პატარა შესავალი — რა ხდება ქართულ MMA-ში
ქართული MMA განვითარებას ახლა იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ორგანიზაციაში - UFC-ში ორი ჩემპიონი გვყავს, ქართული MMA სრული პოტენციალის გამოვლენასთან ახლოსაც არ არის. რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენს ჩემპიონებს უკეთესი მომავლის საპოვნელად და სპორტში წარმატების მისაღწევად ქვეყნის დატოვება მოუწიათ. UFC-ის არცერთი ქართველი მებრძოლი საქართველოში არ ვარჯიშობს. მიუხედავად ამისა, მათი თითოეული ნაბიჯი საქართველოში MMA-ით დაინტერესებულ ყველა ადამიანის მოტივაციის წყაროა. მათმა წარმატებამ ამ სპორტით მეტი ბავშვი დააინტერესა, მეტი დარბაზი შეიქმნა, მეტი შეჯიბრი ტარდება, გაჩნდა მეტი სპონსორი. საბოლოო ჯამში გაჩნდა მუხტი და გადაიდგა პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქართული MMA განვითარდეს.
რატომ უწევდათ წარმატების მისაღწევად ქართველ მებრძოლებს საქართველოდან წასვლა?! შეიცვალა რამე?!
რამდენიმე მიზეზია იმისა, თუ რატომ უწევდათ მებრძოლებს საქართველოდან წასვლა. პირველი ქართველი UFC-ის მებრძოლი, ლევან მაყაშვილი, ამერიკაში დაუმარცხებლად ჩავიდა და ფეხი იქ მოიკიდა. დაახლოებით იმ პერიოდში წავიდა მერაბ დვალიშვილიც. ილია თოფურია, როგორც სპორტსმენად ესპანეთში ჩამოყალიბდა, სადაც კრივსა და ჯიუ-ჯიცუს დაეუფლა - MMA-ის სრულყოფილ მებრძოლად იქცა. გურამ ქუთათელაძე შვედეთში, All-Star-ში ვარჯიშობს და მხოლოდ იქიდან მოახერხა, დიდ ევროპულ ორგანიზაციებში, საბოლოოდ კი UFC-ში მოხვედრა. ლევან ჩოხელმა ვარჯიში საქართველოში დაიწყო, მაგრამ შესაძლებლობები ამერიკაში მიიღო. ამერიკულმა პერიოდმა ის Bellator-ის ვარსკვლავად ჩამოაყალიბა. ზურიკო ჯოჯუა - KSW-ს ქამრის პრეტენდენტი, დღემდე პოლონეთში ვარჯიშობს. გიგა ჭიკაძის - UFC-ში პირველ ქართველი ვარსკვლავის, კომბატსპორტული კარიერა საქართველოს ფარგლებს გარეთ განვითარდა. რომან დოლიძე MMA-ით უკრაინაში დაინტერესდა, პროფესიონალიც იქ გახდა, პიკს კი ამერიკაში მიაღწია. ამ ეტაპზე რომანი ხშირად ცდილობს საქართველოში ყოფნასა და ვარჯიშს, მაგრამ ბრძოლის წინ სათანადოდ მოსამზადებლად აუცილებლად შტატებში ბრუნდება.

უკანასკნელ პერიოდში მერაბმა, ილიამ და სხვა ქართველებმა MMA-ის სამყაროს ჩვენი თავი გააცნო. მხოლოდ მას შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დიდ ასპარეზზე გასვლა საქართველოდანაც ვცადოთ, მაგრამ სერიოზული პრობლემები ისევ სახეზეა. მებრძოლები მიდიოდნენ იმიტომ, რომ საქართველოში კონკურენტული ბრძოლების ჩანიშვნა და ორგანიზება თითქმის შეუძლებელია. საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შანსს მხოლოდ რუსული ორგანიზაციები - M-1 Global და Fight Night Global იძლეოდნენ, ახლა ეს ორგანიზაციები ასევე რუსულმა ACA-მ ჩაანაცვლა. რუსული სივრციდან UFC-მდე ან სხვა მაღალი რანგის გამართულ პრომოუშენამდე გზა ძალიან რთული, ხშირად უსამართლო და უიმედოა.
დამოუკიდებლად, მხოლოდ საქართველოში უმაღლესი დონისთვის შესაფერისი მომზადების გავლა რთულია. კი, ჭიდაობის კარგი ბაზა გვაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ დგომის საჭიდაო დისციპლინებით შემოიფარგლება. მაგრები ვართ ჯუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, ბერძნულ-რომაულში, მაგრამ ჯიუ-ჯიცუსა და გრეპლინგზე ბევრი არაფერი ვიცით.
