაფერი რიგზე იყო. კი, ემოციური ვიყავი, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის.
იმ საღამოს პიოტრმა მაჯობა. ეს კარგი მოტივაციაა, რომ ბევრი ვიშრომო და შემდეგ ბრძოლაში გამარჯვება მოვიპოვო", - განაცხადა "მანქანამ" არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში.