საქართველოში არ არის საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური კადრი. ეს ცალკე პრობლემაა, რადგან ისეთ არსებით საკითხებზე, როგორებიცაა წონის სწორი კლება, კვების რაციონი, დილისა თუ საღამოს ვარჯიშების ეფექტური პროგრამები - საკმარისი ცოდნა არ არსებობს.
საქართველოში არ არის საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური კადრი. ეს ცალკე პრობლემაა, რადგან ისეთ არსებით საკითხებზე, როგორებიცაა წონის სწორი კლება, კვების რაციონი, დილისა თუ საღამოს ვარჯიშების ეფექტური პროგრამები - საკმარისი ცოდნა არ არსებობს.
პოტენციალი უსაზღვრო გვაქვს, მაგრამ ქართველი მებრძოლების პრობლემა ხშირად ის იყო, რომ მეტოქის მიწაზე მარტივად გადაყვანის შემდეგ მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთით მარცხდებოდნენ, რადგან მიწაზე/ტატამზე ჭიდაობა არ ვიცოდით. გარდა ამისა, სავარჯიშო დარბაზებში ხშირად არ იყო MMA-ის გალია. გალიასთან კონტროლი და ჭიდაობა ცალკე სპორტიც შეიძლება იყოს - იმდენად კომპლექსური კომპონენტია. ამას ვერც თავისუფალ და ვერც სხვა სტილის ჭიდაობაში ვერ ისწავლი. ასევეა ჯიუ-ჯიცუშიც.
საქართველოში MMA ძალიან ღარიბია. ქვეყანაში დღემდეა ისეთი დარბაზები, სადაც, სამწუხაროდ, საშუალება არ აქვთ, რომ უსაფრთხო ვარჯიშისთვის რბილი კედელი ჰქონდეთ. არასაკმარისი ფინანსები ყველაზე მკვეთრად მებრძოლთა ჰონორარზე აისახება. უმეტეს შემთხვევაში მებრძოლები არათუ უფასოდ იბრძვიან, არამედ თავად უწევთ ე.წ საწევრო გადასახადის გადახდა, ბრძოლის შემდეგ კი რამდენიმეთვიან მკურნალობის კურსს საკუთარი ხარჯებით გადიან.
მე თვითონ მაქვს უფასოდ ბრძოლა ჩატარებული. მაშინ ხელი მოვიტეხე. რეაბილიტაციის ხარჯების დასაფარად თანხის მოძიება დამოუკიდებლად მომიწია. ეს ყველაფერი ჯამში კი ითარგმნება, როგორც დაუფასებლობა. უიმედო გარემოს მებრძოლი ხშირად ნებდება, აქტიურ სპორტს თავს ანებებს. საუკეთესო შემთხვევაში ათლეტები კარიერის განსავითარებლად საქართველოს ტოვებენ და მსგავსი პრობლემებისგან დაცლილ, სტაბილურ და ინკლუზიურ ევროპულ ქვეყანაში ან ამერიკაში მიდიან, თუმცა ასე მხოლოდ ერთეულებს უმართლებს.
რა იცვლება და რატომ გადაიდგა პირველი წარმატებული ნაბიჯები MMA-ში?
ელიტარულმა ქართველმა მებრძოლებმა ამერიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან დიდი მოტივაცია და მუხტი მოგვცეს, თუმცა არის სხვა, ხელშესახები მიზეზები, რომლებზე საუბარიც დღევანდელ კონტექსტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ, ქართველი მებრძოლებისთვის უამრავი შესაძლებლობის კარი გაიხსნა. მართალია, ვიზალიბერალიზაციის მიუხედავად, UFC-ში ქართველების წარმატებამდე ევროპაში ბრძოლას მხოლოდ რამდენიმე მებრძოლი ახერხებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც MMA-ის სამყარომ საქართველო სპორტის რუკაზე აღმოაჩინა, ევროპული ორგანიზაციების ქართული ბაზრისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.

ესპანეთის, შვედეთის, ფინეთის, ჩეხეთის, გერმანიისა და პოლონეთის ისეთ ორგანიზაციები როგორებიცაა: BRAVE CF, FCR, Cage Warriors, OKTAGON, KSW, FEN და არაერთი სხვა, ღირსეული პრომოუშენებია, მუშაობენ ისე, როგორც ეს ხარისხისთვის არის აუცილებელი - პროფესიონალურად. იქ მებრძოლი თავს დაფასებულად გრძნობს, მისი ინტერესები გათვალისწინებულია. ეს ორგანიზაციები ევროპულ სივრცეში ოპერირებენ, იქაურ სამუშაო ეთიკაზე არიან მორგებულნი, შესაბამისად სამართლიანობა, პატივისცემა და სპორტული პრინციპების ერთგულება მათთვის ჩვეული რამაა. საქართველოსთან შედარებით სხვაობაა ნათელია, რუსეთთან დრამატული.
რა მოხდება თუ საქართველო - ქართული MMA ევროპულ სივრცეს მოწყდება?
ევროპისგან კარმოხურული ქართული MMA სპორტის გლობალური ქსელისგან გაითიშება. უცხოური ორგანიზაცია, რომელიც ქართველი მებრძოლებისთვის გარკვეული ტიპის ფინანსურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს მხოლოდ რუსული ACA იქნება - რამზან კადიროვის ორგანიზაცია. რუსეთში ბრძოლას, იქ მათი მებრძოლის დამარცხებასა და ქართული დროშის სიამაყით აფრიალებას ცალკე გამბედაობა სჭირდება და კმაყოფილების წყაროც შეიძლება გახდეს, თუმცა სპორტული და საზოგადოებრივი თვალსაზრისით ეს ტრაგედიაა - ქართული MMA-ის პოტენციალი სხვაგვარ განვითარებას იმსახურებს.
კიდევ - გრძელვადიან პერსპექტივაში UFC-მდე, Bellator-მდე ან სხვა ელიტარულ ორგანიზაციებამდე ყველაზე გზა, ფაქტობრივად, ჩაიხერგება, რადგან შესაბამის დონემდე განსავითარებლად ქართველ მებრძოლებს ასპარეზი აღარ ექნებათ.
ანუ რა მოხდება?! - ვბრუნდებით იქ საიდანაც დავიწყეთ. ზემოთ ჩამოთვლილ მოვლენათა ჯაჭვმა მოჯადოებული წრის გარღვევის შესაძლებლობა მოგვცა, თუმცა განვითარების გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯები, ჩადებული ენერგია, რაც პროცესის დასაძრავად გავიღეთ ამაო ხდება. ქართველი მებრძოლებისადმი ახალგაჩენილი ინტერესი გაქრება - უბრალოდ, მარტივად. ქართველი მებრძოლების პერსპექტივას, მოხვდნენ UFC-ში და სხვა დიდ ორგანიზაციებში, დიდი ზიანი მიადგება. სპორტის ფინანსური უზრუნველყოფისთვის მძიმე ბრძოლაც კრახით დასრულდება. კომერციული პოტენციალისგან განძარცვულ მებრძოლში ფულის დაბანდებას არავინ მოისურვებს. სპონსორული ურთიერთობები განადგურდება.
თუ ვინმე იფიქრებს, რომ მებრძოლები ამგვარი პოლიტიკური ცვლილების ეფექტს უმტკივნეულოდ გადაიტანენ და ევროპულ ორგანიზაციებში მაინც მოხვდებიან - გეტყვით, რომ ცდებით.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უამრავ ტექნიკურ და ბიუროკრატიულ პრობლემას ავტომატურად აგვარებს. ვიზის აღება და საბუთების მომზადება რთული პროცესია, ფინანსურ რესურსს მოითხოვს და დრო სჭირდება. ამ ხარჯებს ორგანიზაციები არ უზრუნველყოფენ - განსაკუთრებით განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფი მებრძოლებისთვის. ამ დონეზე პრომოუშენებს ალტერნატივის მოძებნა ისეთ მებრძოლებთან უღირთ, რომელთა ქვეყნები ორგანიზაციულ საკითხებში დამატებით პრობლემას არ ქმნიან. ამას ყველაზე მონდომებული, თავდადებული მებრძოლიც ვერ გაუმკლავდება. სამწუხაროდ, ხარჯის საკუთარ თავზე აღება და რისკის გაწევა ქართველ მებრძოლს ბევრით ვერაფრით დაეხმარება. დრო ძვირად ფასობს. ვიზის მოლოდინში ორგანიზაცია დროს ვერ დაკარგავს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არის შანსი, რომ პასუხი, უბრალოდ, უარყოფითი იყოს.
საქართველო ახლა ისტორიულ გზაგასაყარზე დგას. არჩევანი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს ყველა სფეროში ცვლილებებს გამოიწვევს. ორ მიმართულებას შორის განსხვავება მკაფიო, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია. რა სჯობს საქართველოსა და ქართული MMA-სთვის — ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია.















